Aine Merme-ს სადებიუტო  EP

„ალბომს ორი სახელი აქვს. ერთი მის შინაარსობრივ ნაწილს პასუხობს, მეორე – ფორმას: Dreams Unseen [Guitar’s not dead]“ – Aine Merme
Aine Merme FKA Natuka Natsvlishvili ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
Aine Merme FKA Natuka Natsvlishvili

„მთავარია, ტექსტებიც და მუსიკაც გამომზეურდეს და მერე ის გზას ყოველთვის თავისით ირჩევს.“ – ამბობს Aine Merme, კაბის შრიალით ტრიალდება და მიდის. –  ასე წარმომიდგენია ამ ინტერვიუს დასასრული, რომელიც ნატუკა ნაცვლიშვილის, იგივე Aine Merme-ს სადებიუტო, ოთხკომპოზიციან EP-ის ეხება. ალბომის სახელწოდება ავტორმა შინაარსისა და ფორმის მიხედვით განსაზღვრა და მას – Dreams Unseen [Guitar’s not dead] ჰქვია.

Aine Merme  მუსიკოსის, სიმღერების ავტორისა და მწერლის, ნატუკა ნაცვლიშვილის სასცენო სახელია. მუსიკით ადრეულ ასაკში დაინტერესდა, როცა 14 წლისამ ხელში გიტარა აიღო და თბილისური პანკ-მუსიკის იმდროინდელ გარემოცვაში აღმოჩნდა. ნატუკას  მუსიკა, ატიპიური შესრულების მანერა და სტილი ხშირად არღვევს სიმღერის კლასიკურ სტრუქტურას და ინსტრუმენტული მუსიკის შესაძლებლობებს სხვადასხვა ეპოქის ჟანრების მიჯნაზე იკვლევს. 

Aine Merme FKA Natuka Natsvlishvili

ნატუკა ნაცვლიშვილი იყო პოსტ-პანკ ბენდ EVA-სა და Kung Fu Junkies-ის ბას-გიტარისტი. 17 წლის ასაკიდან არტისტი  საავტორო მუსიკას ქმნიდა. Aine Merme-ს კოლაბორაციები ჰქონდა ბენდებთან Lady Heroine, Milligan Project, Moku Moku.

1 ოქტომბერს კი Aine Merme-ს სადებიუტო ალბომი Dreams Unseen [Guitar’s not dead] გამოიცა, რომელიც  შექმნილია ნიკა გაბაძესთან, ხატია ქორიძესთან, დანიელ ადიკაშვილთან და გიორგი სამსონაძესთან თანამშრომლობით.

წაიკითხეთ Aine Merme-ს ინტერვიუ ბილბორდ საქართველოსთან:

მოგვიყევი შენს სადებიუტო ალბომზე. როგორ გაჩნდა ამ ალბომის შექმნის იდეა და რა არის მისი ძირითადი კონცეფცია?

Aine Merme:

„როგორც ყოველთვის, ახლაც ბუნდოვნად მახსოვს უშუალოდ წერის მომენტები. კოვიდის პერიოდში მუსიკის ისტორიის სწავლა გადავწყვიტე და რამდენიმე თვე მხოლოდ შუა საუკუნეების მუსიკას ვუსმენდი. მაშინ დამაინტერესა ინტერვალებით დაკვრამ და ეს ოთხი სიმღერა, პრინციპში, ამ დროს დაიწერა. მეოთხეს დაწერის შემდეგ მივხვდი, რომ ამბავი დასრულებული იყო და გავჩერდი. რაც შეეხება კონცეფციას, მთავარი, რაც ოთხივე სიმღერას აერთიანებს, ალბათ ისაა, რომ გიტარისთვის არის დაწერილი, ამ ინსტრუმენტის შესაძლებლობების კვლევას და წარმოჩენას ცდილობს.“

Aine Merme მუსიკას აკუსტიკური გიტარისთვის წერს, რითაც პრინციპულად ცდილობს გამოხატოს ინსტრუმენტული მუსიკისადმი მხარდაჭერა:

„ბოლო დროს მუსიკის წერის  პროცესი კიდევ ერთხელ შეიცვალა. შევამჩნიე, რომ „მუსიკას მუსიკისთვის“ ვწერ და ეს თამაში საინტერესოსთან ერთად ძალიან სასიამოვნოც არის. თემები კონკრეტიკისგან დაიცალა და უფრო ზოგადი გახდა, ვიდრე მანამდე. უბრალოდ, დაკვრის პროცესს მივყვები ხოლმე და თუ რომელიმე ფრაგმენტმა ან თუნდაც ბგერათა შეთანხმებამ დამაინტერესა, მივყვები. ტექსტს ბოლოს ვწერ და აქაც ვცდილობ მინიმალურად „ჩავერიო“.

რა არის ის ცენტრალური თემა, რომელიც ამ ალბომში დევს? მსმენელისთვის რა გზავნილი გაქვს?

„ისევე, როგორც სათაურებს, თვითონ EP-საც ორგვარი სათქმელი აქვს.  სიმღერების ტექსტები (შინაარსი) აბსტრაქტული ლოცვებია, რომლებიც, როგორც ჩანს, ჩემს ასევე დაუკონკრეტებელ მიმართებას აღწერს სხვადასხვა ზოგადი და ამიტომ მოუხელთებელი საკითხისადმი. ეს შრე ფიქრის ნაკადივით აბურდული და გაუგებარია, ამიტომ მხოლოდ ინტუიციურ წვდომას ექვემდებარება და იმ სიზმარივით სუსტ ანაბეჭდს ტოვებს ცნობიერებაზე, რომელიც იცი, რომ ნახე, მაგრამ არ გახსოვს. აქვეა მეორე შრეც – სტრუქტურა, ფაქტურა და მუსიკალური შემადგენლობა (ფორმა), რომელიც აშკარად და გარკვევით ამბობს, რომ გიტარა ცოცხალია, ინსტრუმენტულ მუსიკას თავი არ ამოუწურავს და შეგვიძლია ახალი პერსპექტივები არა არსებული ქარგების სრულად დაშლით, არამედ მათი საზღვრების გადაადგილების გზით აღმოვაჩინოთ.“

ალბომზე მუშაობის პროცესი როგორი იყო? ვინ არიან შემოქმედებით პროცესში ჩართული? 

„მუშაობა ძალიან დიდხანს გაგრძელდა. სხვადასხვა ფაქტორი გვაფერხებდა, ვჩერდებოდით და მერე ისევ ვაგრძელებდით. ჩემთან ერთად უკრავდნენ ნიკა გაბაძე, ხატია ქორიძე, დანიელ ადიკაშვილი და გიორგი სამსონაძე – ის მუსიკოსები, ვისაც ეს ფაქიზი შინაარსები თავისუფლად ვანდე და რომლებმაც თავისი თანმხვედრი შინაარსებით დახუნძლეს მუსიკა. მერე სანდრო კვაჭაძე მოვიდა და ერთ დღეში თავისი ხმა შეუერთა ამ ნაკადს, რამაც სულ სხვა ელფერი შემოიტანა და ბოლოს, თორნიკე გველესიანმა ჩემთან უდიდესი ბრძოლა გადაიტანა და მიქსინგ-მასტერინგის პროცესში საოცარი მედეგობით დაიცვა რამდენიმე ფანტასტიკური იდეა. ალბომის ყდა საბა შენგელიამ გადაიღო. ასევე, ალბომს მოყვება 4 პატარა ვიდეო: მათგან სამი ასევე საბა შენგელიას გადაღებულია, ხოლო მეოთხე – ტატა ბახტურიძის.“

Aine Merme FKA Natuka Natsvlishvili

ცოტა ხნის წინ Aine Merme-ს (ნატუკა ნაცვლიშვილის) სადებიუტო წიგნი „ეუარა” გამოვიდა, რომელიც ლიტერატურული პრემია „საბას“ 2024 წლის ე.წ. შორთლისტში დასახელდა. Aine Merme-ს შემოქმედებითი ნაწილის გაგრძელება კი სწორედ ეს ახალი EP  Dreams Unseen [Guitar’s not dead] გახლავთ. არტისტის თქმით:  „მთავარია, ტექსტებიც და მუსიკაც გამომზეურდეს და მერე ის გზას ყოველთვის თავისით ირჩევს.“

Aine Merme-ს  სადებიუტო EP 1 ოქტომბერს გამოვიდა, 4 ოქტომბერს,  Mutant Radio-ში არტისტის ალბომის პრეზენტაცია შედგება. 

მოისმინეთ Aine Merme-ს Dreams Unseen [Guitar’s not dead]

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრიტნი სპირსი საკუთარ სახლში გაჩენილი ხანძრის შემთხვევას იხსენებს

შემდეგი სტატია

უენდი უილიამსი Diddy-ს საქმეზე დუმილს არღვევს: „ეს უბრალოდ დროის საკითხია”

შეიძლება დაგაინტერესოთ

გრემის წლის კომპოზიტორის ნომინაცია აქამდე ქალს არ მოუგია – იქნება თუ არა წლევანდელი დაჯილდოება ამის პრეცედენტი?

ნახეთ იმ ქალების ჩამონათვალი, რომლებმაც სხვადასხვა დროს პირველად მოიგეს სხვა საკომპოზიტორო კატეგორიები.
მეტი

არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები – კლუბში KHIDI აუდიო-ვიზუალური ღონისძიება გაიმართება

აუდიო-ვიზუალური ღონისძიებების სერიას პლატფორმა „მექანიკური ტალღები” სეზონურად წარადგენს.
მეტი

60 წლის იუბილესთან დაკავშირებით Doors ახალ გამოცემებს, საარქივო წიგნს და სხვა მრავალ სიახლეს აანონსებს

2025 წლის დასაწყისში ბრიტანული გამომცემლობის მიერ მომზადებული 344-გვერდიანი წიგნი Night Divides the Day გამოვა.
მეტი