ბიონსე გრემის ნომინაციების ახალ რეკორდს ამყარებს 

მეორეადგილოსანთა შორის არიან ტეილორ სვიფტი და კენდრიკ ლამარი.
ბიონსე
Mason Poole

2025 წლის გრემის დაჯილდოების ნომინაციების სათავეში ბიონსეა 11 ნომინაციით, რაც მისი, როგორც ქალი არტისტის, ახალი რეკორდია. მანამდე ბიონსე ერთ ცერემონიაზე მიღებული 10 ნომინაციით რეკორდს ლორინ ჰილთან იზიარებდა, რომელიც ამავე რაოდენობის კატეგორიაში 1999 წლის დაჯილდოებაზე იყო წარდგენილი. რაც შეეხება ბიონსეს, მან 10 ნომინაცია 2010 წლის გრემიზე მოიპოვა. ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა, როცა ბიონსე გრემის ნომინაციებში ლიდერობს. წლევანდელი 11 კატეგორიის დამატებით კი მისი ნომინაციების ჯამურმა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს – 99-ს მიაღწია. მანამდე პოპვარსკვლავი რეკორდს საკუთარ მეუღლესთან, ჯეი-ზისთან 88 ნომინაციით იზიარებდა.

კატეგორიებში წელს შვიდ-შვიდი ნომინაციით მეორე ადგილზე არიან Charli XCX, ბილი აილიში, კენდრიკ ლამარი და პოსტ მელოუნი. საბრინა კარპენტერი, ჩეპელ როუნი და ტეილორ სვიფტი კი ექვს-ექვსი ნომინაციით მესამე ადგილს იკავებენ. 

გრემის 67-ე დაჯილდოებისთვის ახალი რეკორდები კიდევ არაერთმა არტისტმა დაამყარა. 

სვიფტის The Tortured Poets Department წლის ალბომის ნომინაციაში დასახელდა, რამაც მომღერალი ბარბრა სტრეიზანდზე წინ წასწია და ამ კატეგორიაში ყველაზე ბევრჯერ დასახელებული ქალი არტისტი გახადა. 

ამავე კატეგორიაშია წარდგენილი ბიონსეს Cowboy Carter, რითაც ის ხდება წლის ალბომისთვის ყველაზე ბევრჯერ ნომინირებული შავკანიანი სოლო არტისტი. მანამდე ბიონსე ამ წოდებას კანიე უესტთან და კენდრიკ ლამართან იზიარებდა. 

კენდრიკ ლამარის Not Like Us წარდგენილია წლის ჩანაწერისა და წლის სიმღერის კატეგორიებში, რითაც ის უთანაბრდება ჯეი-ზის, რომელიც აქამდე ყველაზე მეტჯერ იყო წარდგენილი აღნიშნულ კატეგორიებში, როგორც რეპერი. 

წლის ჩანაწერის ნომინაციაში ასევე წარდგენილია The Beatles-ის Now and Then, რითაც ჯგუფი ამ კატეგორიის ყველაზე ხანგრძლივი, 60-წლიანი ნომინანტი ხდება. პირველად ისინი 1956 წელს წარადგინეს სიმღერით I Want to Hold Your Hand. ოთხეულმა სულ მცირედით გაასწრო წინა რეკორდსმენს და ამ კატეგორიის უხუცეს ნომინანტს ტონი ბენეტს, რომელიც წლის ჩანაწერის ნომინაციაში 59 წლის განმავლობაში სახელდებოდა, დაწყებული 1963 წლის გამარჯვებული სიმღერით I Left My Heart in San Francisco, დასრულებული 2022 წელს წარდგენილი მისი და ლედი გაგას დუეტით I Get a Kick Out of You.

2025 წლის გრემის ნომინაციებში დიდი დოზით არიან წარმოდგენილი ქალი არტისტები. ქალმა სოლო არტისტებმა აიღეს რვიდან ექვსი ადგილი როგორც წლის ალბომის, ასევე წლის ჩანაწერის ნომინაციაში. ქალი კომპოზიტორები იკავებენ ხუთიდან ოთხ ადგილს წლის კომპოზიტორის კატეგორიაში. ხოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად, წლის პროდიუსერის ნომინაციაში ქალი პროდიუსერიც დასახელდა. ალისია ამ კატეგორიის მეცხრე ქალი ნომინანტია და პირველია 2019 წელს წარდგენილი ლინდა პერის შემდეგ.

იგივე სურათია ჟანრობრივ კატეგორიებშიც. საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომისა და პოპ სოლო შესრულების ნომინაციაში წარდგენილი ხუთივე ნომინანტი ქალია. ქალები ლიდერობენ R&B შესრულებისა და ალტერნატიული მუსიკალური ალბომის ნომინაციებშიც. 

რაც შეეხება მთავარ კატეგორიებს, წლის ჩანაწერის ნომინაციაში ბიონსესთვის ეს მეცხრე დასახელებაა, რაც კიდევ უფრო ამყარებს აღნიშნულ კატეგორიაში მის რეკორდს. მან ჯერ კიდევ ორი წლის წინ გაუსწრო ამ ნომინაციის წინა რეკორდსმენ ფრენკ სინატრას. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბიონსეს წლის ჩანაწერის ნომინაცია არასდროს მოუგია. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ Texas Hold ’Em ამ ნომინაციაში წარდგენილი პოკერის თემაზე შექმნილი პირველი სიმღერა არ არის. 1980 წელს ამავე კატეგორიაში კენი როჯერსის The Gambler იყო დასახელებული.

ამავე ნომინაციაში უკვე მეექვსედ სახელდება სვიფტი, ხოლო მეოთხედ – პოსტ მელოუნი. ბილი აილიშისთვის კი ეს მეხუთე წარდგენა იქნება, რითაც ის გახდა პირველი არტისტი გრემის ისტორიაში, რომელმაც წლის ჩანაწერის ხუთი ნომინაცია 23 წლის ასაკამდე მოიპოვა.

თავისივე რეკორდის მომხსნელი მერვე ნომინაცია მიიღო ტეილორ სვიფტმა წლის სიმღერის კატეგორიაში. თუმცა, როგორც წლის ჩანაწერის შემთხვევაში ბიონსეს, სვიფტსაც არასდროს მოუგია წლის სიმღერის კატეგორია. 

წლის სიმღერის ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებენ ბიონსე და ბრუნო მარსიც, რომლებისთვისაც აღნიშნულ კატეგორიაში ეს მეექვსე წარდგენაა. ამით შედეგით კი ისინი უტოლდებიან პოლ მაკარტნისა და ლაიონელ რიჩის და მეორე ადგილს იკავებენ ტეილორ სვიფტის შემდეგ. რაც შეეხება ბრუნო მარსის Die With a Smile-ს, ჯილდოზე სიმღერის ხუთივე თანაავტორია წარდგენილი, მათ შორის – ლედი გაგაც. 

წლის სიმღერის ნომინაციაში მეხუთედ დასახელდნენ ბილი აილიში და ფინეასი. ეს კატეგორია მათ უკვე ორჯერ აქვთ მოგებული სიმღერებისთვის Bad Guy და What Was I Made For.

16 გრემის მფლობელი ალიშა კისი და 12 გრემის მფლობელი ჯონ ლეჯენდი პირველად არიან დასახელებული მთავარ კატეგორიებში. კისი ნომინირებულია საუკეთესო მიუზიკლის ალბომისთვის Hell’s Kitchen, ხოლო ლეჯენდი წარდგენილია საუკეთესო საბავშვო ალბომისთვის My Favorite Dream.

2025 წლის გრემის დაჯილდოების საბოლოო ხმის მიცემა 12 დეკემბრიდან 3 იანვრამდე შედგება. გრემის 67-ე ცერემონია კი ლოს-ანჯელესში 2 თებერვალს გაიმართება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კენდრიკ ლამარი გრემის დაჯილდოებაზე რეპ კატეგორიებში 7 ნომინაციით ლიდერობს

შემდეგი სტატია

MTV EMA-ზე ლიამ პეინის ხსოვნას პატივი მიაგეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარი Coachella-ს ფესტივალზე, 2017 წლის 16 აპრილი. ფოტო კევინ უინტერი

ბილბორდის „უდიდესი პოპ ვარსკვლავები“: 2017 წელს ედ შირანმა და კენდრიკ ლამარმა აჩვენეს, თუ როგორ  შეიცვალა დროთა განმავლობაში მონოკულტურა

ბილბორდის სტატიათა სერიის „წლის უდიდესი პოპ ვარსკვლავების" ფარგლებში, 2017 წელს ედ შირანისა და კენდრიკ ლამარის პოპულარობამ პიკს მიაღწია, რამაც ნათლად წარმოაჩინა პოპ-კულტურის მრავალფეროვნება
მეტი

მანანა მენაბდემ და გორის ქალთა გუნდმა მსმენელს დები იშხნელების მუსიკალური საღამო წარუდგინეს

კონცერტი დები იშხნელების შემოქმედების 100 წლის იუბილეს სიმბოლურად გამოეხმაურა.
მეტი
წინანდლის პრემია

2024 წლის „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების ცერემონია 12 დეკემბერს გაიმართება

ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის” ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების რვა დარგში 2024 წლის ნომინანტები გამოავლინა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 3 – რიანა

მას შემდეგ, რაც თინეიჯერობის ასაკში ბარბადოსიდან აშშ-ში ჩავიდა, რიანამ სწრაფად შეძლო თავის დამკვიდრება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ჰიტმეიკერი, მომხიბლაობის სიმბოლო და ნოვატორი ფიგურა თანამედროვე პოპისტორიაში.
მეტი

SZA მსმენელებს წლის ბოლოს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს ჰპირდება

ამ განცხადებამდე დღეებით ადრე British Vogue-ისათვის მიცემულ ინტერვიუში არტისტმა გაამხილა, რომ ორი პროექტი აქვს მზად გამოსაშვებად.
მეტი