ინდი-MIND – ახალი პროექტი, რომელიც ქართველ მუსიკოსებს აუდიტორიის წინაშე განსხვავებული ფორმატით წარადგენს

თითოეულ ეპიზოდში ერთმანეთს ენაცვლება არტისტთან ინტერვიუ და ლაივ სესია მცირერიცხოვანი აუდიტორიის თანხლებით სრულდება.
Duo Records, ინდი-Mind

დაახლოებით ორი თვეა, რაც ხმის ჩამწერმა კომპანია DUO Records-მა ახალი მუსიკალური მედია პროექტი „ინდი-MIND” წარადგინა. „ინდი-MIND”-ის თითოეული ნაწილი ეძღვნება ქართული მუსიკალური სცენის წარმომადგენელ ერთ ჯგუფსა თუ არტისტს. თითოეულ ეპიზოდში ერთმანეთს ენაცვლება არტისტთან ინტერვიუ და ლაივ სესია, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის DUO Records-ის სტუდიაში, მცირერიცხოვანი აუდიტორიის თანხლებით სრულდება. პროექტის პრემიერა კვირაობით, „მთავარი არხის“ ღამის ეთერში იმართება და ამავდროულად ვრცელდება ინტერნეტში – სოციალური მედიის არხებსა და YouTube-ზე. 

„ინდი-MIND”-ის შესახებ Billboard Georgia ესაუბრა DUO Records-ის თანადამფუძნებელ გია ქარჩხაძეს.

გია ქარჩხაძე: 

„ეს პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე ორიგინალური ქართული მუსიკის პოპულარიზაციას და მისი ძირითადი სამიზნე აუდიტორია ახალგაზრდა თაობაა. „ინდი-MIND”-ში ვიწვევთ როგორც მაყურებლისთვის უკვე ცნობილ, ასევე შედარებით უცნობ არტისტებს და საშუალებას ვაძლევთ, გამოხატონ თავი არა სცენიდან, არამედ მაყურებელთან ახლოს. ეს მეთოდი, რომელიც მსოფლიოში ბევრგანაა აპრობირებული, იძლევა ძალიან საინტერესო შედეგს, ისეთს, როგორსაც არ იძლევა არც სტუდიური ალბომი, არც კლასიკური სცენური ლაივი. ეს საბოლოოდ არტისტს რელიეფურად წარმოაჩენს, ხოლო ინტერვიუები, რომლებიც უშუალო და ცოცხალია, მსმენელს აძლევს საშუალებას, არტისტის შემოქმედებით სამზარეულოში შეიხედოს და ბევრი ისეთი რამ გაიგოს თანამედროვე მუსიკის შექმნის შესახებ, რომელზეც აქამდე არც კი უფიქრია.”

როგორც გია ქარჩხაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, ინდი-MIND-ის იდეა 2024 წლის დასაწყისში კონკრეტული შემთხვევის შემდეგ გაჩნდა. 

„ჯგუფს On The Road, რომელიც მუდმივად Duo Records-ში წერს მუსიკას, შევთავაზეთ, რომ გაგვეკეთებინა კონცერტი სტუდიაში, მცირერიცხოვანი აუდიტორიისათვის, სტუდიური ჩაწერით და ვიდეო გადაღებით. შედეგი იმდენად კარგი გამოვიდა, რომ მივხვდით, ეს მხოლოდ ერთი ბენდის ლაივი არ იყო, ეს იყო ფორმატი, რომელსაც ვრცელი პროექტის სახე შეიძლებოდა მისცემოდა. ამ იდეით დავუკავშირდით „მთავარ არხს“, რომელსაც ასევე ძალიან მოეწონა ეს ფორმატი, და ამგვარად შედგა კოლაბორაცია. აღსანიშნავია, რომ პროექტის ვიზუალურ მხარეზე მუშაობენ სტუდენტები, რომელთა ხედვა და ხელწერაც კიდევ უფრო განამტკიცებს პროექტის სათაურში ჩადებულ „ინდი“ კონცეფციას.”

„ინდი-MIND”-ის პროექტში მოსახვედრად არტისტი თუ ბენდი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.  პირველ რიგში, ის თავისი შემოქმედებით უნდა იყოს საინტერესო და ინდივიდუალური. სტილისტიკა თუ ჟანრობრივი მიმართულება შერჩევისას განმსაზღვრელი ფაქტორი იმდენად არ არის, რამდენადაც არტისტის თვითგამოხატვის სინამდვილე და გულწრფელობა. პროექტის შემქმნელებისათვის არც მუსიკოსის ასაკი, გამოცდილება და ნამუშევრების რაოდენობაა გადამწყვეტი, მთავარია, ის იყოს თანამედროვე, ჟღერდეს თანამედროვედ და პასუხობდეს დღევანდელი ახალგაზრდა გემოვნებიანი მსმენელის მუსიკალურ ინტერესებს. 

იქიდან გამომდინარე, რომ ქართული მუსიკის პოპულარიზაციისათვის არც ისე ბევრი ხარისხიანი პლატფორმა არსებობს, „ინდი-MIND”-ის გამოჩენა კიდევ ერთ ახალ შესაძლებლობას ქმნის არტისტებისათვის. როგორც გია ქარჩხაძე გვიყვება, მუსიკოსები დიდი ინტერესით და ენთუზიაზმით თანამშრომლობენ პროექტთან. „ინდი-MIND”-ს და მისდამი ნდობას ხარისხიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. 

გია ქარჩხაძე: 

„ძალიან მიხარია, როცა მათგან ვიღებ ისეთ შეფასებებს, როგორიცაა „ერთ-ერთი საუკეთესო ჩანაწერი გამოვიდა…“, ან „მართლა არ ველოდი, ისეთი კარგია…“. ასეთივეა მაყურებლის რეაქციებიც, როცა გვწერენ ან პირადად გვეუბნებიან, რომ ესა თუ ის არტისტი არ იცოდნენ და ამ ჩანაწერით „აღმოაჩინეს“. ამ დროს ვრწმუნდებით, რომ სწორ გზაზე ვართ და პროექტი შედგა. ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ პროექტი უნდა გაღრმავდეს და კიდევ უფრო დაიხვეწოს. ფორმატი, რა თქმა უნდა, უცვლელი დარჩება. საინტერესო არტისტები ნამდვილად ბევრი გვყავს და ახლებიც მუდმივად ჩნდებიან, ასე რომ, ვფიქრობთ, ბევრი სასიამოვნო სიახლის მოწმეები გავხდებით.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

საქართველოს წარმონადგენელი ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია

შემდეგი სტატია

ბეტი უაითი, 2015 წლის 20 ივნისს, ლოს-ანჯელესი ამანდა ედვარდსი/WireImage

ბეტი უაითის პატივისცემის ნიშნად საფოსტო მარკას გამოუშვებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Torcho-მ რეპერ „შავ ბორშთან“ ერთად ჩაწერილი ტრეკი – „ბოლომდე“ გამოუშვა

Torcho მალე მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებითაც წარდგება – მისი პირველი კონცერტი 14 აგვისტოს კუს ტბაზე გაიმართება.
მეტი

Passage: A Spiritual Odyssey – საერთაშორისო სცენაზე წარმატებული პიანისტის, სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომს ფრანგული ლეიბლი გამოსცემს

Billboard Georgia-მ სალომე ჟორდანიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც პიანისტი თავის შემოქმედებით კარიერაზე და დაანონსებულ ალბომზე გვესაუბრება.
მეტი
ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი