Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.

უილ სმითის რომანტიკული კომედია Hitch კომერციულად წარმატებული ფილმი იყო, მაგრამ როგორც რეჟისორი ენდი ტენანტი აცხადებს, 2005 წლის კინოსურათის გადაღებები მარტივი არ ყოფილა.  

Business Insider-თან ინტერვიუში ტენანტმა გაიხსენა, რომ სმითს შემოქმედებითად ვერ ეწყობოდა, რადგან მათ ფილმთან მიმართებაში განსხვავებული ხედვები ჰქონდათ.  

„ჩვენ სირთულეები გვქონდა. ფილმი, რომელიც მე მინდოდა გადამეღო და ფილმი, რომელიც უილს სურდა გადაეღო – არცერთი მათგანი ისეთი კარგი არ იქნებოდა, როგორც ის, რაც ერთად შევქმენით. ეს ნამდვილი ბრძოლა იყო.”  

ტენანტის თქმით, გადაღებების დაწყებამდე სამი დღით ადრე, სმითს ფილმის გადადება სურდა. „ის სთხოვდა სტუდიას, რომ სცენარზე მეტი ემუშავათ,” – განმარტა რეჟისორმა და აღნიშნა, რომ მსახიობმა ბოლო მომენტში კინაღამ დატოვა პროექტი. თუმცა, ტენანტმა ხაზი გაუსვა, რომ ჯადა პინკეტ სმითმა სიტუაციის განეიტრალება შეძლო. „ჯადა ძალიან დაგვეხმარა,” – აღნიშნა ტენანტმა და  გაამხილა, რომ ჯადა მის მხარეს იყო.

მიუხედავად კულისებს მიღმა არსებული დაძაბულობისა, Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება. 

ახლა, თითქმის ორი ათეული წლის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ  სმითი  ფილმის გაგრძელებაზე მუშაობს, მაგრამ ამჯერად ტენანტის გარეშე. „ამის შესახებ სამი თვის წინ გავიგე,“ – განაცხადა რეჟისორმა. „თავში უკვე მქონდა იდეა სიქველისთვის, მაგრამ როცა Sony-ს ერთ-ერთ აღმასრულებელს ვესაუბრე, მითხრა, რომ უილის პროდიუსერული კომპანია უკვე ამზადებდა გაგრძელებას.“ 

სმითს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი Hitch 2-ის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავისათვის 2025 წელი დატვირთული პერიოდი იქნება. კინოინდუსტრიაში დაბრუნებასთან ერთად, ის 20-წლიანი პაუზის შემდეგ პირველ ალბომს გამოუშვებს.ალბომი, სახელწოდებით Based on a True Story მარტში გამოვა. 

გასული წლის განმავლობაში სმითმა უკვე გაავრცელა რამდენიმე სინგლი. Billboard-თან ინტერვიუში არტისტმა განაცხადა, რომ ეს მისი ყველაზე პირადი პროექტია. „ახლა უფრო კრეატიული ვარ, ვიდრე ოდესმე. როგორც მსახიობი, როგორც პოეტი, როგორც მუსიკოსი. ეს არის ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების ახალი ფაზა და მზად ვარ.“

უილ სმითი გეგმავს, გამოსცეს სამი ალბომი, რომლებიც ერთმანეთთან კავშირში იქნება. ამ სერიიდან პირველი ნაწილი, Rave in the Wasteland მარტში გამოვა. მეორე ალბომი – The Gift of Madness ივნისში გამოიცემა. ის Quincy Jones-ის ცნობილი ციტატით არის შთაგონებული: „არტისტები შეუძლებლის დაჯერებას ახერხებენ.“ მესამე ნაწილს კი უილ სმითი წლის ბოლოსთვის წარადგენს. 

უილ სმითი უკვე დაუბრუნდა სცენას და ორი წარმატებული კონცერტი გამართა სან დიეგოში. 2025 წლის ივლისში კი ის საფრანგეთში Positiv Festival-ზე მთავარი ჰედლაინერი იქნება.  „ქალაქიდან ქალაქში გამოსვლა, ხალხთან შეხვედრა და მათი ენერგიის შეგრძნება მმატებს სიცოცხლეს,” – განაცხადა სმიტმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი

თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ახალ სეზონს ხსნის

თბილისის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან კახი სოლომნიშვილი (დირიჟორი) და ელენე გოგოძე (ვიოლა).
მეტი
რალუკა რადოი

რალუკა რადოის სამუშაო სემინარები თეატრის ბრენდინგზე სოხუმის თეატრში

წლევანდელი წელი კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრისთვის საიუბილეოა. 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება, რაც სოხუმის თეატრის პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას ემსახურება.
მეტი
ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
მეტი