1985 წელს ორმა ამერიკულმა ბენდმა – L.A. Guns-მა და Hollywood Rose-მა გაერთიანება გადაწყვიტა. L.A. Guns მისი სოლისტი გიტარისტის, ტრეისი განზის სახელს ატარებდა, Hollywood Rose კი – ვოკალისტ ექსელ როუზის. გაერთიანებული ბენდისთვის სახელიც ორივე მათგანის შერწყმით შეირჩა. ასე შეიქმნა ლეგენდარული Guns N’ Roses. და მიუხედავად იმისა, რომ განზმა ბენდი ადრეულ ეტაპზე, მის სრულ ჩამოყალიბებამდე დატოვა, მისი გვარი ჯგუფის სახელში სამუდამოდ დარჩა.
ტრეისი განზი გიტარისტმა „სლეშმა” ჩაანაცვლა, რომელიც მალევე გახდა ბენდის ერთ-ერთი განმსაზღვრელი წევრი, სავიზიტო ქუდითა და „პოლის” გიტარით. Guns N’ Roses-ის თავდაპირველი წევრები იყვნენ: ექსელ როუზი (ვოკალი), „სლეში” და იზი სტრადლინი (გიტარა), დაფ მაკაგანი (ბასი) და სტივენ ადლერი (დრამი).
სადებიუტო ალბომი ბენდმა 1987 წელს გამოსცა – Appetite for Destruction, რომელსაც ამავე სახელწოდების ტურნეც მოჰყვა. გამოშვების წელს ალბომმა დიდი წარმატება ვერ მოიპოვა და Billboard 200-ში 182-ე ადგილით შევიდა. თუმცა ყველაფერი შეიცვალა მომდევნო წელს, როცა ალბომის გამხსნელი სინგლი Welcome to the Jungle MTV-ზე გამოჩნდა და ბენდს მეინსტრიმ პოპულარობა მოუტანა. Jungle და Paradise City ტოპ ათეულში შევიდნენ, ხოლო Sweet Child o’ Mine ბენდის ერთადერთი სინგლია, რომელიც Billboard Hot 100-ის ლიდერი გახდა. ჯგუფის მზარდმა პოპულარობამ Appetite for Destruction ჩარტის ლიდერად აქცია. 30 მილიონი გაყიდული ეგზემპლარით ის ყველაზე გაყიდვადი სადებიუტო ალბომი და Guns N’ Roses-ის სავიზიტო ჩანაწერი გახდა. „როცა Appetite for Destruction გამოვიდა, სხვა ყველაფერი უბრალოდ ყალბი გამოჩნდა,” – ამბობდა დეივ გროლი.
მეორე ალბომმა G N’ R Lies, კონკრეტულად კი მასში შესულმა სიმღერამ One in a Million, ბენდი სკანდალში გახვია. ჯგუფს, განსაკუთრებით ექსელ როუზს, რასიზმსა და ჰომოფობიაში ადანაშაულებდნენ. საუკეთესოდან ყველაზე ცუდი სიმღერების რეიტინგში გამოცემები Guns N’ Roses-ის ამ კომპოზიციას მუდმივად ბოლო ადგილებზე ასახელებდნენ. თუმცა ეს არ ყოფილა ერთადერთი სკანდალი ჯგუფის გარშემო. ბენდი უფრო და უფრო უსიამოვნო სიტუაციებში ეხვეოდა: ჩხუბები კონცერტების დროს, ნარკოტიკები, ფიზიკური შეურაცხყოფა, ინციდენტები, რომლებიც ადამიანებს აზიანებდა და გულშემატკივრის საპასუხო ამბოხებები. საქმე იქამდე მივიდა, რომ 1991 წელს, კონცერტის მსვლელობისას, ექსელ როუზი სცენიდან გადახტა და დარბაზში მყოფ ფანს, რომელიც ნებართვის გარეშე ფოტოებს იღებდა, ფიზიკურად გაუსწორდა. შოუ მაშინვე შეწყდა, რასაც მაყურებლის პროტესტი მოჰყვა. შედეგად, 60-ზე მეტი ადამიანი ფიზიკურად დაზიანდა. ინციდენტების ამ წყებამ ჯგუფს ცნობილი მეტსახელი მოუტანა: „ყველაზე საშიში ბენდი მსოფლიოში”.
„ჩვენ არ ვცდილობთ, ვიყოთ საშიშები… უბრალოდ ვართ,” – ამბობდა თავად ექსელ როუზი.
მომდევნო ორი ალბომი Use Your Illusion I და II ასევე წარმატებით გაიყიდა, მაგრამ, ზოგადად, წინა პროექტებთან შედარებით, ისინი ბენდის ნაკლებად აღიარებულ ნამუშევრებად მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, ალბომებმა „ბილბორდის” ჩარტების პირველი და მეორე პოზიციები დაიკავეს და შექმნეს ისეთი ჰიტები, როგორებიცაა November Rain, Don’t Cry და Estranged, რომელთა ვიდეოკლიპებიც ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ მუსიკალურ ვიდეოებს შორისაა.
1993 წლის ალბომმა The Spaghetti Incident? ჯგუფი კიდევ ერთ სკანდალში გახვია – მასში სერიული მკვლელის, ჩარლზ მენსონის მიერ დაწერილი სიმღერა შევიდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ნაბიჯია ჯგუფის კარიერაში. ალბომი ბილბორდის ჩარტების მეოთხე ადგილზე გავიდა და გამოშვების პირველ კვირას მისი 190 000 ეგზემპლარი გაიყიდა.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბენდს ნელ-ნელა ტოვებდნენ თავდაპირველი წევრები. პირველი სტივენ ადლერი იყო, რომელიც ბენდიდან ნარკოტიკების მოხმარების გამო გაუშვეს. მას მოჰყვა იზი სტრადლინი. რამდენიმე წელში კი ბენდი „სლეშმა”, დაფ მაკაგანმა და ადლერის ნაცვლად მოსულმა მეტ სორუმმაც დატოვეს.
2008 წელს ჯგუფის მეექვსე ალბომი გამოვიდა – Chinese Democracy, რომელიც, რეალურად, ჯგუფის სახელის ქვეშ გამოცემული ექსელ როუზის სოლო პროექტია. ჩანაწერზე მუსიკოსი 15 წლის განმავლობაში მუშაობდა და მისი გამოცემა 13 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა, რამაც ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ალბომად აქცია. თუმცა პროექტმა კომერციული მოლოდინები ვერ გაამართლა. მართალია Billboard 200-ის მესამე ადგილზე მოხვდა და მსოფლიოს მასშტაბით 6 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა, მაგრამ ეს რიცხვი ახლოსაც არ არის Appetite for Destruction-ისა და Use Your Illusion-ის გაყიდვებთან. გულშემატკივარს 15-წლიანი მუშაობის შედეგის მიმართ დიდი მოლოდინები ჰქონდა. ფიქრობდნენ, რომ ალბომი სამუდამოდ შეცვლიდა როკს, რაც ასე არ მოხდა. გარდა ამისა, მსმენელის იმედგაცრუება გამოიწვია იმან, რომ ალბომში ბენდის არც ერთი თავდაპირველი წევრი არ მონაწილეობდა.
2012 წელს Guns N’ Roses როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შევიდა. ცერემონიაზე ბენდის თავდაპირველი წევრები წლების შემდეგ კვლავ ერთად წარდგნენ სცენაზე და სამი სიმღერა შეასრულეს. თუმცა ამჯერად მათ აკლდათ ექსელ როუზი, რომელმაც ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რადგან, მისი თქმით, ეს არ იყო ადგილი, სადაც ის სასურველი და დაფასებული იქნებოდა.
Michael Loccisano/Getty Images
2016 წელს Guns N’ Roses-ს „სლეში” და მაკაგანი დაუბრუნდნენ ახალი საკონცერტო ტურნესთვის, რომელიც 2019 წლამდე გაგრძელდა. ტურნეს ბოლოს, 2018 წლის დეკემბერში მისმა შემოსავალმა 563.3 მილიონ დოლარს მიაღწია, რითაც U2-ს 360°-ის შემდეგ მეორე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტურნე გახდა.
რამდენიმე ერთობლივი ტურისა და საფესტივალო გამოსვლის შემდეგ, 2024 წელს ბენდმა, რომლის შემადგენლობაშიც კვლავ არიან როუზი, „სლეში” და მაკაგანი, ახალი ტურნე დააანონსა, სახელწოდებით Because What You Want & What You Get Are Two Completely Different Things. კონცერტების სერია 1-ელ მაისს სამხრეთ კორეაში დაიწყება და 31 ივლისს გერმანიაში დასრულდება. სწორედ აღნიშნული ტურნეს ფარგლებში ეწვევა ჯგუფი საქართველოს და კონცერტს შეკვეთილში 30 მაისს გამართავს.
და ბოლოს, როგორც ხშირად ამბობენ: „მეინსტრიმ მძიმე როკი აღარასდროს ყოფილა იგივე მას შემდეგ, რაც ასპარეზზე Guns N’ Roses-ის წევრები გამოჩნდნენ”.