კონსერვატიული ორგანიზაცია აპროტესტებს 2026 წლის Super Bowl-ის ჰედლაინერად Bad Bunny-ს გამოცხადებას და ალტერნატიულ მუსიკალურ შოუს აანონსებს

ჩარლი კირკის მიერ დაარსებული ორგანიზაცია აცხადებს, რომ ალტერნატიულ შოუზე მუსიკა „ინგლისურ ენაზე გაჟღერდება“.
Bad Bunny - 2025 წლის 11 ივლისი, კევინ მაზური/Getty Images
Bad Bunny – 2025 წლის 11 ივლისი,
კევინ მაზური/Getty Images

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ Bad Bunny 2026 წლის Super Bowl-ის მუსიკალური შოუს მთავარ შემსრულებლად შეირჩა, კონსერვატიულმა ორგანიზაციამ – Turning Point USA გამოაცხადა, რომ თამაშის ტაიმებს შორის ალტერნატიული შოუს გამართვას გეგმავს, სადაც მუსიკა „ინგლისურ ენაზე გაჟღერდება“.

ორგანიზაციამ, რომელიც გარდაცვლილმა აქტივისტმა, ჩარლი კირკმა დააფუძნა, ეს ინიციატივა 9 ოქტომბერს სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული პოსტით გაასაჯაროვა:

„Turning Point USA სიხარულით იუწყება ‘The All American Halftime Show’-ს შესახებ,“ – წერია პოსტში.

პოსტის თანდართული ბანერის მიხედვით, პროგრამა მიეძღვნება „რწმენას, ოჯახსა და თავისუფლებას“. ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ შოუს მონაწილეები „მალე გამოცხადდებიან“, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე არც ერთი არტისტი არ ჰყავთ შერჩეული.

შოუს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულია გამოკითხვა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ, რა ჟანრის მუსიკის მოსმენა სურთ 2026 წლის 8 თებერვალს – ქანთრი, პოპი, „worship”, ამერიკანა, კლასიკური, თუ  „რაიმე ინგლისურ ენაზე“. 

Billboard-მა კომენტარისთვის Bad Bunny-ს წარმომადგენელს მიმართა.

ფრაზა „anything in English“ („რამე ინგლისურ ენაზე”) პირდაპირ მიუთითებს იმ უკმაყოფილებაზე, რომელიც ბევრმა რესპუბლიკელმა გამოხატა Jay-Z-ის და Roc Nation-ის გადაწყვეტილების მიმართ. ბევრი მათგანი აღშფოთებულია იმით, რომ მთავარი შემსრულებელი იქნება ადამიანი, რომლის მუსიკაც ძირითადად ესპანურ ენაზეა. თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი კორი ლუანდოვსკი კი აცხადებს, რომ „სირცხვილია [ჰედლაინერად] იმ ადამიანის შერჩევა, რომელსაც, როგორც ჩანს, ასე ძალიან სძულს ამერიკა.“

მიმდინარე მოვლენებს თავად დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა, როცა თქვა, რომ Bad Bunny „სასაცილო არჩევანია“. „არასდროს მსმენია მის შესახებ. არ ვიცი, ვინ არის. არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას. ეს სიგიჟეა,“ – განაცხადა ტრამპმა.

დაუზუსტებელია, საიდან გაჩნდა წარმოდგენა, რომ Bad Bunny თითქოს ამერიკის წინააღმდეგ არის განწყობილი. მუსიკოსი პუერტო-რიკოდანაა. ეს არის ტერიტორია, რომელზეც თავად აშშ-ის იურისდიქცია ვრცელდება. მართალია, არტისტმა გადაწყვიტა, მომავალი ტურნეს დროს კონცერტები აშშ-ში არ გაემართა, თუმცა თავადვე განმარტა, რომ ეს „არ იყო სიძულვილით განპირობებული“. „არსებობს ბევრი მიზეზი, რატომაც არ გადავინაცვლებ აშშ-ში. მიზეზები არ უკავშირდება სიძულვილს – ძალიან ბევრჯერ გამოვსულვარ შეერთებულ შტატებში და ყველა შოუ წარმატებული იყო, ყველა ძალიან გაერთო. მიყვარს იქ მცხოვრებ ლათინო-ამერიკელებთან კონტაქტი. ლათინო-ამერიკელები და აშშ-ში მცხოვრები პუერტო-რიკოელები თავისუფლად შეძლებდნენ შოუს სანახავად მოსვლას, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ შოუს გარეთ, შესაძლოა, ICE (სახელმწიფო მიგრაციის სამსახური) ყოფილიყო, რაც ფანებისთვის პრობლემურ სიტუაციას შექმნიდა. სწორედ ეს საკითხი გვაწუხებს,” – თქვა მუსიკოსმა. 

როგორც Billboard-ის ლათინო-ესპანურენოვანი მიმართულების ხელმძღვანელი, ლეილა კაბო აღნიშნავს, Bad Bunny-ის შერჩევაში არაფერია არსებითად პოლიტიკური: „ჩვენ, ვინც ყოველდღე ვსაუბრობთ ესპანურად, კარგად ვიცით, რომ ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ უპატივცემულობას ავლენს ამ ენის და იმ ხალხის მიმართ, ვინც ესპანურად საუბრობს. უნდა ვაღიაროთ, რომ Bad Bunny-ს Super Bowl-ის ჰედლაინერად დანიშვნა გამბედავი არჩევანია, მაგრამ გულწრფელად უნდა ვისაუბროთ მიზეზებზე,“ – წერს ის თავის ბოლო სტატიაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დაიან კიტონი Amy Sussman/Getty Images

ოსკაროსანი მსახიობი დაიან კიტონი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

ფანების კვირის რჩეული სიმღერა ჯისუს და ზეინის Eyes Closed გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი