Sia-ს განქორწინება ბავშვის მეურვეობაზე დავაში გადაიზარდა – პოპვარსკვლავს ყოფილი ქმარი ნარკოტიკების გამოყენებაში ადანაშაულებს

დევიდ ბერნადი, ონკოლოგი, რომელიც Sia-ზე 2022 წლის ბოლოს დაქორწინდა, 27 ოქტომბერს სასამართლოში შეტანილ განცხადებაში ამტკიცებს, რომ პოპვარსკვლავი ნარკოდამოკიდებულია და ვერ უზრუნველყოფს მათი 19 თვის ვაჟის, სამერსოლტის სათანადო მოვლას.
Sia. 2023 წლის 1-ელი ოქტომბერი. ლოს-ანჯელესი, კალიფორნია.
FRAZER HARRISON/GETTY IMAGES

მუსიკოსი Sia განქორწინების პროცესშია და ყოფილ ქმართან შვილზე მეურვეობის შესახებ დავა სულ უფრო  მწვავდება. დევიდ ბერნადი, ონკოლოგი, რომელიც Sia-ზე 2022 წლის ბოლოს დაქორწინდა, 27 ოქტომბერს სასამართლოში შეტანილ განცხადებაში ამტკიცებს, რომ პოპვარსკვლავი ნარკოდამოკიდებულია და ვერ უზრუნველყოფს მათი 19 თვის ვაჟის, სამერსოლტის სათანადო მოვლას. მეორე დღეს Sia-მ განაცხადა, რომ ბერნადი ცოტა ხნის წინ ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობის საქმესთან დაკავშირებით იყო ეჭვმიტანილი.

ბრალდებები მარტში განქორწინების პროცესის დაწყებას  მოჰყვა, რომლის ინიციატორიც Sia იყო. მას შემდეგ ბერნადი სოლიდურ ალიმენტს – თვეში 250 000 დოლარზე მეტს ითხოვს, რაც სასამართლომ 2026 წლის იანვარში უნდა განიხილოს.

ახლა ბერნადი სამერსოლტის სრული მეურვეობის მიღებას ცდილობს. ორშაბათის განცხადებაში ის ამტკიცებს, რომ Sia, რომელმაც წარსულში ღიად ილაპარაკა ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლაზე, კვლავაც მოიხმარს ნარკოტიკებს.

„Sia ებრძვის ნივთიერებებზე დამოკიდებულებას, რაც მას არ აძლევს საშუალებას, უზრუნველყოს უსაფრთხო და სტაბილური გარემო სამისთვის,“ – წერს ბერნადი. „მე ვარ ერთადერთი უსაფრთხო და საიმედო მშობელი ჩვენი შვილისთვის. ვარ ექიმი, ახალგაზრდა, ჯანმრთელი, არ მაქვს არცერთი კრიმინალური ჩანაწერი და არც ნარკოტიკებთან ან ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემა.“

ბერნადი ამბობს, რომ ქორწინების განმავლობაში არაერთხელ უნახავს, როგორ იღებდა Sia კეტამინს და ოპიოიდებს. ის ასევე ამტკიცებს, რომ ექიმებმა გასულ თვეში საავადმყოფოში მომღერლის ორგანიზმში ბარბიტურატებისა და ბენზოდაიაზეპინის კვალი აღმოაჩინეს. დევიდ ბერნადის თქმით, Sia შვილს მხოლოდ ზედამხედველის თანდასწრებით უნდა შეხვდეს და ისიც – ალკოტესტის გავლის შემდეგ. ბერნადი ასევე ითხოვს, რომ მომღერალმა თვეში 77 000 დოლარი გადაუხადოს ალიმენტის სახით.

Sia კი ამ ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ „უკვე ექვს თვეზე მეტია, სრულიად ფხიზელია“ და კვლავ მიჰყვება განკურნების პროცესს. მისი თქმით, რეალურად ბერნადია ის, ვინც წვეულებებთან და გასართობ ნარკოტიკებთან არის დაკავშირებული და ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც განქორწინება გადაწყვიტა.

„დენის მცდელობა, იარაღად გამოიყენოს ჩემი ნარკოდამოკიდებულება – ამბავი, რომელიც დიდი ხნის წინ დასრულდა, ყოვლად არალეგიტიმური განზრახვაა და მხოლოდ ფაქტების დამახინჯებას და სასამართლოს წინაშე ჩემი რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად,“ – წერს Sia. „მისი მცდელობა, ათწლეულების წინანდელი ისტორიები გამოიყენოს საკუთარი ფინანსური და სტრატეგიული სარგებელისთვის, აჩვენებს, რამდენად შორს წავა ის – საკუთარი შვილის და მისი დედის ხარჯზეც კი.“

Sia აცხადებს, რომ სამი მისი პირველადი მეურვეობის ქვეშ უნდა დარჩეს. სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, ბერნადს თავადაც აქვს წარსულში ამაზე თანხმობა გაცემული. აღსანიშნავია, რომ მისი შეხვედრებიც ზედამხედველობით ხდებოდა – რადგან ივლისში მის მყარ დისკზე აღმოჩენილი სავარაუდო ბავშვთა პორნოგრაფიის გამო გამოძიებასთან ჰქონდა პრობლემები.

ბერნადი უარყოფს ნებისმიერ დანაშაულს და ამტკიცებს, რომ ეს უკანონო მასალა მასთან Sia-ს განზრახ ქმედების შედეგად აღმოჩნდა. ლოს-ანჯელესის პოლიციამ და ბავშვთა დაცვის სამსახურმა დაიწყეს გამოძიება, თუმცა მტკიცებულებების არარსებობის გამო საქმეი დახურეს.

ამის მიუხედავად, Sia ამბობს, რომ მაინც არ არის მშვიდად, რადგან ბერნადმა შესაძლოა სამისთან ზედამხედველობის გარეშე გაატაროს დრო. ის ამტკიცებს, რომ ბერნადი არ არის მზად ბავშვის დამოუკიდებლად მოსავლელად, რადგან ქორწინების განმავლობაში ხშირად არ იყო ოჯახთან და მუდამ საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

არც Sia-ს ადვოკატს და არც ბერნადის წარმომადგენელს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარები არ გაუკეთებიათ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ზურაბ ჟვანიას ფონდმა 2025 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა

შემდეგი სტატია

Juvenile-ის თქმით, 50 Cent-ის ემინემთან თანამშრომლობა მისი დამსახურებაა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი საუბრობენ ჯგუფის 2027 წლის საკონცერტო თარიღებსა და IMAX-ის ფილმზე, რომელმაც ბრიტანული როკჯგუფის თავდაპირველი გაერთიანება ეკრანებზე აღბეჭდა.
მეტი

შერი და სხვა არაერთი ვარსკვლავი ბობ მაკის გარდაცვალებას ეხმაურება

შერისთან თანამშრომლობა მაკის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყო, თუმცა ათწლეულების განმავლობაში მისი ცნობილი კოსტიუმებით პოპკულტურის არაერთი ცნობილი სახე გამოჩნდა.
მეტი

„ბჟა დო თუთა“  – Tamada-ს და ჯეგე სახოკიას ახალი მეგრული კომპოზიცია 

„ბჟა დო თუთა“ Tamada-სა და ჯეგე სახოკიას კოლაბორაციული ნამუშევარია, რომლის ტექსტიც ზეინაბ სარიას ლექსის მიხედვითაა შექმნილი.
მეტი