მუსიკოსმა სალომე ესაძემ ერეკლე გუჯეჯიანთან ერთად ჩაწერილი ტრეკი, სახელწოდებით For a While წარადგინა. ნამუშევრის მელოდია მარტივი აკორდებისგან შედგება, შინაარსობრივად კი ორი ადამიანის დიალოგს გამოხატავს.
ახალი სიმღერის სამუშაო პროცესისა და საკუთარი მუსიკალური გამოცდილების შესახებ სალომე ესაძე Billboard Georgia-სთან საუბრობს:
„ბავშვობიდან მუსიკით ვიყავი გატაცებული. როგორც მეუბნებიან, სიმღერა ლაპარაკზე ადრე დავიწყე. ექვსი წლის განმავლობაში ფორტეპიანოს ვსწავლობდი, თუმცა შემდეგ სხვა ინტერესები გამიჩნდა, რამაც ჩემი მუსიკალური კარიერა გარკვეული პერიოდით შეაჩერა. ამ დროს არაერთ მუსიკალურ პროექტში მივიღე მონაწილეობა და საკმარისი გამოცდილებაც დავაგროვე. ახლა, მოზრდილ ასაკში, ვფიქრობ, რომ მუსიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია ჩემს განვითარებაში. მსახიობი ვარ და ჩემი პირველი სპექტაკლიც, მიუზიკლი „მუსიკის ჰანგები”, სწორედ იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეუძლია სიმღერას მთავარი როლი შეასრულოს ჩემს პროფესიაში.”
სალომეს თქმით, ჟანრობრივ მიმართულებას ამ დრომდე ეძებს და მიაჩნია, რომ რამდენიმე ტრეკის დაწერის შემდეგ უკეთესად დაინახავს, რომელი ჟღერადობაა მისთვის ყველაზე კომფორტული.
რაც შეეხება კომპოზიციას For a While, სალომეს თქმით, სამუშაო პროცესი საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილება იყო:
„მაინტერესებდა, რამდენად შევძლებდი კომპოზიციის გამრავალფეროვნებას ისე, რომ ყველასთვის სასიამოვნო მოსასმენი ყოფილიყო. მიზანი იყო დიალოგი ორ ადამიანს შორის და ამ დიალოგით რაღაც ღირებულის გადმოცემა. ეს სიმღერა კონკრეტული დიალოგისგან არის აწყობილი, რომელიც, მგონია, ყველასთვის ნაცნობია – ის შეიძლება დაუკავშირო ცალმხრივ გრძნობებს, ფიქრებსა და ურთიერთობას, რომელიც დასრულდა ან ჯერაც გრძელდება. მთავარი მისი განწყობაა – ძალიან დადებითია. მსურდა, მსმენელს ეგრძნო, რომ ნებისმიერი ურთიერთობის გამოცდილებისთვის მადლიერი უნდა იყო და მის დადებით მხარეებსაც ხედავდე,” – აღნიშნავს მუსიკოსი.
სალომე ესაძისა და ერეკლე გუჯეჯიანისთვის ეს სიმღერა პირველი შემოქმედებითი გადაკვეთა არ არის. მანამდე არტისტებმა ერთად იმუშავეს სპექტაკლში, რომელსაც ერეკლე გუჯეჯიანი მუსიკალურად აფორმებდა, ხოლო სალომე როლს ასრულებდა.
„იქ გამიჩნდა ტრეკის შექმნის იდეა და ინიციატივაც გამოვიჩინე, რადგან ვიცოდი, რომ ერეკლეს პროდიუსინგი აინტერესებდა. ძალიან დადებით კონტექსტში შემიძლია ერეკლეზე საუბარი – მაქსიმალურად ცდილობდა, გაეგო ჩემი ხედვა და მიზანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ურთიერთგაგებიდან გამომდინარე, For a While მარტივად დაიწერა.”
სალომე ესაძეს შემდეგ კომპოზიციაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. როგორც Billboard Georgia-სთან ინტერვიუში ამბობს, ტექსტიც მზად არის:
„ახლა მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩემი განწყობა და სათქმელი თანხვედრაში იყოს. ამ ეტაპზე სწორედ ამაზე ვმუშაობ, რათა ის იდეა, რაც მაქვს, მაქსიმალურად სწორად გადმოვიტანო მუსიკაში,” – აღნიშნავს სალომე ესაძე.