Izmir – მუსიკა, რომელიც სიჩუმესა და ხმაურს შორის შინაგან მონოლოგს ჰყვება

„Izmir არის დასავლური ჟანრის მუსიკა აღმოსავლური ელემენტებით, რაღაც მხრივ ის შეიძლება აღვიქვათ, როგორც დასავლური და აღმოსავლური კულტურის შერწყმის გეოგრაფიული წერტილი.“
Izmir - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე, ლოკაცია -Loco Park • ლოკო პარკი
Izmir – ფოტო: ნინუცა კაკაბაძე | ლოკაცია: Loco Park • ლოკო პარკი

2022 წელს ქუთაისში ანდერგრაუნდ მუსიკის ერთ-ერთი სახასიათო ბენდი Izmir შეიქმნა. მათი მუსიკა მძიმე, მელანქოლიური და ამავე დროს ცოცხალია, შინაგანი მონოლოგის სიღრმეში შედის და საკუთარი თავის ჭეშმარიტ ხმას პოულობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბენდი სიმღერებს მხოლოდ ქართულ ენაზე წერს, რაც მათ მუსიკას მსმენელთან კიდევ უფრო აახლოებს და ემოციურ აღქმას მეტ სიმძაფრეს სძენს. 

Izmir-ის თავდაპირველ შემადგენლობაში ბავშვობის მეგობრები გიორგი დიდბარიძე – ვოკალი, საბა აზნარაშვილი  – გიტარა და გიორგი ჟორჟოლიანი – ბას გიტარა იყვნენ, მოგვიანებით კი დრამერი დავით ხარაბაძე შეუერთდათ.

გთავაზობთ Billboard საქართველო-ს ინტერვიუს izmir-ის ვოკალისტ გიორგი დიდბარიძესთან:

Izmir - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე | ლოკაცია -Loco Park • ლოკო პარკი
Izmir – ფოტო: ნინუცა კაკაბაძე | ლოკაცია: Loco Park • ლოკო პარკი

მოგვიყევით, როდის და როგორ შეიქმნა Izmir, ვინ არიან ბენდის შემადგენლობაში და როგორია თქვენი შემოქმედებითი პროცესი.

გიორგი დიდბარიძე – Izmir-ის ვოკალისტი:

Izmir-ის წევრები ბავშვობის მეგობრები ვართ. ამ სიახლოვის გამო ზუსტად ვიცოდით, რას ვაპირებდით და როგორ. კონკრეტული მიზანი არ დაგვისახავს, ეს იყო შეუთანხმებელი და ამავე დროს უსიტყვოდ შეთანხმებული საერთო პროცესი. ერთგვარი ბუნებრივი კალაპოტი ყოველდღიურობაში რეპრესირებული აზრების და ემოციების მდინარის. შექმნა და გამოცემა ერთდროულად დავიწყეთ, შეგრძნებით, რომ თითქოს მზად ხარ, შენი სათქმელი თქვა და იცი, რასაც ამბობ. ეს იყო ის, რაც ზუსტად ვიცოდი, რომ სამივეს გვაერთიანებდა. ნეგატიური დამოკიდებულება იყო რეკლამის და ჰაიპის მიმართ, გვქონდა სურვილი,  ვყოფილიყავით დაბალპროფილური და თავი მხოლოდ მუსიკით წარმოგვეჩინა. არ გვიფიქრია ზოგად ჭეშმარიტებაზე, როგორი უნდა იყოს მუსიკა და შემოქმედებითი პროცესი. ვხედავ, რომ ამის გამო დიდი სიყვარული დავიმსახურეთ. 

Izmir - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე | ლოკაცია -Loco Park • ლოკო პარკი
Izmir – ფოტო: ნინუცა კაკაბაძე | ლოკაცია: Loco Park • ლოკო პარკი

ბენდი პირველ ნაბიჯებს მხოლოდ ჩაკეტილ წრეებში დგამდა, როცა მათ პირველად გამოაქვეყნეს 15-წუთიანი ბლექ-მეტალ  EP  Youtube-ზე, რომლის ბმულიც მხოლოდ ხელიდან-ხელში გადაიცემოდა. 

საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რა შეგრძნებაა, როცა აღმოაჩენ მუსიკას, რომელიც გგონია, შენი ნაწილია და როგორ გიჩნდება საკუთრების განცდა მის მიმართ.  ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი შეგრძნებაა. ამ პრინციპს იმდენად სერიოზულად მივყვებოდით, რომ პირველი ნამუშევარი იყო ბლექ მეტალი, 15-წუთიანი EP, რომელიც Youtube ბმულით ხელიდან ხელში გადადიოდა, რადგან სათაური ნუსხა-ხუცურით დავწერეთ და უბრალოდ არ იძებნებოდა. იდეა იყო, რომ მხოლოდ მსმენელი-მსენელს თუ გაუზიარებდა და რაღაც მომენტში შეიძლებოდა დაგეკარგა კიდეც. სისულელეა, აკეთებდე რაღაცას ასე ეგოისტურად,  უბრალოდ ეს უფრო საკუთარი თავის გამოცდა და ამავდროულად პირველი დემო იყო. 

Izmir - ფოტო: გიო მაჭავარიანი | ლოკაცია - Loco Park • ლოკო პარკი
Izmir – ფოტო: გიო მაჭავარიანი | ლოკაცია: Loco Park • ლოკო პარკი

ბენდის მომდევნო ეტაპი ამ ჩაკეტილი ექსპერიმენტიდან გაღწევა და მსმენელთან დიალოგი აღმოჩნდა, რომელმაც დასავალური და აღმოსავლური ელემენტებით გაჯერებული ჟღერადობის სინთეზისა და გამოგონილი პერსონაჟის – ალან “იზმირის” ნარატივზე შექმნილი მუსიკალური პროექტის სახე მიიღო. 

შემდეგი ნაბიჯი ნამდვილი Izmir-ის შექმნა იყო, როგორც მუსიკის, რომელიც მსმენელთან უშუალო კომუნიკაციაში იქნებოდა, ავთენტურობით და აუცილებლად მშობლიურ ენაზე. ,,იზმირი” არის დასავლური ჟანრის მუსიკა აღმოსავლური ელემენტებით, რაღაც მხრივ, შეიძლება აღვიქვათ, როგორც დასავლური და აღმოსავლური კულტურის შერწყმის გეოგრაფიული წერტილი. 

Izmir-ის მუსიკა მძიმე, მელანქოლიურ, ღრმა განწყობებს გადმოსცემს. როგორ იქმნება თქვენი მუსიკა, რა არის ის, რაც თქვენს შთაგონებას და ინტერესს იწვევს?

Izmir - ფოტო: გიო მაჭავარიანი | ლოკაცია - Loco Park • ლოკო პარკი
Izmir – ფოტო: გიო მაჭავარიანი | ლოკაცია: Loco Park • ლოკო პარკი

ჩვენი მუსიკა იქმნება გარდაუვალი სურვილისგან, რომ სათქმელი გამოთავისუფლდეს. ეს ერთგვარი თერაპიაა. მუსიკა არ იწერება იმისთვის, რომ დაიწეროს. იწერება იმიტომ, რომ სხვაგვარად შეუძლებელია. ადამიანებშიც, ვისაც იგივე რეალობა აქვს, პოულობს რეზონანსს და მათთვის ახლოა “იზმირის” მუსიკა.

რას ნიშნავს თქვენთვის მუსიკაში სიჩუმე, რამდენად მნიშვნელოვანია სიჩუმის აღქმა და განცდა მუსიკოსისთვის?

მუსიკა ყოველთვის იწყება და მთავრდება სიჩუმით. არარსებობა ანიჭებს გემოს არსებობას. ნამდვილი ხელოვანი პატივს სცემს სიჩუმეს, როგორც შემოქმედების საფუძველს.

Izmir-ის ტექსტები და მუსიკა თითქოს შინაგან მონოლოგს ჰყვება, რა არის ის ძირითადი მესიჯი, რასაც ეს შინაგანი ხმა გადმოსცემს?

“იზმირის” მუსიკა ძირითადად მართლაც მონოლოგია. ეს განზოგადება მეხმარება, უკეთ გადმოვცე ამბავი, როგორც პერსონაჟმა და არა ავტორმა, რადგან ეს ყოველთვის ჩემი ისტორია ან ჩემი სათქმელი ნამდვილად არ არის. 

ხანდახან ვცდილობთ, ძალიან მარტივად შევხედოთ, თითქოს ყველა მელოდია თვითონ გაძლევს მიმართულებას. თითოეული მათგანი ცალცალკე რაღაც ემოციასთან ასოცირდება, კომბინაცია კი ამბავს ჰყვება. შეიძლება, ეს ამბავი არსად იწყებოდეს და არც არსად მთავრდებოდეს, მაგრამ მაინც ზუსტად იცი, იმ მომენტში რა ხდება. 

რა არის ის სირთულეები, რასაც ქართულ მუსიკალურ სივრცეში აწყდებით.

არ მიყვარს, როცა რამე პრობლემას, თუნდაც სოციალურს, ქართული პრობლემა ერქმევა. ეს ერთგვარად თავის მართლებაც კი არის, თითქოს ჩვენი ბუნების ნაწილია და ვერაფერს ვიზამთ. 

პირველ რიგში, არ ვთვლი, რომ რაიმე კონკრეტული, სპეციფიკური პრობლემა გვაქვს ქართულ სცენაზე, რომელსაც სხვაგან ვერ იპოვი და ამ სცენის ყოფის თავისებურება ხშირად პოზიტიურად აღიქმება ჩემთვის. მუსიკა, რომელიც ქართულ როკსცენაზე იკვრება, ბუნებრივია და კარგია, რომ არ არის სუპერპოპულარული, არა იმიტომ, რომ ეს რაღაც ახალია და აღქმას დრო სჭირდება, პირიქით – ძალიან ძველიც კია, უბრალოდ ეს მუსიკა არასდროს შექმნილა დიდ სუპერმარკეტებში საახალწლო განწყობის ასამაღლებლად. ვფიქრობ, რომ მუსიკა, რომელიც ქართულ როკსცენაზე ისმის, კონკრეტულ სეგმენტზეა გათვლილი, თუკი შეიძლება ეს დავარქვათ. ეს ყოველთვის მოითხოვს ცოტა მაღალი დონის მუსიკალურ ინტელექტს, უნდა იყო მელომანი, გქონდეს პირდაპირი ან ირიბი შეხება რაიმე ინსტრუმენტთან ან უბრალოდ კარგი მსმენელი იყო. ქართული სცენის ყველა სპეციფიკა თავის მხრივ ამ კულტურის განუყოფელი ნაწილია და აღრმავებს ავთენტურობას.

რა ეტაპზეა ახლა Izmir, როგორია მისი სამომავლო გეგმები და აპირებთ თუ არა უახლოეს მომავალში ახალი რელიზების, EP-ის ან ალბომის გამოცემას, ლაივ კონცერტებს?

2026 წელს ვაპირებთ, მეტი ლაივი გავაკეთოთ და ზოგადად, უფრო აქტიურები ვიყოთ. მგონია, რომ ზედმეტად ჩაკეტილები ვართ. ვეცდები, ცოტათი ხალხის ხმას გავყვე და ის მივაწოდო, რასაც ჩვენგან ელიან.

Izmir – ფოტო: ნინუცა კაკაბაძე | ლოკაცია: Loco Park • ლოკო პარკი

ერთი სიტყვით (ან წინადადებით) რომ აღწეროთ თქვენი შემოქმედება  – რა იქნებოდა ეს სიტყვა?

დარწმუნებული ვარ, არ დავკარგავ ოქროს ბალანსს ჩვენსა და აუდიტორიის სურვილებს შორის. ,,იზმირი” ხალხს, ,,იზმირი” ხალხისგან, ,,იზმირი” ხალხისთვის!

Izmir-ის მუსიკა ადამიანს შინაგან სამყაროში ახედებს, სადაც გადაუმუშავებელი აზრები, შიშები და ღრმა ემოციური შეგრძნებები ილექება. ბენდის ტექსტები კი არა რეალობიდან გაქცევა, არამედ პირიქით, მასთან პირდაპირი შეჯახებაა, გულწრფელი, დაუნდობელი, მაგრამ ამავე დროს ადამიანური ამოძახილი. Izmir-ის მუსიკის მოსმენისას ხვდები სივრცეში, სადაც მსმენელს საკუთარი შეგრძნებებისა და ფიქრების თავისუფალი, ინდივიდუალური აღქმის საშუალება ეძლევა.

Izmir-ის უახლოესი კონცერტი 21 დეკემბერს Paper Box-ში გაიმართება, სივრცეში, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი კიდევ ერთხელ შეხვდება ერთმანეთს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Mountains Are My Church – ნიკ ჰადსონის ახალი სინგლი

შემდეგი სტატია

ბენდი MokuMoku „თათუზაში”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯეიკობ ალონი 2026 წლის BRIT Awards-ზე „კრიტიკოსთა რჩეულის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა

ელტონ ჯონმა თავის რადიოგადაცემაში არტისტის შესახებ თქვა: „დიდი ხანია, მსგავსი ჟღერადობა არავისგან მომისმენია. შენ დიდი მომავლისთვის ხარ დაბადებული.“
მეტი
INXS-მა 1987 წელი ლოს-ანჯელესი, ტელეშოუ Top of the Pops-ში გამოსვლისას. SHERRY RAYN BARNETT/MICHAEL OCHS ARCHIVES/GETTY IMAGES

INXS, AC/DC და GANGGAJANG TRIPLE M-ის ყველაზე ხშირად მოსმენადი სიმღერების სიის სათავეში არიან

სიის სათავეში ასევე მოხვდნენ საერთაშორისო ჰიტები: Van Halen-ის Jump, Queen-ის Bohemian Rhapsody, ლენი კრავიცის Are You Gonna Go My Way და Bon Jovi-ის Livin’ On A Prayer.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი