მუსიკალური ინდუსტრია სწრაფად იცვლება – დღეს აღარ არის აუცილებელი, რომ ლეიბლმა აღმოგაჩინოს, შენი სიმღერები რადიოსადგურებზე ან მედიის ტრადიციულ არხებზე მოხვდეს, გადაიღო პროფესიონალური კლიპი და ასე გახდე პოპულარული. გაჩნდა სოციალური ქსელები, რომლებიც არტისტებს საშუალებას აძლევს, საკუთარი მუსიკა პირდაპირ დიდ აუდიტორიას მიაწვდინონ.
დღეისათვის მრავალი მაგალითის გახსენება შეიძლება, როცა მუსიკოსი მსმენელმა TikTok-ზე აღმოაჩინა და რამდენიმე თვეში მსოფლიომ ის ჩარტების ლიდერის და არაერთი მუსიკალური დაჯილდოების გამარჯვებულის სტატუსით იხილა.
საქართველოშიც TikTok-ი არტისტებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. სტატიაში გაგაცნობთ სამ ქართველ კრეატორს, რომლებიც აღნიშნულ პლატფორმაზე მუსიკალურ კონტენტს ქმნიან.
ნიკა ლაფაჩი (Nikulapachi)
@nikulapachi Replying to @` ♬ original sound – nikulapachi
ნიკა ლაფაჩს მსმენელი უკვე იცნობს ბენდებიდან – Tape Visitors და 4D Monster Lobsters. მისი TikTok კონტენტი ძირითადად გიტარის ქავერებს, ე.წ. Mashup-ებს და ტუტორიალებს მოიცავს.
“როცა ინსტრუმენტი ავიღე ხელში, მალევე დავინტერესდი საკუთარი ტრეკების შექმნით, მაგრამ ამისათვის საკმარისი გამოცდილება არ მქონდა. ამიტომ გადავწყვიტე, ვიდეოების ატვირთვა ჯერ დამწყო სოციალურ ქსელებში, ძირითადად TikTok-ზე. მინდოდა, ამით მსმენელისთვის გამეცნო თავი და მუსიკალურ სამყაროში გადამედგა ნაბიჯები და როცა საავტორო სიმღერების ჩასაწერად უკვე მზად ვიქნებოდი, საკმარისი აუდიტორიაც მეყოლებოდა. სხვათაშორის, თავიდან, როცა არავითარი გამოცდილება არ მქონდა, ძალიან ძნელი იყო აუდიტორიის შეძენა. ვიდეოს ტელეფონით ვიღებ, მაგრამ აუდიოს მაღალი ხარისხისთვის ხმას ლეპტოპში ვიწერ, შემდეგ ვიდეოს ხმას ვუთიშავ და აუდიოს შემდეგ ვადებ. თავიდან ძალიან უხარისხოდ ვიღებდი ვიდეოებს, უბრალოდ ლეპტოპში ჩავრთავდი ტრეკს და ვაყოლებდი გიტარას, რაც უხარისხო და უინტერესო იყო. დროსთან ერთად დავხვეწე როგორც ვიდეოს, ასევე აუდიოს ხარისხი და კონტენტიც TikTok-ისთვის მისაღები იყო. ამას დაახლოებით ორი წელი ვაკეთებდი. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რაღაც ახალი შემეთავაზებინა აუდიტორიისთვის და დავიწყე Mashup-ების გაკეთება, კლავიშის ინტეგრირება. პირველი იყო Beach House-ის Space Song-ისა და Queen-ის Bohemian Rhapsody-ს გაერთიანება, სადაც გამოვიყენე drum pad, კლავიში და გიტარა. ხალხს ეს ძალიან მოეწონა – ვიდეოს დაახლოებით 2 მილიონი ნახვა და ასიათასობით ლაიქი ჰქონდა. გადავწყვიტე, გამეგრძელებინა. ერთ-ერთი Mashup აუდიო ტრენდადაც იქცა და დაახლოებით 500 ვიდეო იყო გადაღებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ჩემი აზრით, დღეს TikTok-ი ყველაზე მნიშვნელოვანი აპლიკაციაა იმისთვის, რომ მუსიკოსებმა საკუთარი თავი აუდიტორიას გააცნონ. გარდა აუდიტორიის შეძენისა, გავიცანი უამრავი ადამიანი, ვინც დღეს ჩემი მეგობარია. TikTok-ით შევიძინე ბევრი კავშირი მუსიკალურ სამყაროში. ასევე შესაძლებელია, სპონსორების დახმარებით, TikTok-ი დამატებითი შემოსავლის წყაროც გახდეს. მაგალითად, მუსიკის სახლმა გამომიგზავნა მექსიკური Fender Telecaster, რათა მესწავლა ინსტრუმენტის გამოყენება TikTok-ზე. დიდმა ჩინურმა კომპანია Lava Guitars-მაც გამომიგზავნა სმარტ გიტარა მხოლოდ ხუთი ქავერის ჩაწერის სანაცვლოდ” – ნიკა ლაფაჩი.
ნუკა გაბუნია (Watermelu)
@wtrmlu გუშინდელი სესიიდან 🌞 #guitar #guitarist #ქართულიტიკოტკი #საქართველო #ფორიუ ♬ original sound – watermelu
ნუკა გაბუნიას კონტენტი მოიცავს გიტარაზე შესრულებულ მელოდიებს, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ვიზუალურ მხარეზეც კეთდება.
“მუსიკის გაზიარება სოციალურ ქსელში ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ვერ ვპოულობდი ჩემთვის კომფორტულ ესთეტიკას. შემდეგ კი მუსიკისგან დამოუკიდებლად დავიწყე ვიდეოედითინგის სწავლა და სწორედ აქ გაჩნდა იდეა, რომ ეს ორი მხარე გამეერთიანებინა. იდეები სპონტანურად მოდის, მაგრამ გადაღების პროცესი დაგეგმილია. მონტაჟის დროს მუსიკისგან და გამოსახულებისგან ერთ მთლიან ვიდეოს ვქმნი. დღემდე ვსწავლობ ვიდეოს დამუშავებას და აუდიოს უკეთ ჩაწერას. საკუთარი შეცდომების გაანალიზება და დისციპლინა მეხმარება უკეთესი კონტენტის შექმნაში. ჩემი აზრით, TikTok-ის სწორი გამოყენებით არტისტმა შეიძლება თავისი მსმენელი იპოვოს” – ნუკა გაბუნია.
თინა ქვათაძე (Tina)
@tina.xvll სადმე თუ ნახავთ მსგავს კონტენტს ახლო მომავალში, იცოდეთ რომ აქედან, ამ ვიდეოთი დაიწყო ეგ ყველაფერი! გავაგრძელო ეგ რუბრიკა? 💗 #ბარათაშვილი #ფორიუმეთქიიიიიიიიიიიი💖 #სიმღერა #fypシ #coversong ♬ original sound – tina ❦
თინა ქვათაძის მუსიკალური კონტენტი მოიცავს ქართული და ინგლისური სიმღერების ქავერებს. მისი ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება მუსიკალური იდეების სინთეზია – მაგალითად, ქართული ლექსებისა და ინგლისური პოპ მუსიკის შერწყმა. თინასთან შეხვდებით ისეთ ვიდეოებს, სადაც, მაგალითად ლანა დელ რეის ცნობილი სიმღერის მელოდია ნიკოლოზ ბარათაშვილის ტექსტთან ერთიანდება.
“თავიდან მხოლოდ ინგლისური სიმღერების ქავერებს ვაკეთებდი. შემდეგ გადავწყვიტე, რომ კრეატიული მუსიკალური კონტენტის შექმნა უკეთესი იქნებოდა, რადგან აქამდე მსგავსი არაფერი გაკეთებულა. კონტენტის შექმნა მთლიანად დამოკიდებულია ჩემს განწყობაზე. ხანდახან, როდესაც დაღლილი ვარ, ვერ ვმღერი, ვერ გამომდის და იდეებიც არ მომდის თავში. ხანდახან კი ყოველდღე ვწერ და ვდებ ვიდეოებს, როცა იდეები მოდის, ეს კი სპონტანურად ხდება. არ მიყვარს უკვე არსებული ტრენდების გამოყენება, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, რაღაც ახალი მოვიფიქრო. განსაკუთრებულად ხარისხიანი ვიდეობი არ მაქვს, ვიზუალსაც დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ვფიქრობ, ეს ჩემი სტილია – უბრალო და მარტივი. ვიდეობის გამოქვეყნება 2025 წელს დავიწყე, მაგრამ 6-7 თვის განმავლობაში 200-ზე მეტი გამომწერი ვერ დავაგროვე. იმ პერიოდში მხოლოდ ინგლსიურენოვანი სიმღერების ქავერებს ვდებდი და შედეგს ვერ ვხედავდი. იმდროინდელი წარუმატებლობის გამო დემოტივირებული ვიყავი და სერიოზულად დავიწყე ფიქრი, რომ მუსიკა არ იყო ჩემი საქმე. ერთ დღეს გადავწყვიტე ქართული ქავერის დადება. ეს ბოლო მცდელობა იყო, თუმცა სწორედ ამ ვიდეომ დააგროვა ბევრი ნახვა. თანდათან ვისწავლე გადაღება და TikTok-ის ალგორითმის გამოყენება. TikTok-ი ძალიან მნიშვნელოვანია კრეატორებისა და მუსიკოსებისთვის, განსაკუთრებით, როცა საკუთარ სიმღერებს წერ. ბევრმა არტისტმა TikTok-ით დაიწყო და ახლა დიდ სცენაზე დგას, Spotify-ზეც ასიათასობით სტრიმი აქვთ. თუ იცნობ თანამედროვე პლატფორმებს, იცი მათი გამოყენება, გაქვს მიზანი და გეგმა – ვფიქრობ, წარმატებას მიაღწევ” – თინა ქვათაძე.