26 იანვარს Moby-მ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც მინეაპოლისში ICE-ის აგენტების მიერ ალექს პრეტის მკვლელობას ეხმიანება.
„საკითხავი ის კი არ არის, უნდა ვიყოთ თუ არა აღშფოთებულნი და შეძრწუნებულნი იმით, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება, არამედ ის, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ ამასთან დაკავშირებით“. – ამბობს Moby ვიდეორგოლში.
გამოცდილი არტისტი და აქტივისტი საზოგადოებას საკუთარ რჩვებს უზიარებს და ხალხს პროტესტისკენ მოუწოდებს: „ეს კონსტიტუციით დადგენილი უფლებაა. უფლება, რომლის წართმევასაც ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ჩვენთვის ცდილობენ“. Moby-ს თქმით, უნდა შეწყდეს იმ კომპანიების მხარდაჭერა, რომლებიც ემხრობიან ტრამპს და ICE-ს და მათ ბოიკოტი გამოუცხადონ. „შეწყვიტეთ იმ ნაძირალა კომპანიების მხარდაჭერა, რომლებიც მხარს უჭერენ ტრამპსა და ICE-ს. ჩვენ ყველამ ვიცით, ვინ არიან ისინი. გამოუცხადეთ მათ ბოიკოტი. იყავით აღშფოთებულნი, იყავით შეძრწუნებულნი, მაგრამ, როგორც ჯო სტრამერმა თქვა, ბრაზი შეიძლება ძალად იქცეს, თუ იცით, როგორ გამოიყენოთ იგი.” – აღნიშნა არტისტმა.
Moby ერთ-ერთია იმ მცირე ელექტრონული მუსიკის შემსრულებელთა შორის, რომლებმაც მინეაპოლისში ICE-ის წინააღმდეგ ბოლო დროს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებზე გაამახვილეს ყურადღება. 26 იანვარს სეთ ტროქსლერმაც გამოაქვეყნა ვიდეო, სდაც ხალხს ურთიერთსიყვარულისკენ მოუწოდებს: „ერთმანეთი ცოტა მეტად უნდა გვიყვარდეს და ვაფასებდეთ, რადგან ეს აღარ არის ნორმალური სიტუაცია, ჩვენ უბრალოდ უკეთესები უნდა გავხდეთ და რეალური ემპათია გამოვიჩინოთ ყველას მიმართ.” მომხდარ ფაქტს ასევე გამოეხმაურნენ ისეთი მუსიკოსებიც, როგორებიც არიან ოლივია როდრიგო, ფინეასი და ბილი აილიში. ბილი აილიშმა 26 იანვარს კითხვით მიმართა სხვებს: „ჩემო ცნობილო კოლეგებო, არ აპირებთ ხმის ამოღებას?“ – დაწერა მომღერალმა.
ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ოფიცერი, რომელმაც ალექს პრეტი მოკლა, თავდაცვის მიზნით მოქმედებდა, რა დროსაც პირი მათ ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა. თუმცა შემთხვევის ადგილიდან მოწმეების მიერ გადაღებულ არაერთ ვიდეოში ჩანს, რომ დაპირისპირების დროს ალექს პრეტს იარაღი თან არ ჰქონდა.