რა მოხდა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე

ოლიმპიადა ოფიციალურად მილანის სან სიროს სტადიონზე გაიხსნა შოუთი, რომელიც მერაია კერის, ლაურა პაუზინისა და ანდრეა ბოჩელის გამოსვლებს მოიცავდა.

2026 წლის მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშები ის მთავარი მოვლენაა, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს მილანის განახლებულ საერთაშორისო აღზევებას, რაც ერთი დეკადის წინ ექსპო 2015-ით დაიწყო. ოლიმპიადა ასევე წარმოადგენს სტრატეგიულ შესაძლებლობას იტალიისთვის, არსებულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, როცა საერთაშორისო ურთიერთობები სწრაფად იცვლება. ასეთ სიმბოლურ მოვლენებში კი, როგორიც სპორტული ღონისიებებია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუ რამდენად და როგორ შეძლებს მასპინძელი ქვეყანა მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ეფექტურად წარმართვას. 

ეს არის მიზეზი, რის გამოც 6 თებერვალს მთელი მსოფლიოს ყურადღება 2026 წლის მილანი-კორტინას ოლიმპიადისკენ იყო მიპყრობილი. გახსნის ცერემონია რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა, თუმცა ცენტრალური ღონისძიება, სამსაათნახევრიანი მეგა შოუ, მილანის სან სიროს სტადიონზე გაიმართა. შოუს ორგანიზატორი Balich Wonder Studio იყო, რომელსაც ოლიმპიადის ცერემონიებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

„გახსნის ცერემონია არ არის მხოლოდ ტექნოლოგიების ან სანახაობის დემონსტრირება,” – თქვა მარკო ბალიჩმა ცერემონიამდე. „უმთავრესად, ეს არის ადამიანებისა და ემოციების მეშვეობით მოყოლილი ამბავი. ამ რთულ სამყაროში, გვინდა, რომ ჰარმონიის, სილამაზისა და მშვიდობის მესიჯი გავავრცელოთ, რომელიც ყველასთან მივა.”

მუსიკალურ სტუმრებს შორის იყვნენ მერაია კერი, ლაურა პაუზინი და ანდრეა ბოჩელი. საღამოს მუსიკალურ ნაწილში ასევე მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა მუსიკოსმა, რომლებმაც ღონისძიებისთვის ორიგინალური საუნდტრეკი შექმნეს. 

პროგრამა შუადღეს ლა სკალას თეატრში დაიწყო, სადაც წითელი ხალიჩის ღონისძიება შედგა. მასში მონაწილეობა მიიღო წინა ოლიმპიადების არაერთმა გმირმა, დაწყებული ამერიკელი სნოუბორდისტ შაუნ უაიტით (სამგზის ჩემპიონი), დასრულებული ფიგურული სრიალის ჰოლანდიელი ჩემპიონ ირენ სჰაუტენით.

ადგილზე ასევე იყვნენ სხვადასხვა სფეროს ლეგენდებიც, დაწყებული კინოთი, მოდის ინდუსტრიით დასრულებული, მათ შორის ჯეფ გოლდბლამი, დონატელა ვერსაჩე, სტენლი ტუჩი, მარისა ტომეი და სხვები.

„ბილბორდის” ყველაზე დიდი ყურადღება, რა თქმა უნდა, მუსიკოსებმა მიიპყრეს. ENHYPEN-ის სუნჰუნი, რომელსაც ჩირაღდნის ტარების პატივიც ერგო, ლა სკალას თეატრში ელეგანტურად, შავ კოსტიუმსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი წარდგა. “როგორც სპორტსმენებს, ასევე K-პოპ არტისტებს ერთი მიზანი აქვთ, რომ ფანები გაახარონ და ღონისძიებით ასიამოვნონ,” – ამბობს მომღერალი, რომელიც ათი წლის განმავლობაში ფიგურულ სრიალს მისდევდა. „როცა თავად ვიყავი სპორტსმენი, ჩემი ოცნება ოლიმპიადაში მონაწილეობა იყო. ახლა კი აქ არტისტის რანგში ყოფნა ძალიან განსხვავებული შეგრძნებაა, მაგრამ ეს ჩემთვის დიდი პატივია.”

მოულოდნელი იყო ღონისძიებაზე აშერის გამოჩენა, რომელმაც მუსიკასა და სპორტს შორის კავშირზე ისაუბრა. „მუსიკა და სპორტი ფეხდაფეხ მიდიან. მუსიკა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, ფიგურულ სრიალში. თუმცა უმეტესად ის სპორტსმენებისთვის საუნდტრეკია, რომელიც მათ მოტივაციაში ეხმარება.”

ოლიმპიადის გახსნის ცერემონია საღამოს 8 საათზე ქორეოგრაფიული წარმოდგენით დაიწყო: ლა სკალას თეატრის აკადემიის 70-მა მოცეკვავემ სცენაზე კუპიდონისა და ფსიქეას მითი გააცოცხლა. თეთრის ტონალობები და ტანსაცმლის შუქ-ჩრდილები, რომლებიც ნეოკლასიკური მოქანდაკის, ანტონიო კანოვას ხელოვნებას მოგვაგონებდა, ფერთა აფეთქებად გადაიქცა, რასაც ფონად იტალიელი კლასიკოსების – ჯუზეპე ვერდის, ჯაკომო პუჩინისა და ჯოაკინო როსინის მუსიკა გასდევდა.  

იტალიური ხელოვნებისთვის პატივის მიგების შემდეგ ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავის ჯერი დადგა. სცენაზე მოცეკვავეებით გარშემორტყმული მერაია კერი გამოჩნდა და დომენიკო მოდუნიოს კლასიკა Nel Blu, Dipinto di Blu შეასრულა, რომელიც ცნობილია, როგორც Volare. მას მოჰყვა ჰიტი კერის რეპერტუარიდან Nothing Is Impossible.

ცერემონიას ესწრებოდნენ იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი კირსტი კოვენტრი. 

მერაია კერის გამოსვლის შემდეგ გახსნის ცერემონიაზე პატივი მიაგეს  ჯორჯო არმანის. იტალიური მოდის მეფე გასულ სექტემბერს გარდაიცვალა. მოდელები სცენაზე მისი მწვანე, თეთრი და წითელი სამოსით გამოვიდნენ, რაც იტალიის დროშის ფერებს იმეორებდა. 

ამის შემდეგ მეორე ვარსკვლავის ჯერიც დადგა – ღონისძიებაზე ლაურა პაუზინი გამოჩნდა. იტალიის დროშის ქვეშ პოპვარსკვლავმა ეროვნული ჰიმნი შეასრულა, რასაც სპორტსმენების ხანგრძლივი მსვლელობა მოჰყვა, ტრადიციულად, საბერძნეთიდან დაწყებული, იტალიით დასრულებული. აუდიტორია ისრაელის დროშის გამოჩენას სტვენით, უკრაინის დროშას კი აპლოდისმენტებით შეხვდა. 

მსვლელობის შემდეგ ოფიციალური სიტყვით გამოსვლის დრო დადგა. პირველი გამომსვლელი ჯოვანი მალაგო, მილანი-კორტინას ფონდის დირექტორი იყო: „მიყვარს ჩემი ქვეყანა, მიყვარს სპორტი. არასდროს ვყოფილვარ ასეთი ამაყი იტალიელობით, როგორც დღეს. სპორტსმენებს კი ვეტყვი: ეს თქვენი დროა. თქვენი მრავალწლიანი შემართების, გაბედული ოცნებებისა და განზრახვის, რომ საზღვრები გაარღვიოთ. ეს თამაშები თქვენ გეკუთვნით. იმ დროში, როცა მსოფლიო კონფლიქტებითაა დაყოფილი, თქვენი არსებობა იმის დემონსტრირებაა, რომ სხვა სამყაროს არსებობაც შესაძლებელია – ერთიანობის, პატივისცემისა და ჰარმონიის.”

სპორტსმენებს სიტყვით მიმართა კირსტი კოვენტრიმაც: „თქვენი საშუალებით ჩვენ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიებს ვხედავთ. თქვენ გვახსენებთ, რომ შეგვიძლია ვიყოთ მამაცები, კეთილები. როცა ვხედავთ სპორტსმენს, რომელიც წაბორძიკდება, მაგრამ ძალას პოულობს, რომ ადგეს, ჩვენ ყველას გვახსენდება, რომ იმავეს გაკეთება შეგვიძლია. როცა ვხედავთ სპორტსმენებს, რომლებიც ერთმანეთს ფინიშის ხაზზე ეხვევიან, ეს ჩვენ გვახსენებს, რომ შეგვიძლია პატივისცემა ავირჩიოთ. არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოვდივართ, ჩვენ ყველა ამ სულისკვეთებას ვიზიარებთ.”

სან სიროს სტადიონზე იმყოფებოდა მსახიობი შარლიზ ტერონიც, რომელიც გაეროს მშვიდობის ელჩია. მან ნელსონ მანდელას სიტყვით შთაგონებული მონოლოგი წაიკითხა: „მშვიდობა არ არის მხოლოდ კონფლიქტის არარსებობა. მშვიდობა ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც ყველას შეუძლია გაიბრწყინოს, განურჩევლად რასის, ფერის, რწმენის, რელიგიის, სქესის, კლასის, კასტის ან ნებისმიერი სხვა სოციალური ნიშნისა.”

სან სიროს სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლას თან სდევდა იტალიის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი Nessun dorma პუჩინის ოპერიდან „ტურანდოტი”, რომელსაც მსოფლიო საოპერო ვარსკვლავი ანდრეა ბოჩელი ასრულებდა. ცეცხლი სცენაზე სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა ბოჩელიმ ნაწარმოების ყველაზე მაღალი ნოტი აიღო. 

ამის შემდეგ სცენაზე რეპერი Ghali წარდგა, რომელიც, მისი პროპალესტინური პოზიციის გამო, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ყველაზე საკამათო სტუმარი იყო. მუსიკოსი ამტკიცებს, რომ მას ეროვნული ჰიმნის შესრულება და არაბულ ენაზე საუბარი აუკრძალეს. სატელევიზიო ტრანსლაციაში კი არც მისი სახელი ახსენეს და არც ახლო კადრით უჩვენებიათ. 

თუმცა, მისი სიმარტივით, რეპერის გამოსვლა ერთ-ერთი ყველაზე ემოციური იყო. თეთრებში ჩაცმულ მოცეკვავეთა ჯგუფთან ერთად Ghali-მ სამ ენაზე – იტალიური, ფრანგული და ინგლისური – იტალიელი საბავშვო მწერლის, ჯანი როდარის პოემა Promemoria შეასრულა კონფლიქტების წინააღმდეგ მიმართული მარტივი, მაგრამ ძლიერი მესიჯით: „არის რაღაცები, რაც არასდროს უნდა გააკეთო/ არც დღე და არც ღამე/ არც ზღვაში და არც ხმელეთზე/ მაგალითად, ომი.”

სპორტსმენების ფიცის შემდეგ ოლიმპიური ცეცხლი ერთდროულად აინთო მილანსა და კორტინაში. 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად დაიწყო. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კვირის ახალი მუსიკალური რელიზები

შემდეგი სტატია

მარიამ გალოგრემ ინოლა გურგულიას სიმღერის ქავერ ვერსია წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი