ტრიუმფალური Super Bowl Halftime Show-თი Bad Bunny-მ მთელი მსოფლიო თავის სახლად გადააქცია: კრიტიკოსების შეფასება

სუპერვარსკვლავმა კარიერის განმსაზღვრელ მომენტში ერთიანობის მოწოდება გააჟღერა.
Bad Bunny Super Bowl Halftime Show-ზე
CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

სულ რამდენიმე Halftime Show-ს თუ ჰქონია ამ მასშტაბის რისკი და ამავდროულად დასაკარგი არაფერი, როგორიც Bad Bunny-ის გამოსვლას ჰქონდა მე-60 Super Bowl-ზე. ერთი მხრივ, კონცერტმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც პუერტო-რიკოელი ვარსკვლავის კანდიდატურა ხმამაღლა გააკრიტიკეს იმ ადამიანებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, კეროლ ჯისა და კენი ჯის ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ. მეორე მხრივ კი, Bad Bunny-ს ბოლო 13 თვის განმავლობაში თითქმის ყველა მიმართულებით გამარჯვებების სერია ჰქონდა. ამიტომ ეს კონცერტიც, მსოფლიოს უდიდეს სცენაზე, მის ცხოვრებაში სწორედ იმ დროს მოვიდა, როცა ამით მხოლოდ მსოფლიოს დომინანტისა და საყვარელი სუპერვარსკვლავის სტატუსს გაიმყარებდა.

და მართლაც, ბანის გამოსვლამ არაჩვეულებრივად წარმოაჩინა ყველა ის მიზეზი, რის გამოც ის მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი გახდა: უზადო დიზაინის, შესანიშნავი შემოქმედებითი ინსტიქტებისა და უნივერსალური გზავნილების კომბინაცია, რომელსაც თან ერთვის გამორჩეული ხმა და გასული დეკადის საუკეთესო ჰიტები. და მაშინ, როცა მან მთელი მსოფლიო სიხარულით მიიწვია თავის ესპანურენოვან სამყაროში, მომღერალს სათქმელი მათთვისაც ჰქონდა, ვინც იმ სცენაზე მისი დგომის უფლებას ეჭვის თვალით უყურებდა.

შოუს ვიზუალი თავიდანვე აშკარად პუერტო-რიკოული იყო. ბანიმ გამოსვლა შაქრის ლერწმის მინდვრიდან დაიწყო Un Verano Sin Ti-ს ჰიტით Titi Me Pregunto, რომლის დროსაც კაცები დომინოს თამაშობდნენ, ქალები მანიკურს იკეთებდნენ, ვაჭრები ტაკოსა და სამკაულებს ყიდდნენ, მოკრივეები კი ერთმანეთს ებრძოდნენ. ამის შემდეგ მან მაყურებელი La Casita-ში მიიპატიჟა, რომელიც No Me Quiero Ir De Aqui-ს რეზიდენციიამ მისი იმიჯის განუყოფელ ნაწილად აქცია და რომლის სტუმრებიც, არც მეტი, არც ნაკლები ქარდი ბი, ჯესიკა ალბა და პედრო პასკალი იყვნენ.  ვარსკვლავების ეს ბრწყინვალე შემადგენლობა წარმოაჩენდა, რომ ბანის შეუძლია A კლასის ვარსკვლავები სახლის უცნობ სტუმრებად დაპატიჟოს ისე, რომ მათმა გამოჩენამ შოუ არ გადაფაროს.

უფრო მეტი საეკრანო დრო მიიღო ბანის ორმა მუსიკალურმა სტუმარმა – ლედი გაგამ, რომელმაც Die With a Smile შეასრულა და რიკი მარტინმა, რომელმაც Debí Tirar Más Fotos-ის ემოციური ბალადა Lo Que Le Pasó a Hawaii შეასრულა – და ასევე უცნობმა წყვილმა, რომლესაც კონცერტის დაწყებამდე სუპერვარსკვლავმა ნიშნობის ბეჭედი გადასცა და რომელთა ქორწილიც მთელ შოუს გასდევდა. მიუხედავად იმისა, რომ Baile Inolvidable-ს მომენტი აშკარად დადგმული იყო, თავად ქორწილი, გადმოცემის თანახმად, რეალური იყო, რამაც შოუს კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი სული და სიცოცხლე შესძინა. 

კამერასთან ერთად Bad Bunny მოქნილად და ბუნებრივად მოძრაობდა, რათა შოუ უწყვეტი და არათეატრალური გამოჩენილიყო – როგორც ერთი ჩვეულებრივი დღე მუსიკოსის ცხოვრებაში, რომელმაც გლობალურ სუპერვარსკვლავობას მიაღწია ისე, რომ კვლავაც შეუძლია თქვას, რომ „ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც მუსიკას ქმნის”.

თუმცა „ჩვეულებრივი ბიჭები”, როგორც წესი, არ ხვდებიან პოლიტიკური ქარცეცხლის ეპიცენტრში ისე, როგორც ბანი მოექცა მას შემდეგ, რაც Halftime Show-ს ჰედლაინერად დასახელდა. და მიუხედავად იმისა, რომ მას კონკრეტული მიმართვები არ გაუკეთებია, პუერტო-რიკოული სიამაყე იმდენად ხმამაღალი იყო, რომ მის მიმართულებას სიცხადე ნამდვილად არ აკლდა. მაშინ კი, როცა DtMF შოუს პროგნოზირებადი კულმინაცია უნდა ყოფილიყო, ბანიმ სიმღერა გამოსვლის ბოლოს, კოდას სახით შეასრულა. მის ნაცვლად კი, შოუს ემოციური კულმინაცია El Apagón-ისა და Café Con Ron-ისთვის გამოიყენა, რომლებიც მისი ორი ყველაზე დიდი ალბომის ყველაზე ნაკლებად დასტრიმული სიმღერებია, თუმცა ამავდროულად ორი უკიდურესად პუერტო რიკოული ჰიმნი, რომლებიც სწორედ შესაფერისი საუნდტრეკი იყო სცენისთვის, როცა მუსიკოსი თავისი ქვეყნის დროშას აფრიალებდა და საღამოს ყველაზე ძლიერ სიტყვას წარმოთქვამდა:

„ღმერთმა დალოცოს ამერიკა… იქნება ეს ჩილე, არგენტინა, ურუგვაი, პარაგვაი, ბოლივია, პერუ, ეკვადორი, ბრაზილია, კოლუმბია, ვენესუელა, გაიანა, პანამა, კოსტა-რიკა, ნიკარაგუა, ჰონდურასი, ელ სალვადორი, გვატემალა, მექსიკა, კუბა, დომინიკის რესპუბლიკა, იამაიკა… აშშ, კანადა და ჩემი სამშობლო, ჩემი სახლი, პუერტო-რიკო. ჩვენ აქ ვართ.”

Fotos-ის შესრულების შემდეგ შოუს კულმინაცია ფეხბურთის ბურთის გამოტანა იყო წარწერით: „ერთად, ჩვენ ამერიკა ვართ”, ხოლო ეკრანზე ეწერა: „ერთადერთი რამ, რაც სიძულვილზე ძლიერია, სიყვარულია.”

მსოფლიოს დიდ სცენაზე Bad Bunny-ს მხოლოდ გამოჩენაც კი უკვე პოლიტიკური აქტი იქნებოდა, როგორც ესპანურენოვანი და ცხადად იმიგრაციის მხარდამჭერი მსოფლიო არტისტის იმ დროს, როცა საიმიგრაციო დეპარტამენტის რეიდები ამერიკული ცხოვრების გამუდმებული საფრთხე გახდა იმ დონეზე, რომ Super Bowl-იც კი აღარ იყო უსაფრთხო. თუმცა ასეთი საზეიმო გამოსვლა, რომელიც აღნიშნავდა საუკუნის ყველაზე დიდი არაინგლისურენოვანი არტისტის ოფიციალურ შემოსვლას ვარსკვლავების უმაღლეს წერტილზე – რომელიც, ამავდროულად, არასდროს დაგავიწყებდა, თუ საიდან მოდის, რისთვის იბრძვის ან ვის წარმოადგენს – ნამდვილად იყო განაცხადი, რომელიც კიდევ დიდხანს გაიჟღერებს ხმამაღლა, როგორც უკვე ისტორიული კარიერის განმსაზღვრელი მომენტი.

რამდენად მივიდა მესიჯი იმ ადამიანებამდე, ვისთვისაც ამის მოსმენა საჭირო იყო? შესაძლოა – არა. შესაძლოა ისინი ზედმეტად დაკავებული იყვნენ Kid Rock-ისა და ლი გრინვუდის ყურებით, შოუს ხმამაღალი კრიტიკით ან უბრალოდ სოციალურ მედიაში ჩივილით, როგორც, მაგალითად, ქვეყნის მეთაური. თუმცა შესაძლოა რამდენიმე ადამიანამდე მაინც მივიდა. და თუ არა, მინიმუმ ის მაინც დაუმტკიცა მის თანამოაზრეებს, რომ მათ მხარეს ბევრად შთამბეჭდავი სუპერვარსკვლავები იბადებიან, რომლებსაც ბევრად კარგი წვეულებების გამართვა შეუძლიათ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Lana Del Rey გრემის 66-ე დაჯილდოებაზე, 2024 წლის 4 თებერვალი, ლოს ანჯელესი, კალიფორნია GILBERT FLORES/BILLBOARD

Lana Del Rey ახალი სინგლის გამოსვლის თარიღს ანონსებს თანაავტორად კი მეუღლეს, ჯერემი დიუფრენს ასახელებს

შემდეგი სტატია

რამდენი ნახვა ჰქონდა Turning Point USA-ს ალტერნატიულ Halftime Show-ს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნუ მიეყრდნობით

„ნუ მიეყრდნობით“ –  ქართული ალტერნატიული სცენის ახალგაზრდა ხმა

„ჩვენი ტექსტების მოსმენის შემდეგ მინდა ხალხმა იგრძნოს, რომ მარტო არ არიან. იშვიათად ვეხებით სოციალურ თემებს, ამიტომაცაა ჩვენი მსმენელი უმეტესად ახალი თაობა, ხალხი, რომელსაც ამ გრძნობებისთვის ჯერ კიდევ სცალია.”
მეტი

ჰილარი დაფმა განქორწინებაზე, Disney-სთან თანამშრომლობის უარყოფით მხარეებსა და დასთან უთანხმოებაზე ისაუბრა

„დაახლოებით 15 წლის ასაკში ვიგრძენი, რომ მსოფლიო ზედმეტად დაინტერესდა იმით, თუ რა მეცვა, ვის ვხვდებოდი, რას ვჭამდი,” – თქვა ვარსკვლავმა On Purpose-ის პოდკასტის ახალ ეპიზოდში.
მეტი

ჯეკ უაიტმა განმარტა თავისი პოზიცია ტეილორ სვიფტის შესახებ: „მე არ მითქვამს, რომ მისი მუსიკა მოსაწყენია”

მუსიკოსმა ინსტაგრამზე პოსტი დაწერა მას შემდეგ, რაც მისი ციტატა არასწორი ინტერპრეტაციით ვირუსულად გავრცელდა.
მეტი

იაპონელი ავტორ-შემსრულებელი AI ახალ სინგლზე, 25 წლის იუბილესა და მომავალ გეგმებზე საუბრობს: წაიკითხეთ ინტერვიუ

Billboard იაპონია მუსიკოსს ამჟამინდელ განწყობაზე ესაუბრა, ასევე იმაზე, თუ რას ხედავს წინ მუსიკალურ ინდუსტრიაში ყოფნის 26-ე წლისთვის.
მეტი