საქართველოს მუსიკალურ ინდუსტრიაში ახალი პლატფორმა გამოჩნდა. Flitz Collective ბაზარზე იმ ცარიელი ნიშის შევსებას გეგმავს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების მასშტაბური და კონცეპტუალური მუსიკალური შოუების ჩატარებას გულისხმობს. კომპანიის დამფუძნებლების, ჩიკო ხითარიშვილის და სანდრო სულაქველიძის განმარტებით, იდეა მრავალწლიანი მეგობრობისა და საერთო ხედვების საფუძველზე გაჩნდა:
„ვხედავდით, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის მუსიკალური გამოცდილების დეფიციტი იყო. შესაბამისად, დავინახეთ შესაძლებლობა, შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც საერთაშორისო არტისტებს, თანამედროვე ფროდაქშენს და ლოკალურ აუდიტორიას ერთ სივრცეში გააერთიანებდა. ჩვენი მთავარი ნიშა პრემიუმ კლასის კონცეპტუალური შოუებია.“
Flitz Collective-ის უკან სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი დგას. მათი გამოცდილება მუსიკალურ ინდუსტრიას, ივენთ მენეჯმენტს, მარკეტინგსა და ფინანსებს მოიცავს. როგორც გუნდში აღნიშნავენ, მათი სიძლიერე სწორედ განსხვავებული კომპეტენციებისა და საერთო ღირებულებების სინთეზშია, რაც Flitz Collective-ს გლობალური სტანდარტების პროდუქტის შექმნის საშუალებას აძლევს.

Flitz Collective-ის სტრატეგია მხოლოდ არტისტის ჩამოყვანით არ შემოიფარგლება – აქცენტი სრულყოფილი გამოცდილების შექმნაზეა:
„ჩვენი მთავარი უპირატესობა დეტალებზე ორიენტაციაა. Flitz Collective არ ფოკუსირდება მხოლოდ შემსრულებლის მოწვევაზე; ჩვენ ვქმნით სრულ გამოცდილებას – ბრენდის იდენტობის ვიზუალური კონცეფციიდან დაწყებული, ტექნიკური შესრულებით დამთავრებული. საერთაშორისო პარტნიორული ქსელი კი გვაძლევს წვდომას ისეთ არტისტებსა და ფორმატებზე, რომლებიც რეგიონს იშვიათად სტუმრობენ.“
არტისტების შერჩევისას გუნდი პრიორიტეტს იმ მუსიკოსებს ანიჭებს, ვინც მუსიკალურ ტენდენციებს თავად ქმნიან. ყურადღება ექცევა არტისტის აქტუალობას გლობალურ სცენაზე, მის გავლენას კულტურაზე და შესაბამისობას ადგილობრივი აუდიტორიის მოლოდინებთან.
ამ სტანდარტების გათვალისწინებით, მოლაპარაკებები მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან, როგორიც, მაგალითად, არის Moby, რთულ პროცესს წარმოადგენს.
„მსგავსი მასშტაბის არტისტებთან მოლაპარაკებები კომპლექსური პროცესია. მასში ჩართული არიან ბუქინგ მენეჯერები, აგენტები და ტექნიკური გუნდები. ეს მოიცავს არა მხოლოდ ფინანსებს, არამედ ლოჯისტიკურ და კრეატიულ დეტალებსაც. საჭიროა მაღალი სანდოობა და პროფესიონალიზმი, რათა შესაბამისი შეთანხმება შედგეს.“
ზაფხულში Flitz Collective ორ მასშტაბურ მუსიკალურ შოუს აანონსებს. 21 ივნისს თბილისს ტომ ოდელი ეწვევა. მისი კონცერტი „ლოკო პარკში” გაიმართება. 30 ივლისს კი მაყურებლის წინაშე Moby წარდგება. შოუ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ჩატარდება. ორგანიზატორები ამბობენ, რომ თითოეული შოუ ინდივიდუალურად დამუშავებული პროექტი იქნება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სცენის დიზაინს, ხმის ხარისხსა და ინფრასტრუქტურას.

ამ დრომდე Flitz Collective-მა უკვე სამი მუსიკალური ღონისძიება გამართა. მსმენელის წინაშე წარდგნენ: Buena Vista All Star, Oscar and the Wolf და მეისი გრეი
სამომავლო პერსპექტივაში Flitz Collective საკუთარ თავს ინდუსტრიის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მოიაზრებს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს რეგიონულ კულტურულ ჰაბად ჩამოყალიბებას:
„ჩვენი მიზანია, ავიმაღლოთ სტანდარტები, რათა მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო დონის არტისტი და დავაკავშიროთ ისინი ლოკალურ სცენასთან. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ რამდენიმე მსხვილ საერთაშორისო პროექტს და ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებას არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონულ ბაზარზეც,“ – ამბობენ Flitz Collective-ის დამფუძნებლები.