რას ამბობს Ye-ს ალბომის, Bully-ს პირველი კვირის მაჩვენებლები არტისტის ამჟამინდელ სტატუსზე?

რამდენად შეესაბამება Bully-ს პირველი კვირის მაჩვენებლები ჩვენს მოლოდინებს? Billboard-ის გუნდის წევრები ამ და სხვა კითხვებს პასუხობენ.
კანიე უესტი 67-ე გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე. 2025 წლის 2 თებერვალი. ლოს-ანჯელესი.
Matt Winkelmeyer/Getty Images for The Recording Academy

მრავალთვიანი ლოდინის შემდეგ, Ye-მ 28 მარტს ალბომი Bully გამოუშვა. 

18-ტრეკიან ალბომში მონაწილეობენ ტრევის სკოტი, Peso Pluma, CeeLo Green და ანდრე ტრაუტმანი. მიმდინარე  კვირაში ნამუშევარი Billboard 200-ის ჩარტში მე-2 ადგილს იკავებს და მხოლოდ BTS-ის ყველაზე გაყიდვად ალბომს – Arirang-ს ჩამორჩება, რომელიც მეორე კვირაა, ლიდერობს. პირველ კვირაში ალბომის 152 000 ეკვივალენტური ერთეული გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ უესტის LP-ის  გამოსვლა დაემთხვა არტისტის 2026 წლის პირველ ცოცხალ გამოსვლებს ლოს-ანჯელესის SoFi Stadium-ზე, რომლებზეც ყველა ბილეთი სრულად გაიყიდა. ამას უნდა მოჰყოლოდა ივლისში დაგეგმილი ჰედლაინერული გამოსვლა ბრიტანეთის Wireless Festival-ზე. თუმცა 7 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ Ye-ს გაერთიანებულ სამეფოში შესვლაზე უარი უთხრა, რის გამოც ფესტივალი 2026 წლისთვის საერთოდ გაუქმდა.

რამდენად შეესაბამება Bully-ს პირველი კვირის მაჩვენებლები ჩვენს მოლოდინებს? გვიჩენს თუ არა ეს განცდას, რომ ის კვლავაც ე.წ. მეინსტრიმული არტისტია? Billboard-ის გუნდის წევრები ამ და სხვა კითხვებს პასუხობენ.

1. Ye-ს დებიუტი Billboard 200-ის მე-2 ადგილზე შედგა. Bully 152 000 გაყიდული ერთეულით დაწინაურდა, თანაც არასრულ საანგარიშო კვირაში. როგორია ეს ციფრები თქვენს მოლოდინებთან მიმართებით? 

კაილ დენისი: ვფიქრობ, დაახლოებით ისეთია, რასაც ველოდი. Ye-ს ყოველთვის შეეძლო გაყიდვების დადება, იქნება ეს მისი 2000-იანების აქტუალური პერიოდი, კოლაბორაციული ნამუშევრები თუ უფრო გოსპელზე ორიენტირებული პროექტები. 152 000 ერთეული სავსებით ლოგიკურია ისეთი ფიგურისთვის, როგორიც უესტია. ყოველთვის იარსებებს ერთგული ფანების ჯგუფი, რომელიც მას ფინანსურად დაუჭერს მხარს.

ენჯელ დიასი: თავიდან შედეგები იმაზე დაბალი მეგონა, ვიდრე ველოდი, თუმცა შემდეგ გავიგე, რომ ის BTS-ს უპირისპირდებოდა. ვვარაუდობდი, რომ ცნობისმოყვარეობის ხარჯზე პირველ ადგილზე გავიდოდა.

კარლ ლამარი: ვფიქრობდი, რომ Ye-ს არ გაუჭირდებოდა ექვსნიშნა ციფრზე გასვლა, ამიტომ 152 ათასი ადეკვატური მაჩვენებელია მისი კარიერის ამ ეტაპისთვის. პარასკევს რომ გამოეშვა, როგორც დაგეგმილი იყო, 200 000 და პირველი ადგილი რეალური იქნებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უესტისთვის სოლიდური დებიუტია.

მაიკლ საპონარა: ვიტყოდი, რომ ოდნავ დაბალია, ვიდრე ველოდი. ვფიქრობდი, რომ Ye 200 000-მდე ავიდოდა და პირველი დღენახევარი რომ არ გამოეტოვებინა (რაც Ye-ს რელიზებისგან მოსალოდნელიცაა), ალბათ გაყიდვები 200 000-ს მიუახლოვდებოდა და კიდევ ერთ „ნომერ პირველ“ ალბომს ჩაიწერდა თავის დოსკოგრაფიაში.

ენდრიუ უნტერბერგერი: შეიძლება ცოტათი მაღალიც კია,  რაც ალბათ იმითაა განპირობებული, რომ Ye-მ სტრიმინგთან ერთად, ფიზიკური ასლებიც გამოუშვა. ნებისმიერ შემთხვევაში,  ექვსნიშნა ციფრის გადალახვა ნამდვილად არ არის გასაკვირი. ინტერესის ფაქტორი Ye-ს შემთხვევაში ყოველთვის იმარჯვებს, ასევე სენტიმენტალური მიჯაჭვულობა, როგორც 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არტისტთან.

2. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Ye-მ  Vultures 1-ითა და Carnival-ით Billboard 200-ისა და Billboard Hot 100-ის წამყვანი პოზიციები დაიკავა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის ყოველი ახალი რელიზით თავის აქტუალობას ამტკიცებს. თქვენი ხედვით, Bully-ს პირველადი შედეგები ადასტურებს ამას?

კაილ დენისი: არც ისე. Carnival-ის დებიუტი Hot 100-ში მე-3 ადგილზე შედგა, Bully-ს შემთხვევაში კი, 16 ტრეკიდან ტოპ 20-ში ვერც ერთი მოხვდა. როდესაც Vultures 1 გამოვიდა, სოციალურ ქსელებში Carnival-ს ვერსად გაექცეოდი. Bully უკვე თითქმის ორი კვირაა გამოვიდა და მუსიკას ალბათ ყველაზე ნაკლები როლი აქვს Ye-სთან დაკავშირებულ ხმაურში. ჩემთვის „სიცოცხლისუნარიანობა“ ნიშნავს, რომ Ye-ს ახალ მუსიკას კვლავ შეუძლია გრძელვადიან კომერციულ წარმატებას მიაღწიოს, თუნდაც მისი ძირითადი ფანებისგან დამოუკიდებლად. ახლა არ ვარ დარწმუნებული, რომ Bully-ს შედეგები ამას ადასტურებს.

ენჯელ დიასი: მას მოუწევს საკუთარი აქტუალობის მუდმივად დამტკიცება, განსაკუთრებით Wireless-ის ფიასკოს შემდეგ. ჭრილობები ჯერ კიდევ ზედმეტად ახალია კრიტიკოსებისთვის და იმ ფანებისთვის, რომლებსაც გული აუცრუვდათ მასზე,  ბოლოდროინდელი საქციელის გამო. Ye ყოველთვის პოლარიზებული არტისტი იყო, მაგრამ არა ისე, როგორც ახლა. ვფიქრობ, მხოლოდ რაიმე შედევრი თუ უბიძგებს ხალხს, რომ მართლა აპატიონ და წარსული ქმედებები დაივიწყონ.

კარლ ლამარი: ეს ჰგავს ლაკმუსის ტესტს და შესაძლებლობას Ye-სთვის, რომ გაზომოს, ჯერ კიდევ აქვს თუ არა გავლენა ფანებზე. აჟიოტაჟი, დაწყებული პირველი კვირის ციფრებიდან ბილეთების გაყიდვამდე, მის ეგოზე აისახება. მაგრამ როგორც კი ხმაური ჩაცხრება, სწორედ მაშინ ხდება Ye ყველაზე მოწყვლადი.

მაიკლ საპონარა: პირველ პუნქტს არ დავეთანხმები. Ye-ს ორი ათწლეულის განმავლობაში დაგროვილი რეგალიებით, არ მგონია, რომ მას რამე ჰქონდეს დასამტკიცებელი. Bully სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და მიჩვენებს, რომ მის გარშემო კვლავ არიან ძლიერი არტისტები, როგორიცაა მაგალითად ანდრე ტრაუტმანი. ალბომის პროდაქშენი სუფთაა და მან თავი აარიდა ტრეკებს, რომლებიც დაუსრულებელ იდეებს ჰგავდა. საბედნიეროდ, მან ალბომიდან ამოიღო AI ვოკალები, რომლებიც Bully-ს ადრეულ ვერსიებში იყო.

ენდრიუ უნტერბერგერი: ეს აჩვენებს, რომ ფანები კვლავ მასთან არიან. ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ ეს ადამიანები ერთ ღამეში გაქრებიან, უბრალოდ ცდება.

3. Hot 100-ში მოხვედრილი 16 სიმღერიდან, Father (ტრევის სკოტთან ერთად) და All the Love (ანდრე ტრაუტმანთან ერთად) საუკეთესო შედეგს აჩვენებენ (21-ე და 25-ე ადგილები). გესახებათ რომელიმე მათგანი პოტენციურ გრძელვადიან ჰიტად?

კაილ დენისი: ეს ორივე სიმღერა Bully-დან შესაძლოა ყველაზე უფრო ახლოსაა „ძველი კანიეს“ დაბრუნებასთან, მაგრამ არცერთი არ მესახება გრძელვადიან ჰიტად. Carnival-მაც კი, Hot 100-ში ჯამში 20 კვირაც ვერ დაჰყო. სიმართლე რომ ვთქვა, ვფიქრობ, ახლა სხვა აქტუალური ჰიპ-ჰოპ სიმღერები არსებობს, რომლებიც ხალხს მეტად მოსწონს. თუმცა არ უნდა დავაიგნოროთ ის ფაქტი, რომ TikTok-ს აქვს უნარი, განაცლკეოს სიმღერა ყოველგვარი კონტექსტისგან და აქციოს ის ე.წ. მიმად ან ცეკვის ტრენდად.

ენჯელ დიასი: ვფიქრობ, All the Love-ს მეტი შანსი აქვს ფართო აუდიტორიაზე გასვლისთვის, თუმცა Father უფრო ენერგიულია და მასში ტრევის სკოტი მონაწილეობს. მიუხედავად ამისა, არ მჯერა, რომ რომელიმე მათგანს პოპულარობის დიდი ხნით შენარჩუნების ძალა აქვს. ჩემი პროგნოზით, რამდენიმე თვეში Bully-ზე ბევრს აღარ ვისაუბრებთ.

კარლ ლამარი: ორივე ჩანაწერი გამარჯვებაა. FATHER კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რატომ გვჭირდება Ye-სა და ტრევისის ერთობლივი ალბომი, ხოლო ALL THE LOVE ეხება 808s & Heartbreak-ის ემოციურ ბირთვს. ნოსტალგია ყოველთვის იმარჯვებს, განსაკუთრებით Ye-ს აუდიტორიის შემთხვევაში.

მაიკლ საპონარა: All the Love არის Ye-ს იმ გენიალურობის გაელვება, რომელიც  ფანებს მუდმივად აბრუნებს მასთან. ძალიან ცოტა რეპერი თუ აკეთებს მსგავს რამეს, ამიტომ ვფიქრობ, ეს სიმღერა დიდხანს დარჩება აქტუალური. ტრევისისა და Ye-ს გაერთიანება კი ყოველთვის მნიშვნელოვანი მომენტია.

4. არის თუ არა ალბომში კიდევ რაიმე ისეთი, რაც თქვენთვის საინტერესოა, ვთქვათ, Ye-ს ახალი ჟღერადობა ან მიმართულება?

კაილ დენისი: არც ისე. მისმა ხმის ტემბრმა მთელ ალბომში ვერ  შეძლო, რომ ის [ნოვატორი] არტისტი გაეცოცხლებინა, რომელმაც თავიდან ბევრი ჩვენგანი მოხიბლა.

ენჯელ დიასი: დიდად არა. ვიგრძენი, რომ ის ძველ ჟღერადობებს ატრიალებდა, ნაცვლად წინსვლისა და იმ ნოვატორობისა, რომლითაც მას ვიცნობთ. ყველაზე საინტერესო Bully-დან იყო SoFi-ს სცენის დიზაინი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი – ჭიდაობის შავ-თეთრი შენელებული კადრები. მუსიკა ცუდი არ არის, მაგრამ ნამდვილად ვერ ვხედავ ჩემს თავს Bully-ს ხშირ მსმენელად.

კარლ ლამარი: BULLY ჟღერს, როგორც Ye-ს ყველაზე საყვარელი პროდაქშენის ეპოქების ნაზავი. დაწყებული სოულ-სემპლებით, რომლებიც The College Dropout-სა და Late Registration-ს მოგვაგონებს, დამთავრებული talk box-ის მუდმივი გამოყენებით. ეს მომენტები საკმარისია, რათა ფანებს დააჯეროს, რომ ჯერ კიდევ არსებობს Ye-ს ვერსია, რომელსაც შემოქმედებითი მუხტის გავრცელება შეუძლია.

მაიკლ საპონარა: ჟღერადობის მხრივ, Bully-ში ყველაზე მეტად ის მომწონდა, როგორ აქცია Ye-მ თავისი კარიერის სხვადასხვა ეპოქა ერთგვარ ნოყიერ კერძად – იქნება ეს Yeezus-ის ინდუსტრიული სტილი სიმღერაში – King, თუ მისი საფირმო აჩქარებული სოულ სემპლები სიმღერაში – Punch Drunk.

ენდრიუ უნტერბერგერი: I Can’t Wait და White Lines გამოირჩევა უხეში და მოუქნელი ფორმით. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ის თვითონაც ძალიან არეულია, იშვიათია Ye-სგან ასეთი დაუდევარი ნამუშევრის მოსმენა. შეიძლება ეს ახლებურ გულწრფელობად ჩათვალოთ, მაგრამ ჩემთვის ეს უბრალოდ დაუბალანსებლად ჟღერს. თუმცა, King-ის ბიტი საკმაოდ ძლიერი ინტროა, ხოლო Preacher Man-ის მინიმალიზმი ბიტის გარეშე საინტერესოც კია.

5. Bully-ს გამოხმაურებისა და მისი ბოლოდროინდელი (და მომავალი) კონცერტების ფონზე, გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ინდუსტრიამ და საზოგადოებამ მას აპატია ანტისემიტური და სხვა სკანდალური ქცევები? თუ უბრალოდ ძველი ფანების ხმა უფრო ძლიერია, ვიდრე უკმაყოფილო საზოგადოების?

კაილ დენისი: ვფიქრობ, ბრიტანეთის მიერ მისი ქვეყანაში არშეშვება და Wireless-ის გაუქმება საკმარისი პასუხია. აჩვენა SoFi-ს კონცერტებმა შთამბეჭდავი გაყიდვები და დიზაინი? ცალსახად. მაგრამ ეს იყო წერტილოვანი გამოჩენა ბაზარზე, რომელიც ამჟამად Ye-სთვის ყველაზე უსაფრთხოა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ამ წარმატებას სრულფასოვან ტურნეში გაიმეორებს. საკითხავია ისიც, საერთოდ თუ შეძლებს სპონსორების პოვნას. ბოლო ორ კვირას პატიების ნიშნად არ აღვიქვამ. რამდენადაც ბევრი ადამიანი ესწრებოდა ამ შოუებს, ასობით სხვა აკრიტიკებდა თავის მეგობრებსა და ცნობილ ადამიანებს იქ მისვლის გამო.

ენჯელ დიასი: ის ზედმეტად ნიჭიერია და ზედმეტად ბევრი რამ აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ საბოლოოდ არ აპატიონ, განსაკუთრებით ერთგულმა ფანებმა. Wireless-ის ბილეთები მომენტალურად გაიყიდა, SoFi-ზეც ანშლაგი იყო. ის დაიბრუნებს საზოგადოების კეთილგანწყობას, თუ გააგრძელებს ამ „ბოდიშის ტურნეს“ და აღარ ექნება ახალი სკანდალური გამოსვლები. ბოლოს და ბოლოს, ეს ამერიკაა. უბრალოდ შეხედეთ, ვინ არის პრეზიდენტი.

კარლ ლამარი: ამ ეტაპზე, მასთან მხოლოდ ერთგული ფანები რჩებიან ბოლომდე. მაგრამ 80 000 ადამიანი SoFi-ზე ან 98 მილიონი სტრიმი პირველ დღეს არ ასახავს საზოგადოების განწყობას. Ye სამუდამოდ დარჩება პოლარიზებულ ფიგურად, რაც Wireless-ის გაუქმებამაც დაამტკიცა. წარსულმა გამონათქვამებმა მას ამ ათწლეულის ალბათ ყველაზე დიდი მომენტი დააკარგვინა.

მაიკლ საპონარა: ჩემთვის ინდუსტრია და საზოგადოება ორი სხვადასხვა რამაა. საზოგადოების ნაწილმა მას საერთოდ ზურგი აქცია, მეორე ნაწილი კი მზადაა, თვალი დახუჭოს მის საქციელზე, თუ მომავალ თვეებში სწორ გზაზე ივლის და მუსიკის გარკვეულ ხარისხს შეინარჩუნებს. რაც შეეხება ბიზნეს მხარეს, ვფიქრობ, აქ ნდობის აღდგენას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება, რადგან საქმე ფულს და რეპუტაციას ეხება. Ye-სთან ბიზნესი სარფიანია, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს, როგორც ეს Wireless-ის შემთხვევაში ვნახეთ.

ენდრიუ უნტერბერგერი: ერთგული ფანები, რომლებიც ჯერ კიდევ ბევრნი არიან, კვლავ მასთან რჩებიან და ალბათ იქნებიან მანამ, სანამ ის არსებობს. სხვებისთვის კი Ye-სთან ურთიერთობა უახლოეს მომავალში, საუკეთესო შემთხვევაში, რისკიანი თამაში იქნება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Bedford Falls-ის ახალი სინგლი „ყველა”

შემდეგი სტატია

P!nk - Apple-ის All Of You-ს პრემიერაზე. 2025 წლის 17 სექტემბერი, ნიუ-იორკი. DIA DIPASUPIL/GETTY IMAGES

P!NK 2026 წლის ტონის დაჯილდოებას გაუძღვება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Anana Kaye Photo by Duende Vision

Anana Kaye-ს ახალი მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე Cordelia

„Cordelia, ახალი ალბომის პირველი სიმღერის კლიპი, შექსპირის „მეფე ლირის" პერსონაჟის ვიზუალური ინტერპრეტაციაა. კორდელიას პერსონაჟი ყოველთვის განსაკუთრებულად გვიზიდავდა - პიესაში ის სიმართლეს ამბობს და ამ სიმართლისთვის ისჯება. ეს უკვდავი თემებია, მუდამ აქტუალური.“
მეტი
Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

დრეიკი სამი ახალი ალბომით ბრუნდება – არტისტმა ICEMAN, MAID OF HONOUR და HABIBTI გამოუშვა

თუ Iceman ან დანარჩენი ორი ალბომიდან რომელიმე Billboard 200-ის სათავეში მოექცევა, ეს დრეიკს ჩარტში რეკორდულ, მე-15 პირველ ადგილს მოუტანს, რითაც ის Jay-Z-ის გადაუსწრებს.
მეტი

GEORGIAN ON MY MIND – გიორგი გიგაშვილი და ნინი ნუცუბიძე თბილისში ერთობლივ კონცერტს გამართავენ

პროგრამის კონცეფცია დასავლური კლასიკური მუსიკისა და ქართული ფოლკლორული ტრადიციების სინთეზს ეფუძნება.
მეტი

U2 მეხიკოს მთავარ მოედანზე უფასო კონცერტის ჩასატარებლად მიიწვიეს

ჯგუფსა და მეხიკოს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელს შორის გამართული შეხვედრისას, ბონომ გამოთქვა სურვილი, რომ U2-ს შემდეგი ტურნე სწორედ ქვეყნის დედაქალაქში დაიწყოს.
მეტი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონა, შაკირა და BTS იმღერებენ

19 ივლისის მატჩი ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როცა ტაიმებს შორის მუსიკალური შოუ გაიმართება.
მეტი

ანანო სიხარულიძემ ახალი მუსიკალური ვიდეო –  Sweetraw წარადგინა

კლიპის ვიზუალური ესთეტიკა ტრეკის შინაარსობრივ ხაზს მიჰყვება. პერსონაჟები სხვადასხვა ტიპაჟებს განასახიერებენ, თუმცა რეალურად ისინი ერთი ადამიანის შინაგანი სამყაროს სხვადასხვა ასპექტს წარმოადგენენ.
მეტი