21 ოქტომბერს გიგი ცინცაძემ და ზუკა სიმონიშვილმა ერთობლივი ალბომი Flow გამოუშვეს. ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ნამუშევარი ორი გიტარის ჟღერადობაზეა აგებული და მუსიკოსების ინდივიდუალურ შემოქმედებით ხედვებს ერთიან მუსიკალურ ამბად აქცევს.
ალბომ Flow-ზე მუშაობის პროცესსა და დეტალებზე გიგი ცინცაძე საუბრობს:
„მე და ზუკა დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ერთად დაკვრა სისტემატურად ორი-სამი წლის წინ დავიწყეთ. მალევე გაგვიჩნდა სურვილი, რომ ჩაგვეწერა ალბომი და დავიწყეთ მუშაობა ამ მუსიკაზე. ალბომში ჩემი თემებიც არის და ზუკასიც, რომლებიც მანამდე დავწერეთ, უბრალოდ, ახალი ჟღერადობა მივეცით ორი გიტარით მოგვიწია ახალი არანჟირებების გაკეთება და ჩემთვის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი სწორედ ეს პროცესი იყო“, – ამბობს გიგი ცინცაძე.
ალბომის შექმნის ინსპირაციისა და გარემოს შესახებ საუბრისას, მუსიკოსი იხსენებს, რომ პირველი ინტენსიური სამუშაო ეტაპი ბორჯომში დაიწყო:
„პირველად ინტენსიურად მუშაობა ბორჯომში, ჩემს სახლში დავიწყეთ. ერთი კვირით ჩავედით მე და ზუკა და მიზანიც ის იყო, რომ ამ თემებისთვის არანჟირებები გაგვეკეთებინა. ბევრს ვუკრავდით და ყოველი შემდეგი სესია უკეთესი იყო. ერთად დაკვრა იმდენ ინსპირაციას გვაძლევს, რომ ახალი პარტიების წერაც საკმაოდ მარტივად გამოგვდიოდა. ამ ნაწარმოებების უმრავლესობაც სწორედ ამ ერთკვირიანი გასვლის დროს შეიქმნა. იმდენად დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი დრო იყო, რომ ალბომის გარეკანის ფოტოც ბორჯომში გადავიღეთ“, – აღნიშნავს გიგი ცინცაძე.
აღსანიშნავია, რომ კომპოზიციები სრულად ინსტრუმენტულია. ის სუფთა მუსიკას, ჯაზურ მოტივებს და ორი გიტარის ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს, სადაც მუსიკალური თხრობა და არანჟირება ალბომის მთავარ მახასიათებლებს ქმნის.
მოუსმინეთ გიგი ცინცაძისა და ზუკა სიმონიშვილის ალბომს – Flow.