გარემო ფაქტორებს და საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს მუსიკოსების შინაგან სამყაროზე არაერთხელ მოუხდენია პირდაპირი თუ ირიბი გავლენა. როგორც მუსიკოსი ირაკლი ჭოლაძე აღნიშნავს, გარეგანმა წნეხმა ორგვარი რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს – ან დათრგუნოს შინაგანი ხმა, ან მიმართოს ის ძლიერი პროტესტისკენ. სწორედ წინააღმდეგობრივი იმპულსიდან დაიბადა ქართული ჯაზის სცენის ახალი პროექტი, სახელწოდებით NU.
ირაკლი ჭოლაძის კვარტეტის ახალი ალბომი 22 ოქტომბერს ექსკლუზიურად Bandcamp-ზე გამოქვეყნდა. ნამუშევარი ოთხი მუსიკოსის თანამშრომლობის შედეგია და თანამედროვე ქართულ მუსიკაში ახალ, ექსპერიმენტულ ხმოვან გამოცდილებას ქმნის.
ალბომის შექმნის იდეა ირაკლი ჭოლაძეს 2025 წლის სექტემბერში გაუჩნდა. პროექტში გაერთიანებულია სხვადასხვა მუსიკალური მიმართულება: როკი, ჯაზი, პროგრესული როკი, ფიუჟენი, თავისუფალი იმპროვიზაცია და ექსპერიმენტული ელექტრონიკა.
„ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენი ქვეყანა (და არა მხოლოდ ჩვენი) აბსოლუტურ სისტემურ და მორალურ დეფორმაციას განიცდის. ასეთ დროს შინაგანი სიმშვიდისა და ფსიქიკური ბალანსის შენარჩუნება ძალიან რთულია. ჩემი დაკვირვებით, ასეთი მდგომარეობა იწვევს ორიდან ერთს: ან სრულ შემოქმედებით „კოლაფსს“, ან პირიქით, ინდივიდუალური პროტესტის გამოხატვის უდიდეს სურვილს. „NU“ ამ მეორე იმპულსიდან დაიბადა“, – ამბობს მუსიკოსი.
მისი თქმით, ალბომი მუდმივი შემოქმედებითი ძიების გაგრძელებაა. ამასთან, NU მხოლოდ მუსიკალური ექსპერიმენტი არ არის: ესაა რეაქცია და პასუხი, რომელიც სიტყვების გარეშეც გამოითქმის.
„NU ჩემთვის მუდმივი ძიების გაგრძელებაა: სტილების შერწყმა, ახალი მუსიკალური ტექნიკის, ტექსტურებისა და „დიალექტების“ აღმოჩენა. წლების განმავლობაში ვუკრავდი როკს, ჯაზს, პროგრესულ როკს, ფიუჟენს, თავისუფალ იმპროვიზაციულ მუსიკასა და ექსპერიმენტულ ელექტრონიკას. ამ პროექტში ყველაფერი ეს საავტორო კომპოზიციებში ერთიანდება. ეს არის მუსიკა, რომელიც გარემოსადმი შინაგან პასუხს და პროტესტს გამოხატავს. ამავე დროს, ის ცდილობს, სიტყვების გარეშე, ხმით თქვას ის, რისი თქმაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება.”
ალბომში ირაკლი ჭოლაძის კომპოზიციებს კვარტეტის წევრები საკუთარი მუსიკალური ხედვით ავითარებენ. შემადგენლობაში არიან ლაშა საყვარელიძე (ალტო საქსოფონი), საბა ოკუჯავა (კლავიშიანი საკრავები), გიგი ცინცაძე (ელექტროგიტარა) და თავად ირაკლი ჭოლაძე (დრამსეტი).
კვარტეტის სადებიუტო კონცერტი 2025 წლის 8 ნოემბერს გაიმართა, ალბომზე მუშაობა კი 2026 წლის 6 აპრილს დასრულდა. ჩაწერის თითოეული ეტაპი ვიდეოზეა ასახული. NU-ს გამოქვეყნების პარალელურად, 22 ოქტომბერს, მუსიკოსებმა ალბომის პრეზენტაცია ჯაზკლუბ „თათუზაში“ გამართეს.
ირაკლი ჭოლაძის თქმით, ალბომის შექმნის პროცესში მისთვის ოჯახის მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო: „ამ ყველაფრის გავლას ჩემი ოჯახის – მეუღლის, ნატასა და ჩვენი შვილის, ლუმის გარეშე ვერ შევძლებდი. ისინი იყვნენ ჩემი შთაგონება და მთელი პროცესის განმავლობაში გვერდში მედგნენ“.
ალბომის ხმის რეჟისორი მურკა ლალუაშვილია, მიქსი ირაკლი ჭოლაძეს ეკუთვნის, მასტერინგი – ილია მაზაევს, ფოტოსა და გარეკანის ავტორი კი ნატა გზირიშვილია. ვიდეოგადაღებაზე გიორგი ნიკოლაიშვილმა, ალექსანდრე შუღლაძემ და ნიკოლოზ აგლაძემ იმუშავეს, მონტაჟი კი გიორგი ნიკოლაიშვილს ეკუთვნის.
მოუსმინეთ ირაკლი ჭოლაძის კვარტეტის ახალ ალბომს NU Bandcamp-ზე. ჩაწერის პროცესის სრული ვიდეო ხელმისაწვდომია YouTube-ზე.