თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ მე-12 „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ გამართავს. საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიისა და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული ღონისძიება 31 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიხსნება და 9 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ფესტივალის პროგრამა ტრადიციულად მრავალფეროვანია და სოლო ინსტრუმენტულ, საორკესტრო, ვოკალურ და საგუნდო მუსიკას აერთიანებს. ბაროკოს ეპოქის ნაწარმოებები კვლავ მთავარ მიმართულებად რჩება, თუმცა წლევანდელი პროგრამა ამ პერიოდის ფარგლებს სცდება და მსმენელს პრეკლასიკური, კლასიკური და ადრეული რომანტიზმის ნაწარმოებებსაც გააცნობს.
რვა საკონცერტო საღამოზე „საქართველოს სინფონიეტასა“ და ქართველ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებული სოლისტები და ანსამბლები: მაიან ლიხტი (კონტრტენორი), თამარ ცირეკიძე (სოპრანო), დიეგო კანტალუპი (თეორბო და ბაროკოს გიტარა), სტან გეუდენსი (თეორბო), კორნელია ფონ კერსენბროკი (დირიჟორი), მარიამ ჭინჭარაული (პიანოფორტე), ოლგა პაშჩენკო (პიანოფორტე და კლავესინი), პიტერ დე პრატერე (კონტრტენორი), ნელე ვერტომენი (ბაროკოს ჰობოი), ბენიამინო პაგანინი (ტრავერს-ფლეიტა), ბარბარა ჰიუნინგერი (ვიოლა და გამბა, ბაროკოს ჩელო), სერჯო აცოლინი (ფაგოტი), ანა ქურდოვანიძე (კლავესინი, ორგანი და პიანოფორტე) და ნიკოლაუს ვალხი (ვალტორნა).
ფესტივალში ასევე მონაწილეობენ ბელგიური ბაროკოს ანსამბლი Musica Gloria, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, ფოლკლორის ცენტრის გუნდი და ზურა ბალანჩივაძე.
ფესტივალს 31 ოქტომბერს გახსნის კონცერტი „სოპრანისტას ფოიერვერკი“, რომლის მთავარი სტუმარი ვირტუოზი სოპრანისტა მაიან ლიხტი იქნება. მუსიკოსი გასულ წელს ღონისძიების დასკვნით კონცერტში მონაწილეობდა.
6 ნოემბერს დაგეგმილი კონცერტი – „ქართული და ევროპული ძველი მუსიკა“ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება. საღამოს ერთ-ერთი მონაწილე ფოლკლორის ცენტრის გუნდი იქნება, რომელიც ფესტივალში წელს პირველად ჩაერთვება.
8 ნოემბერს მსმენელს შემეცნებითი საღამო „ბაროკო ბავშვებისთვის“ ელოდება. ღონისძიება პატარა მსმენელებს ბაროკოს მუსიკას სახალისო და მათთვის გასაგები ფორმით გააცნობს.
17 და 19 ნოემბრის კონცერტებზე არა მხოლოდ ბაროკოს, არამედ პრეკლასიკური, კლასიკური და რომანტიკული ეპოქების კომპოზიტორთა ნაწარმოებებიც შესრულდება. პროგრამაში წარმოდგენილი იქნებიან დომენიკო სკარლატი, კარლ ფილიპ ემანუელ ბახი, იოზეფ ჰაიდნი, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ფრანც შუბერტი და ელისაბედ დე მონჟერუ.
24 და 27 ნოემბერს თბილისს პირველად ესტუმრება ცნობილი ბელგიური ბაროკოს ანსამბლი Musica Gloria. კოლექტივი მსმენელს სპეციალურად შერჩეულ პროგრამას შესთავაზებს.
კონცერტებთან ერთად, ფესტივალი წელსაც ითვალისწინებს სამეცნიერო მიმართულებას. 4 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში „საქართველოს სინფონიეტისა“ და კონსერვატორიის თანაორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია, სახელწოდებით – „ბაროკო და მისი მემკვიდრეობა: სტილური ევოლუცია ადრეულ რომანტიზმამდე“ გაიმართება.
ფესტივალი 9 დეკემბერს Concertante-ის კონცერტით დასრულდება, რომელიც თავისი კონცეფციით გამორჩეულია: ორკესტრი მსმენელს მსოფლიოში აღიარებულ სოლისტებთან ერთად პრეკლასიკური, გვიანდელი კლასიკური და ადრეული რომანტიზმის პერიოდის კომპოზიტორთა სრულიად განსხვავებულ პროგრამას შესთავაზებს.
„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ პირველი კონცერტი 31 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება, ხოლო 6, 8, 17, 19, 24 და 27 ნოემბრისა და 9 დეკემბრის საღამოებს რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენა უმასპინძლებს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.tkt.ge.