K-pop ინდუსტრიის გავლენიანი სოლო არტისტი და SHINee-ს წევრი, TAEMIN, თავისი მასშტაბური მსოფლიო ტურნეს – TAEMIN WORLD TOUR-ის ფარგლებში თბილისს ეწვევა. ტური მოიცავს პარიზს, ბერლინს, ფრანკფურტს, ლონდონს, ამსტერდამს და სხვა დიდ ქალაქებს, ამჯერად კი მის ოფიციალურ განრიგს საქართველოს დედაქალაქიც დაემატა. კონცერტი 2026 წლის 9 დეკემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
შოუ ასახავს TAEMIN-ის, როგორც სოლო შემსრულებლის ევოლუციას. არტისტი მაყურებელს შესთავაზებს სინთეზურ სცენურ წარმოდგენას, რომელიც ვოკალს, ქორეოგრაფიას და ვიზუალურ ეფექტებს აერთიანებს.
გლობალურ მუსიკალურ ინდუსტრიაში TAEMIN თავისი თაობის გამორჩეულ ვოკალისტად და მოცეკვავედ მიიჩნევა. ლეგენდარულ ჯგუფ SHINee-სა და K-pop სუპერჯგუფ SuperM-თან ერთად მიღწეული წარმატების შემდეგ, მან სოლო კარიერაშიც მოიპოვა აღიარება ისეთი სინგლებით, როგორებიცაა: Move, Want, Criminal და Guilty.
არტისტის საერთაშორისო მასშტაბის პოპულარობაზე მისი ბოლოდროინდელი გამოსვლებიც მოწმობს. TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
თბილისის სპორტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.