2026 წლის 21-25 ნოემბერს ბათუმში შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. საქველმოქმედო ფონდი „ლირას“ ორგანიზებით ჩატარებული ღონისძიება წელს მეთოთხმეტედ უმასპინძლებს ქართველ და უცხოელ მუსიკოსებს, ახალგაზრდა ტალანტებსა და ხელოვნების მოყვარულებს.
წლების განმავლობაში ფესტივალი საქართველოს კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად ჩამოყალიბდა და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. იგი UNESCO-ს უწყვეტი პატრონაჟით ტარდება და მიზნად ისახავს კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას, ახალგაზრდა მუსიკოსების მხარდაჭერას, ქართული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენასა და საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას.
ხუთდღიანი საფესტივალო პროგრამა დატვირთული იქნება საკონცერტო საღამოებით, შემოქმედებითი შეხვედრებითა და საგანმანათლებლო ღონისძიებებით. მსმენელის წინაშე წარდგებიან როგორც მსოფლიო დონის უცხოელი და ქართველი შემსრულებლები, ისე ქართული ფოლკლორის წარმომადგენლები.
წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდა მუსიკოსების პროფესიული განვითარება იქნება. პროგრამა საფორტეპიანო და სავიოლინო მასტერკლასებს ითვალისწინებს, რომლებშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ნიჭიერი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შესაძლებლობა ექნებათ, საერთაშორისო გამოცდილების მქონე მუსიკოსებისგან მიიღონ ცოდნა, დახვეწონ საშემსრულებლო უნარები და გაიღრმაონ პროფესიული გამოცდილება.
ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 2013 წელს პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ დააფუძნა, რომელიც საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, UNESCO-ს მშვიდობის არტისტი და საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერია.
ფესტივალის ფუნდამენტური მისია კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, ქართული კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებაა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.