ოზი ოსბორნის გარდაცვალებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა, თუმცა მძიმე მეტალის ლეგენდის მეუღლისა და მენეჯერის, შერონ ოსბორნის თქმით, ის კვლავ ყოველდღე სტუმრობს გარდაცვლილი მეუღლის საფლავს.
„როცა შენი ცხოვრების სიყვარული დაკარგე, ვერ გაიღვიძებ ერთ დღესაც და ვერ იტყვი: ‘მორჩა, ახლა კარგად ვარ, ყველაფერმა გაიარა.’ ამას ვერასდროს შეეგუები. თუმცა სწავლობ მასთან ერთად ცხოვრებას და ახლა მეც სწორედ ამას ვცდილობ. ან ოთახში იკეტები და აღარ გამოდიხარ, ან იღებ ამ რეალობას, უმეგობრდები მას და სულ ესაა,” – უთხრა შერონ ოსბორნმა „ბი-ბი-სის”.
მისი თქმით, ოჯახმა შეაგროვა ყველა ბარათი და წერილი, რომლებიც გულშემატკივრებმა ოზის მშობლიურ ქალაქში, ბირმინგემში დატოვეს, ასევე ყვავილები, რომლებიც მუსიკოსის დაკრძალვის საჯარო ცერემონიის დროს მიიტანეს. ეს ყველაფერი დაახარისხეს და ფოტოზე აღბეჭდეს, ხოლო ყვავილები კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული. მეტალის ლეგენდა 22 ივლისს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„არავითარ შემთხვევაში არ დავკრძალავდი ოზის საჯარო სასაფლაოზე,” – თქვა შერონმა. „მინახავს, რაც იქ ხდება სხვა ცნობილ ადამიანებზე. მათ სიმშვიდე არ აქვთ, რადგან ხალხს იქ მისვლა და პატივისცემა სურს. ეს დაუსრულებელი პროცესია, მე კი მინდოდა, ოზის მშვიდად განესვენა.”
კითხვაზე, თუ რამდენად ხშირად სტუმრობს ოზის საფლავს, შერონმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, ყოველდღე. მე მისი დანახვა ფანჯრიდანაც შემიძლია.” მისი თქმით, გარდაცვლილ მეუღლესთან, რომელთან ერთადაც ნახევარი საუკუნე გაატარა, რეგულარულად საუბრობს კიდეც, თუმცა საუბრების თემის გამხელა არ ისურვა.
შერონმა ასევე გაიხსენა, თუ რამდენად ბედნიერი იყო ოზი, როდესაც, ექიმების წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შეძლო უკანასკნელი, გრანდიოზული კონცერტის გამართვა – ვარსკვლავებით სავსე შოუსი Back to the Beginning, რომელიც მის მშობლიურ ბირმინგემში, მის საყვარელ საფეხბურთო სტადიონ „ვილა პარკზე“, გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ზურგის პრობლემებისა და პარკინსონის დაავადების სიმპტომების გამო ბოლო წლებში ტურნეზე სიარული აღარ შეეძლო, შერონის თქმით, ამ ერთჯერადი გამოსვლის შემდეგ ის ბედნიერების მწვერვალზე იყო.
„ის უბრალოდ ძალიან ბედნიერი იყო“, – გაიხსენა შერონმა ოზის ემოციები 11-საათიანი შოუს შემდეგ, რომლის ფარგლებშიც მუსიკოსმა როგორც სოლო, ისე Black Sabbath-თან ერთობლივი პროგრამა შეასრულა. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ: Metallica, Slayer, Guns N’ Roses,Pantera, Tool და მრავალი სხვა ცნობილი ჯგუფი და არტისტი, რომლებმაც ლეგენდარულ მუსიკოსს პატივი მიაგეს. „ინტერნეტში გამოხმაურებებს კითხულობდა და უცებ მითხრა: ‘რაღაც საშინლად არასწორად არის.’ მე ვკითხე: ‘რატომ?’ მან კი მიპასუხა: ‘არავის გავულანძღივარ. რატომ არის ხალხი ჩემ მიმართ ასეთი კეთილი?’ და მე ვუთხარი: ‘იმიტომ, რომ მათ უყვარხარ.”