წყვილმა, რომელიც ახლახან ჰარი სტაილსის კონცერტზე დაინიშნა, პოპვარსკვლავის ყურადღება მიიქცია, რის შემდეგაც მან ისინი თავის ახალ მუსიკალურ ვიდეოში მიიწვია. 26 ოქტომბერს სტაილსმა ახალი კლიპი – Coming Up Roses გამოაქვეყნა. ვიდეოში ის სამეჯლისო ცეკვის კლასს გადის უცნობების ჯგუფთან ერთად, რომელთა შორისაც არიან პატარძლის კაბაში გამოწყობილი ქალი, მიმტანი, კოვბოი და სხვა პერსონაჟები. განსხვავებულობის მიუხედავად, ჯგუფი ერთიანდება, რასაც ვიდეოს ბოლოს საერთო ფოტოს გადაღებით აღნიშნავენ. სწორედ ამ მომენტში ჩნდება ეკრანზე რეალური წყვილი სტაილსის კონცერტიდან.
„ჰარი სტაილსთან შეხვედრას და Coming Up Roses-ის მუსიკალურ ვიდეოში მონაწილეობას ვერასდროს წარმოვიდგენდით,“ – დაწერა მარიველმა Instagram-ზე ვიდეოს გამოსვლის შემდეგ. „მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი ნიშნობა კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადე და ასეთ მნიშვნელოვან ვიდეოში გადაგვიღე. შენ მართლაც ყველაზე თბილი და უბრალოდ საოცარი ადამიანი ხარ,“ – მიმართავს ის მომღერალს.
მან ასევე გააზიარა ფოტო, სადაც საქმროსთან და სტაილსთან ერთად გადაღებების მოედანზეა ასახული და გამოაქვეყნა მომღერლის მიერ ნაჩუქარი ყვავილების ფოტოც. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენს ნიშნობაში მცირედი წვლილი შევიტანე,“ – წერია სტაილსის ხელით დაწერილ ბარათზე, რომელიც ერთ-ერთ ფოტოზეა აღბეჭდილი.
ამ ამბამდე რამდენიმე კვირით ადრე, მარიველმა Instagram-ზე დაპოსტა, რომ მისმა საქმრომ ხელი სტაილსის ოქტომბრის ტურნეს ფარგლებში, Madison Square Garden-ში გამართულ კონცერტზე სთხოვა.„პირველად ვნახე ჰარი სტაილსი და ეს განსაკუთრებული საღამო იყო, რომელიც სამუდამოდ დარჩება მეხსიერებას,“ – დაწერა მან და გააზიარა ფოტო, სადაც ფრენკი მუხლზეა დაჩოქილი, ასევე კადრი დიდი ეკრანებიდან, სადაც წყვილს აჩვენებენ.
სტაილსს Madison Square Garden-ში კიდევ სამი კონცერტი დარჩა გასამართი, სანამ თავის ტურნეს Together, Together ავსტრალიაში გააგრძელებს. მომავალ წელს კი ტური ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში დამატებითი შოუებით დასრულდება.