გასულ კვირას დაანონსებული დაბრუნების შემდეგ, რაიან გოსლინგისა და ზაკ შილდსის ჯგუფი Dead Man’s Bones ახალ კომპოზიციას – Lost in the Night-ს აქვეყნებს. ჯგუფმა სინგლი 26 ოქტომბერს ახალ მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად წარადგინა.
სინგლის ავტორები გოსლინგი და შილდსი არიან, ხოლო პროდიუსერის როლი ტიმ ანდერსონთან ერთად თავადვე მოირგეს.
შავ-თეთრ ვიდეოკლიპში ფილმ Hamnet-ის მსახიობი ნოა ჯუპი და სერიალ The Summer I Turned Pretty-ს ვარსკვლავი რეინ სპენსერი მონაწილეობენ. ისინი სასაფლაოდან გამოდიან და მთელი ღამის განმავლობაში ცეკვავენ, იცინიან და ერთმანეთს უყურებენ.
აღნიშნული სიმღერა დუეტისთვის პირველი ახალი ნამუშევარია ბოლო 17 წლის განმავლობაში. არტისტებმა დაბრუნება გასულ კვირას საშიში პოსტით დააანონსეს, მოლოდინი კი კიდევ უფრო გააძლიერა გოსლინგის მეუღლემ, მსახიობმა ევა მენდესმა, რომელმაც ბენდის თიზერი საკუთარ ინსტაგრამზე გააზიარა და დაწერა: „მან შეასრულა ჩემთვის მოცემული ეს დაპირება.“
რაიან გოსლინგის სადებიუტო სოლო ალბომი Angel With Tatooed Wings 2000 წელს გამოვიდა, რის შემდეგაც მან და შილდსმა ჯგუფი Dead Man’s Bones შექმნეს. მათ სადებიუტო ალბომში (რომელიც 2009 წელს გამოვიდა) საბავშვო გუნდის ბექ ვოკალიც ისმოდა. ვოკალის გარდა, ალბომში გოსლინგი პიანინოზე, გიტარაზე, სინთეზატორზე, პერკუსიაზე, ჩელოსა და ბას-გიტარაზე უკრავდა.