ბრიტანელმა მუსიკოსმა ჰარი სტაილსმა 26 ოქტომბერს ახალი სიმღერის, Coming Up Roses-ის მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მოცეკვავის როლში მონაწილეობს.
როგორც ქართველი არტისტი Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, პროექტში კასტინგის მეშვეობით მოხვდა.
სალომე დოლიძე
„პროექტში მოსახვედრად კასტინგი გავიარე. შემოქმედებითი პროცესი ძალიან საინტერესო და შთამაგონებელი იყო. დიდი ყურადღება მიაქციეს დეკორაციებს სეტზე, ჩვენს ვარცხნილობას და ჩაცმულობას. დადებითი შთაბეჭდილებებით ვარ სავსე. ჰარი სეტზე თავაზიანი და მეგობრულია“.
ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოებში ვიზუალურ მხარესთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი სიმბოლოებსა და ქვეტექსტს უკავია, რაც მაყურებელს მათი შინაარსის ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს. არც Coming Up Roses არის გამონაკლისი, ვიდეოში მომღერალი სამეჯლისო ცეკვის გაკვეთილზეა, სადაც უცხო ადამიანების ჯგუფთან ერთად ცეკვავს. პერსონაჟებს შორის არიან პატარძალი, მიმტანი, კოვბოი და სხვა როლის შემსრულებლებიც, რომელთა ისტორიებიც ვიდეოში გამორჩეულ ატმოსფეროს ქმნის.
კლიპის განმავლობაში ცეკვის პარტნიორები იცვლებიან, თუმცა განსხვავებული ხასიათისა და გამოცდილების მქონე პერსონაჟები საერთო სივრცეში ერთიანდებიან. ვიდეოს დასასრულს ჯგუფი საერთო ფოტოს გადასაღებად იკრიბება. სწორედ ამ სცენაში ჩნდება რეალური წყვილი, რომელიც ჰარი სტაილსის კონცერტზე დაინიშნა და პოპვარსკვლავის ყურადღება მიიპყრო. მოგვიანებით მუსიკოსმა ისინი ახალ მუსიკალურ ვიდეოში მიიწვია.
ერთ-ერთი საინტერესო დეტალი, რომელზეც სოციალურ ქსელებში აქტიურად მსჯელობენ, არის კიდევ ერთი პერსონაჟი, რომლის ჩაცმულობასა და გარეგნობაში მაყურებელმა მოდის დიზაინერ მარკ ჯეიკობსთან შესაძლო მსგავსება დაინახა.
Coming Up Roses-ის მუსიკალური ვიდეო რეჟისორებმა, ბრედლი ბელი და პაბლო ხონეს-სოლერმა, შემოქმედებით დირექტორ მოლი ჯეინთან თანამშრომლობით გადაიღეს. ქორეოგრაფია რაიან ჰეფინგტონს ეკუთვნის, ხოლო ვიდეოს წარმოებაზე კომპანიები Prettybird და Rapt Film მუშაობდნენ.
კლიპი სიყვარულზე, გაურკვევლობასა და ცხოვრების წარმავალობაზეა. ის მაყურებელს მზა პასუხებს არ აძლევს, რითაც შესაძლებლობას ქმნის, მნახველმა სიუჟეტი საკუთარი ინტერპრეტაციით აღიქვას.
ნახეთ კლიპი: