The Beatles-ის გიტარისტის, ჯორჯ ჰარისონის პირად ფოტოებს საზოგადოება ახალი ილუსტრირებული წიგნის ფარგლებში იხილავს.The Third Eye: Early Photographs – ასე ჰქვია გამოცემას და მასში 200-ზე მეტი ფოტოა წარმოდგენილი. ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს. ფოტოებზე ასახულია ბენდის მუშაობის პროცესში გადაღებული უნიკალური კადრები, მაგალითად ისეთი საკულტო ალბომების შექმნის პროცესი, როგორიცაა A Hard Day’s Night, ჯგუფის ცნობილი გამოსვლა The Ed Sullivan Show-ში და მსოფლიო ტურნეები.
წიგნის წინასიტყვაობა ჰარისონის მეუღლეს, ოლივიას ეკუთვნის, ხოლო ეპილოგი – ამერიკელ მწერალს და Booker Prize-ის ლაურეატს, ჯორჯ სონდერსს.
წიგნში თავმოყრილია 250 გამოსახულება – როგორც დაუმუშავებელი ფოტოები, ასევე ანალოგური კინოფირის ფორმატის 8 მილიმეტრიანი კადრები. ფოტოები ასახავს The Beatles-ის კულისებს მიღმა მომენტებს ტურნეების დროს, ჯგუფის მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყანაში და ასევე პირად კადრებს, რომლებიც ჰარისონის ობიექტივში მოხვდა. წიგნში ასევე ნახავთ ჯონ ლენონის, რინგო სტარისა და პოლ მაკარტნის პორტრეტებს, რომლებიც თავად ჰარისონის მიერ არის გადაღებული.
გამომცემლობა Random House-ის თქმით, ფოტოები ჰარისონის ქვრივმა, ოლივია ჰარისონმა შეარჩია. წიგნში წარმოდგენილია The Beatles-ის უნიკალური ფოტოები იმ პერიოდიდან, როდესაც ბენდი ვარსკვლავური დიდებისკენ მიისწრაფოდა.
წიგნს თან ახლავს ჰარისონის სიტყვები და ციტატები მისივე მოგონებებიდან. იტალიაში გამართული კონცერტის გახსენებისას ის ამბობს: „სამყარო გაგიჟდა და ეს ჩვენ დაგვაბრალა. ჩვენ კი უბრალოდ მანქანაში ან სასტუმროს ნომერში ვისხედით და, რეალურად, არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო – გარეთ გასვლასაც კი ვერ ვახერხებდით“.
„მინდა ხალხს ვანახო ჯორჯის უნიკალური ფოტოგრაფიული პერსპექტივიდან დანახული The Beatles-ის ადრეული წლები – ის მომენტები, როდესაც მთელი ცხოვრება წინ გელოდება ამოუცნობი შესაძლებლობებით,” – განაცხადა ოლივია ჰარისონმა პრესრელიზში.
„კამერები იმიტომ მიყვარს, რომ ნივთების სხვანაირად დანახვა შეგიძლია. შეგიძლია საგნები ისე გამოაჩინო, როგორც გრძნობ მათ, და არა ისე, როგორც რეალურად არიან,” – თქვა ერთხელ ჯორჯ ჰარისონმა.
The Third Eye: Early Photographs პირველად გასულ წელს დაანონსდა და ის უკვე ხელმისაწვდომია Amazon-ზე. წიგნი 6 ოქტომბერს გამოიცა და Amazon-ის ბესტსელერი ფოტოწიგნების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.