ელტონ ჯონის 1989 წლის სენტიმენტალური სინგლის – Sacrifice-ის ვიდეოკლიპი YouTube-ზე მილიარდ ნახვათა კლუბს შეუერთდა. კომპოზიცია მომღერლის 22-ე სტუდიურ ალბომ Sleeping with the Past-შია შესული, რომელიც 1989 წელს გამოიცა.
სიმღერა ქორწინების სირთულეებზე მოგვითხრობს. ვიდეოკლიპში კი მომღერალი და სიმღერების ავტორი კრის ისააკი და სუპერმოდელი იასმინ გაური მონაწილეობენ.
კლიპი, რომლის რეჟისორია ალექს კეშიშიანი (Madonna: Truth or Dare, Selena Gomez: My Mind & Me), კრის ისააკისა და მისი მეუღლის (იასმინ გაური) ურთიერთობას ასახავს. წყვილი მცირეწლოვანი ქალიშვილის აღზრდის პარალელურად ოჯახური კავშირის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა ვიდეოს დასასრულს ირკვევა, რომ ისააკის პერსონაჟი შვილს მარტო ზრდის.
წყვილის რთული ურთიერთობის ამსახველ კადრებს პარალელურად ელტონ ჯონის სცენები ენაცვლება.
გასაკვირია, რომ სიმღერის ვიდეოკლიპი, რომლის კომპოზიციამაც Billboard Hot 100-ში მე-18 ადგილი დაიკავა, ხოლო ალბომმა Billboard 200-ში მხოლოდ 23-ე პოზიციას მიაღწია, ელტონ ჯონის პირველი ვიდეოა, რომელმაც YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა და დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა მისი სხვა ყველაზე ნახვადი ვიდეოები.
79 წლის ელტონ ჯონმა გასულ თვეს მეხიკოს ლეგენდარულ სტადიონ Estadio Banorte-ზე ორი კონცერტი გამართა, რომლითაც ხანგრძლივი გამოსამშვიდობებელი ტურნე Farewell Yellow Brick Road საბოლოოდ დაასრულა.
მომღერლის რიგით 49-ე და უკანასკნელი ტურნე 2018 წლის 8 სექტემბერს პენსილვანიის ქალაქ ოლენთაუნში დაიწყო. ტურნე 5 წელზე მეტხანს გაგრძელდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 330 კონცერტი მოიცვა. ოფიციალურად ტურნე 2023 წლის 8 ივლისს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში დასრულდა, თუმცა საბოლოო გამოსამშვიდობებელი კონცერტები მეხიკოში გაიმართა.
ნახეთ ვიდეო: