მაკლმორი აგრძელებს ღაზაში მშვიდობისთვის ბრძოლას, ამჯერად ახალი სიმღერით Where’s Our Love, რომლის შემოსავალიც პალესტინელ დედებსა და ბავშვებს მოხმარდება.
18 ნოემბერს რეპერმა დააანონსა, რომ სიმღერა სტრიმინგ პლატფორმებზე პარასკევს, 20 ნოემბერს გამოვიდოდა და ვიდეოკლიპის მოკლე თიზერიც გააზიარა. ემოციური, რეფლექსიური საფორტეპიანო მუსიკის ფონზე, ვიდეოში ნაჩვენებია ღაზაში პალესტინელების ტანჯვისა და შეუპოვრობის კადრები, მაკლმორი კი რეპავს: „მზეს სამჯერ შემოვუარეთ/ გსმენიათ, როგორ ტირის ზეთისხილის ხე?/ რა ჩავიდინეთ?/ სად არის ჩვენი სიყვარული?“
ტექსტი ეხება სამწლიან ძალადობას, რაც 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დაიწყო, როცა „ჰამასმა” დაახლოებით 1200 ისრაელელი დახოცა. როგორც Associated Press ღაზას ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს, ისრაელის მიერ „ჰამასის“ წინააღმდეგ წამოწყებულ ომს 74 000-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ისრაელის ქმედება გენოციდად შეაფასა, რასაც უარყოფენ თავად ისრაელი და მისი მოკავშირე აშშ.
„სიმღერიდან მიღებული მთელი შემოსავალი Mother of Hind Fund-ში გადაირიცხება, რათა მხარი დავუჭიროთ დედებსა და ბავშვებს ღაზაში,” – დაწერა მაკლემორმა პოსტის აღწერაში.
მუსიკოსი ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი არტისტია მათ შორის, ვინც ღიად აცხადებს, რომ ისრაელი ღაზაში გენოციდს აწყობს. საკუთარ კონცერტებზე ის ხშირად მართავს დემონსტრაციებს, სლოგანით „თავისუფლება პალესტინას“.
ამ პოზიციის გამო, წლის დასაწყისში ის ედ შირანის ტურნეს ჩამოაშორეს, რადგან სტადიონების მფლობელები, როგორიცაა, მაგალითად რობერტ კრაფტი (Gillette Stadium), დაგეგმილი კონცერტების გაუქმებით იმუქრებოდნენ, თუ ბრიტანელი პოპვარსკვლავის გუნდი რეპერს ტურნეს პროგრამიდან არ ამოიღებდა.
ამის შემდეგ მაკლმორმა საკუთარი ტურნე – Free Palestine Tour წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც დუბლინში, პარიზსა და ლონდონში დაგეგმილი კონცერტები სრულად გაიყიდა. თუმცა როდესაც არტისტმა ტურნეს აშშ-ში გაგრძელება სცადა, მისი თქმით, რამდენიმე საკონცერტო სივრცემ ის უარით გაისტუმრა.
„მათ შეუძლიათ, წამართვან სცენა/ მათ შეუძლიათ, ჩირქი მოსცხონ ამ საქმეს/ მათ არ შეუძლიათ, წამართვან რწმენა/ როცა სიყვარულია ჩემი მოწოდება,” – რეპავს მაკლმორი.
პალესტინელების მხარდასაჭერად რეპერს მუსიკა მანამდეც გამოუცია. 2024 წელს მან გამოუშვა Hind’s Hall, ხოლო 2025 წელს – F–ked Up.
ნახეთ Where’s Our Love-ის თიზერი: