ნოდარიკო ხუციშვილმა და თათია ჯმუხაძემ სიმღერაზე „რომანსერო” დუეტი ჩაწერეს. კომპოზიცია დათო ევგენიძეს ეკუთვნის და თავდაპირველ ვერსიაში მას მაია ჯაბუა ასრულებს. ახალგაზრდა მუსიკოსებმა კი მსმენელს ცნობილი სიმღერა საკუთარი ინტერპრეტაციით შესთავაზეს.
ნოდარიკო ხუციშვილი:
„Მე და თათიას ადრეც გვიმღერია და სულ ვფიქრობდით, რამე ხომ არ ჩაგვეწერა ერთად. მერე ისე მოხდა, რომ თათიამ გამომიგზავნა ხმოვან მესიჯად პატარა მონაკვეთი „რომანსეროდან”. ეს სიმღერა მე ბავშვობიდან ძალიან მიყვარს. ქართული კომპოზიციებიდან ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელია, რადგან საოცარი ჰარმონია აქვს. Მერე მეგობრებთანაც გავაჟღერე ეს. Ისინიც ამყვნენ და მოკლედ, იმდენად დაემთხვა ყველას სიყვარული ამ სიმღერის მიმართ, რომ ასე სპონტანურად დავაორგანიზეთ და ჩავწერეთ.”
„რომანსეროს” ახალ ვერსიაში სიმღერას აკომპანემენტს კლავიში და ბასი უწევს, რომლებზეც ხატია ქორიძე და ლუკა თოფურია უკრავენ. დუეტი გიორგი ჩაგელიშვილმა ჩაწერა. Მასზე გადაღებული ვიდეოს ავტორი კი ლაშა ჩაგელიშვილია.
ნოდარიკო ხუციშვილი:
„არ გვინდოდა, რომ ძალიან შეგვეცვალა სიმღერა და მისი აზრი დაგვეკარგა, მაგრამ თან ცოტა ჩვენებური ვერსიის გაკეთება გვინდოდა. დათო რომ უკრავს მხოლოდ კლავიშზე და მაია ჯაბუა რომ მღერის, მათზე კარგად ჩვენ მაინც არ გამოგვივიდოდა. Ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ის რაც არის, დარჩეს ისე და ჩვენ ცოტა სხვანაირად გავაკეთოთ. მაგალითად, ბასი შემოვიყვანეთ. Თავიდან სწორედ ბასია წამყვანი პარტია და მერე შემოდის კლავიში. მცირე ცვლილებებია მუსიკალურად და ძალიან სადა გამოვიდა. Ხშირად ხდება ხოლმე, რომ რაღაც სიმღერას რომ გადააკეთებ, მისი მთავარი აზრი ირღვევა. Ამიტომ ძალიან სათუთად მოვეკიდეთ. Ეს არის ჩვენი ვერსია, მაგრამ მთავარი რაცაა – განწყობა – ეს უცვლელი დარჩა. ვიდეოც ისეთივე განწყობის გადავიღეთ, როგორი სიყვარულით და სითბოთიც ჩავწერეთ ეს სიმღერა და ის უშუალო კადრები დავდეთ, რაც სახლში ხდებოდა.
უმნიშვნელოვანესია, როცა ისეთი ადამიანები, როგორიც დათო ევგენიძეა, ასეთი გახსნილები არიან ახალგაზრდების მიმართ. Დათოს ყოველთვის უხარია, თუ ვინმე მის სიმღერას აკეთებს და ყველას გვერდში უდგას. ეს Ძალიან დიდი მხარდაჭერაა მისგან. Ხალხისგანაც კარგი გამოხმაურება მოჰყვა და ძალიან მიხარია.”