გიორგი გიგაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული – რუბინშტეინის საფორტეპიანო კონკურსის ფინალისტია. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს. 33 კონკურსანტიდან, რომელიც ჟიურის წინაშე წარდგა, მეორე ეტაპზე 16 მათგანი გადავიდა. მეორე ტურის შემდეგ კი 6 ფინალისტი დასახელდა, რომელთა შორის ქართველი პიანისტიც მოხვდა. კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა 30 მარტს გამოცხადდება. მომდევნო დღეს კი დაჯილდოების ცერემონია გაიმართება და გამარჯვებული ისრაელის კამერატასთან ერთად დაუკრავს.
ამავე დროს, ბრიტანულმა რადიოსადგურმა Classic FM 2023 წლის ამომავალი ვარსკვლავების სია შეადგინა, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით 30 წლამდე ასაკის 30 მუსიკოსი მოხვდა. მათ შორისაა გიორგი გიგაშვილი.
„Როცა გიორგი გიგაშვილმა ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო, ვერ წარმოიდგენდა, რომ პროფესიონალი პიანისტი გახდებოდა. თუმცა 2019 წელს „ვიგოს საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე” მას ჟიურიმ პირველი პრემია გადასცა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ნელსონ ფრეირი და თავად გიგაშვილის კუმირი – მართა არგერიხი” – ნათქვამია ქართველი მუსიკოსის შესახებ Classic FM-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.