კულინარიულმა არხმა Food Network-მა ახალი პროექტი დააანონსა, რომლის ორ სერიაშიც სელენა გომესი მიიღებს მონაწილეობას. თავის პირველ კულინარიულ პროგრამას პოპ ვარსკვლავი მიმდინარე წელს წარადგენს. პროექტის დასახელება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის სადღესასწაულო კერძების სამზადისზე ფოკუსირდება. 2024 წელს, ასევე კულინარიული პროექტის ფარგლებში, სელენა გომესი აპირებს ამერიკაში ყველაზე ცნობილ შეფ მზარეულებს ეწვიოს და მათსავე მენიუდან ყველაზე ცნობილი კერძები მოამზადებინოს.
„დღესასწაულებ Food Network-სათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. დაახლოებით 100-საათიან სადღესასწაულო პროგრამაში სელენას მონაწილეობა ახალი სეზონის საზეიმო დასაწყისია“ – განაცხადა Warner Bros. Discovery-ის ხელმძღვანელმა, კეტლინ ფინჩმა.
სელენა გომესის Food Network-თან თანამშრომლობას წინ HBO Max-ის რეიტინგული სერიალი Selena + Chef უძღოდა. სტრიმინგ სერვისმა სერიალის ოთხი სეზონი წარადგინა. პროექტის სხვადასხვა ეპიზოდში მონაწილეობდნენ კულინარიული სამყაროს ისეთი ვარსკვლავები როგორებიც არიან ლუდო ლეფევრი, ფადმა ლაკშმი, კუამე ონვუაჩი, აიშა კარი, გორდონ რემსი და სხვები. 2023 წელს შოუმ კულინარიული სერიალების კატეგორიაში Daytime Emmy Award-ის ჯილდოც მოიპოვა.
დაანონსებული კულინარიული შოუს პრემიერამდე, სელენა გომესს მაყურებელი ეკრანზე სხვა ცნობილი პროექტის ფარგლებში იხილავს. მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, სტრიმინგ სერვის Hulu-ზე ცნობილი დეტექტიური სერიალი Only Murders in the Building ბრუნდება.