ახლახან ბიონსემ და Jay-Z-მ მალიბუში 3000 კვადრატული მეტრის ფართობის რეზიდენცია შეიძინეს. როგორც გამოცემა TMZ იუწყება, წყვილმა საკუთრებაში 200 მილიონი დოლარი გადაიხადა.
გადახდილი თანხის მიხედვით, ეს რეზიდენცია ყველაზე ძვირი სახლია, რაც კი ოდესმე კალიფორნიაში გაყიდულა. ამ დრომდე რეკორდულ თანხად გაყიდულ უძრავ ქონებად მიიჩნეოდა მამული, რომელიც 177 მილიონ დოლარად შეისყიდეს. სახლის მინიმალისტურ დიზაინზე ცნობილმა იაპონელმა არქიტექტორმა, ტადაო ენდომ იმუშავა. როგორც Los Angeles Times აღწერს, რეზიდენციის ინტერიერში არაერთი ცნობილი კოლექციონერისაგან შეძენილი სახელოვნებო ნივთებია განთავსებული.
2017 წელს წყვილმა სახლი ასევე ლოს ანჯელესში შეიძინა და მასში 88 მილიონი დოლარი გადაიხადა.
ამჟამად ბიონსე მსოფლიო ტურნეს ფარგლებში კონცერტებს მართავს. Renaissance-ის მსოფლიო ტური 10 მაისს სტოკჰოლმში გამართული კონცერტით დაიწყო. შოუ სამი საათი მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში არტისტმა თავისი ხანგრძლივი მუსიკალური შემოქმედებიდან ათეულობით ჰიტი შეასრულა. Renaissance-ის მსოფლიო ტურნე ევროპაში 9 ივლისამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ ბიონსეს მსოფლიო ტური შეერთებულ შტატებში გადაინაცვლებს. შტატების მასშტაბით კონცერტები გაიმართება ტორონტოში, ჩიკაგოში, ატლანტაში, ჰიუსტონში და სხვა დიდ ქალაქებში. Renaissance-ის მსოფლიო საკონცერტო ტურნე 27 სექტემბერს, ნიუ-ორლეანში გამართული შოუთი დასრულდება.