1984 წელი ტინა ტერნერის მუსიკალურ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია, როცა არტისტი სცენას სოლო შემსრულებლის ამპლუაში დაუბრუნდა. სწორედ ამ წელს Billboard-მა მუსიკოსთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
ინტერვიუს დროს ტერნერმა სოლო შემოქმედებითი წარმატების განმსაზღვრელ არაერთ მნიშვნელოვან დეტალზე ისაუბრა. მომღერლის თქმით, ამ წარმატებაში დიდი დამსახურება ჰქონდა მუსიკალურ მენეჯერ როჯერ დეივისს. ტერნერმა გაამხილა, რომ თავიდანვე გადაწყვეტილიყო ჰქონდა, როკ-ენ-როლზე ფოკუსირებულიყო, რაც ფერადკანიანი ქალისათვის იმ დროს უჩვეულო არჩევანი იყო.
„შევცვალე ბენდი და შევცვალე მუსიკალური რეპერტუარი. ამ დრომდე ვეგასის ტიპის ენერგიულ შოუებს ვმართავდი, რადგან კლუბებთან თანამშრომლობის გამოცდილება მქონდა. ეს ყველაფერი შევცვალე და მუსიკალური შემოქმედება როკ-ენ-როლს დავუკავშირე. შედეგად, ჩემი აუდიტორია ბევრად ახალგაზრდა მსმენელისაგან შედგება“ – აღნიშნა ტინა ტერნერმა Billboard-თან ინტერვიუში.
მომღერალმა ასევე თქვა, რომ მისი აუდიტორიის გაზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა ისეთ არტისტებთან ერთად თანამშრომლობამ, როგორებიც არიან როდ სტიუარტი და მიკ ჯაგერი. 1981 წელს The Rolling Stones-ის ტურნეს დროს ტერნერმა მიკ ჯაგერთან ერთად რამდენიმე დუეტი შეასრულა. მომღერალი როდ სტუარტთან ერთად კი სცენაზე 1982 წლის კონცერტზე გამოჩნდა. ეს იყო შოუ, რომელიც სატელევიზიო ეთერის მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით გადაიცემოდა.
„ჩემი სასცენო შესრულება ძირითადად როკ-ენ-როლია. ამ ჟანრში თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ.“ – აღნიშნა ტერნერმა.
ინტერვიუს დროს Billboard-ის ჟურნალისტი შეეხო ტერნერის წარსულ მუსიკალურ გამოცდილებას, როცა პოპ რადიოებს საეთერო პროგრამაში მისი სიმღერების დამატება არ სურდათ. ამ პერიოდზე საუბრისას არტისტმა თქვა – „არ მიყვარს რასიზმზე საუბარი, თუმცა ეს ფაქტი რასიზმთან იყო დაკავშირებული.“
სოლო შემსრულებლის რანგში მიღწეულ წარმატებაზე ტინა ტერნერმა აღნიშნა, რომ ის საკუთარ აუდიტორიასთან მუდამ ახლოს იყო. მსმენელს ისეთ შოუებს სთავაზობდა, რომლებზეც გულმოდგინედ მუშაობდა. წლების შემდეგ კი, როცა ის სოლო არტისტის სტატუსით წარდგა, აუდიტორია მისი მხარდამჭერი ძალა აღმოჩნდა.