4 ივნისს HBO Max-ზე ხმაურიანად დაანონსებული სერიალის, The Idol-ის პრემიერა შედგა. შოუმ ყურადღება დაანონსებისთანავე არამხოლოდ სიუჟეტით, არამედ ვარსკვლავური შემადგენლობითაც მიიპყრო. პროექტის ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი The Weeknd არის, სარეჟისორო ნამუშევარი კი სემ ლევინსონს ეკუთვნის.
როგორც სერიალის პრემიერის შემდეგ გახდა ცნობილი, შოუს შექმნაში არაერთ საერთაშორისო პროფესიონალთან ერთად, პოსტპროდუქციის ქართული კომპანია POSTRED იყო ჩართული.
პროექტის შესახებ „Billboard საქართველო“ POSTRED-ის დამფუძნებელ ბესო კაჭარავას ესაუბრა.
ბესო კაჭარავა, POSTRED-ის დამფუძნებელი:
„The Idol-ის პროექტზე ჩვენს ამერიკულ გუნდთან – SOUNDELUX-თან ერთად ვიმუშავეთ და არა მხოლოდ ფოლი, არამედ მთლიანი ხმის დიზაინი ჩაგვბარდა. მე მერგო პატივი, რომ დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვყოფილიყავი და პროექტში მთავარი საუნდ დიზაინერის სტატუსი მქონოდა.“
აღსანიშნავია, რომ The Idol-ის პროექტი POSTRED-ისათვის რეჟისორ სემ ლევინსონთან თანამშრომლობის მეორე შემთხვევაა. პირველი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქართულმა კომპანიამ ლევინსონის გუნდთან ითანამშრომლა, ასევე HBO-ს გახმაურებული სერიალი Euphoria იყო.
„პირველი კოლაბორაცია იყო Euphoria-ს მეორე სეზონზე, რომელიც იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ სემ ლევინსონის გუნდთან მუშაობის პატივი კიდევ ერთხელ გვხვდა.“ – აღნიშნავს ბესო კაჭარავა.
რაც შეეხება პროექტს, სერიალის მასშტაბებიდან და ცნობადობიდან გამომდინარე, მის შემოქმედებით გუნდში ყოფნა POSTRED-ისათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა.
ბესო კაჭარავა:
„The Idol-ს საკმაოდ დიდი გავრცელების სპექტრი აქვს. ეს პროექტი მიმზიდველია არამხოლოდ კინოს, არამედ მუსიკისა და მოდის ინდუსტრიებისთვისაც. ძალიან ვამაყობთ, რომ ასეთ მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის ბედნიერება გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი გუნდი ქვეყნის პოპულარიზაციას მის საზღვრებს გარეთ აქტიურად ცდილობს, ეს პროექტი ამ მხრივ დიდ როლს თამაშობს.“
POSTRED-ის საერთაშორისო პროექტების ჩამონათვალი ამ დროისათვის საკმაოდ მრავალფეროვანი და შთამბეჭდავია. Euphoria-ს და The Idol-ის გარდა, მოიცავს ისეთი ნამუშევრებს, როგორებიც არის: C’mon, C’mon ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით, Raymond & Ray ითან ჰოუკისა და ევან მაკგრეგორის მონაწილეობით, ასევე ანიმაცია “My Father’s Dragon, რომლის რეჟისორი ოსკარის ნომინანტი ნორა თუმეია. POSTRED-მა ასევე იმუშავა სტრიმინგ სერვის Netflix-ის ცნობილ დოკუმენტურ ფილმზე, სახელწოდებით Pamela, a love story.
რაც შეეხება The Idol-ს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის განსაკუთრებული ვარსკვლავური სამსახიობო შემადგენლობით გამოირჩევა. სერიალში მონაწილეობენ თანამედროვე პოპ-კულტურის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ტროი სივანი, BLACKPINK-ის წევრი ჯენი და სხვა ცნობილი სახეები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ The Weeknd პროექტის შემქმნელის სტატუსთან ერთად, მსახიობის ამპლუაშიც წარდგა. არტისტი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.
The Idol-ის მსოფლიო პრემიერა 2023 წლის კანის კინოფესტივალზე შედგა. Ჩვენების შემდეგ ნამუშევარმა დარბაზისაგან ხუთწუთიანი ოვაციები დაიმსახურა.