ქართველი პიანისტის მუსიკალური პროექტი Grammy-ის ნომინაციების გრძელ სიაშია წარდგენილი

დუეტმა, სახელწოდებით Vesna Duo დაჯილდოების ნომინაცია კომპოზიტორ მერი დავითაშვილის „ხორუმის“ არანჟირებისათვის დაიმსახურა.

ლიანა  ფაილოძე-ჰარონ ქართველი პიანისტია, რომელიც მრავალი წელია ამერიკაში მოღვაწეობს. მუსიკოსმა 2020 წელს სერბ პერკუსიონისტთან,  ქსენია კომლიენოვიჩთან ერთად მუსიკალური პროექტი სახელწოდებით Vesna Duo დააარსა. ახლახან დუეტი მუსიკალური სამყაროს ყველაზე გავლენიან დაჯილდოებაზე, Grammy-ზე ორ ნომინაციაზეა წარდგენილი. Vesna Duo-მ დაჯილდოების ნომინაციები კომპოზიტორ მერი დავითაშვილის „ხორუმის“  არანჟირებისათვის დაიმსახურა. პროექტი Grammy-ის ნომინანტთა გრძელ სიაშია წარდგენილი. დაჯილდოების ე.წ. შორტლისტი ნოემბერში გამოვლინდება. 

„Billboard საქართველომ“ ლიანა ფაილოძე-ჰარონთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც პიანისტმა თავის შემოქმედებაზე, Vesna Duo-სა და  გრემის ნომინაციაზე ისაუბრა.

Vesna Duo

ლიანა ფაილოძე ჰარონ: 

„2001 წელს ამერიკაში University of Miami-ში საფორტეპიანო განხრით სასწავლებლად გავემგზავრე. დოქტორის წოდება მივიღე და არა მხოლოდ კლასიკური მუსიკა, არამედ სხვა ჟანრებიც შევისწავლე. ამ წლების განმავლობაში ძალიან საინტერესო გზა გავიარე: დამიკრავს ისეთ ცნობილ საკონცერტო დარბაზებში, როგორებიცაა „კარნეგი ჰოლი“ „ლინკოლნ ცენტრი“  და ასე შემდეგ. ჩემი შემოქმედების განმავლობაში არაერთ სახელგანთქმულ მუსიკოსთან მითანამშრომლია, მათ შორის არიან: სტივენ ტაილერი, Sting და სხვა.“ 

2020 წელს, როცა კოვიდ პანდემიის გამო სახელოვნებო ღონისძიებები ჩაიშალა და დაწესებულებები დაიკეტა, ლიანა ფაილოძე-ჰარონის კონცერტიც გაუქმდა. მუსიკალური საღამო „კარნეგი ჰოლში“ იყო დაგეგმილი, სადაც ლიანას ქსენია კომლიენოვიჩთან ერთად უნდა დაეკრა. 

„მე და ქსენიამ დიდი პროექტის შექმნა გადავწყვიტეთ. ქსენიამ არანჟირება გაუკეთა სტრავინსკის ცნობილ ბალეტს „კურთხეული გაზაფხული“. რამდენიმე თვეში 86-გვერდიანი ნაწარმოები ავაწყვეთ, რომელსაც ზეპირად ვუკრავდით. ამის შემდეგ, ძალიან მალევე, ალბომიც ჩავწერეთ“- ლიანა ფაილოძე-ჰარონ.

ამ ნამუშევრის შემდეგ დუეტი ავტორიტეტულ მუსიკალურ კონფერენციაზე, Chamber Music America 2021-ზე იყო წარმოდგენილი. ამასობაში ლიანა ფაილოძე-ჰარონისა და ქსენია კომლიენოვიჩის პროექტმა შეერთებულ შტატებში ცნობადობა მოიპოვა და ასე შეიქმნა Vesna Duo.

Vesna Duo-მ ამ წლების განმავლობაში არაერთ წარმატებას მიაღწია. დუეტმა Pulitzer-ის პრიზის მფლობელის, ცნობილი ამერიკელი კრიტიკოსის, ტიმ ფეიჯის ყურადღება მიიპყრო. 2022 წელს მან პროექტის შესახებ გავლენიან ამერიკულ გამოცემაში, The Wall Street Journal-ში დაწერა. 

ლიანა ფაილოძე-ჰარონი:

„2022 წლის სექტემბრის გამოშვებაში ტიმ ფეიჯმა ჩვენს ალბომს „საოცრად ეფექტური“ უწოდა. არასდროს დამავიწყდება ის დღე, როცა აეროპორტის კიოსკში Vesna Duo გამოცემა The Wall Street Journal-ის ფურცლებზე დავინახე.“

რაც შეეხება „ხორუმის“  შესრულებასა და Grammy-ის ნომინაციებს, ეს პროექტისათვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატებაა. პიანისტი „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას ამბობს, სადაც არ უნდა უკრავდეს, ყოველთვის ცდილობს, ქართული ნაწარმოები შეასრულოს, ამიტომაც Vesna Duo-ს რეპერტუარში „ხორუმი“თავისთავად გაჩნდა.

„ფორტეპიანოს და პერკუსიას კომბინაცია ქართულ მუსიკას ძალიან უხდება. მერი დავითაშვილის „ხორუმი“ ჩემს სოლო რეპერტუარში ადრეული ასაკიდანვე უკვე იყო. გადავწყვიტე, ჩვენი დუეტისთვის ამ ნამუშევრის არანჟირება გამეკეთებინა და მერი დავითაშვილის ვაჟის, მამუკა დოლიძის თანხმობით ხორუმზე მუშაობა დავიწყე.“ – აღნიშნავს მუსიკოსი. 

როგორც ლიანა ფაილოძე-ჰარონი ამბობს, ამის შემდეგ „ხორუმის“ შესრულება ძალიან ბევრ ამერიკელ პერკუსიონისტს მოუნდა, ამიტომაც პიანისტი სულ მალე ნამუშევრის ნოტების გამოქვეყნებასაც გეგმავს. 

Grammy-ის ნომინაციების გრძელ სიაში, ე.წ. ლონგლისტში  Vesna Duo- არანჟირებით შესრულებული „ხორუმი” ორ ნომინაციაში მოხვდა: „წლის საუკეთესო მცირე ანსამბლი“ და „წლის საუკეთესო არანჟირება“.

ლიანა ფაილოძე-ჰარონი:

„როდესაც ათიათასობით შეტანილი ჩანაწერიდან შენი ჩანაწერი შეირჩევა, ვფიქრობ, ეს უკვე უდიდესი წარმატებაა. Grammy-ზე შესვლა რთული პროცესია, ამიტომაც  აქამდე მიღწევა ძალიან იშვიათია.“ 

ამჟამად ლიანა ფაილოძე-ჰარონი და Vesna Duo-ს მეორე წევრი, ქსენია კომლიენოვიჩი Grammy-ის დაჯილდოების ნომინაციების ე.წ. შორტლისტს ელიან. სამომავლო გეგმების შესახებ კითხვაზე მუსიკოსი ამბობს, რომ რაც შეიძლება მეტი კონცერტის გამართვა სურს, რითაც პირველ რიგში უცხოელ აუდიტორიას საკუთარი ქვეყნის კულტურას  გააცნობს. ამასთან ერთად, ხელოვანის ერთ-ერთ მთავარ და დიდ სურვილად საქართველოში კონცერტის ჩატარებაც არის. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Nini Iris-ის საავტორო მუსიკა და გზა საერთაშორისო სცენამდე – ინტერვიუ ნინი ბრეგვაძესთან 

შემდეგი სტატია

Nini Iris ამერიკული „ვოისის” რინგის გამარჯვებულია

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლის „მშვიდობით, თემურ” პრემიერა შედგა

მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მშვიდობით, თემურ” 20 წლის წინ არის დაწერილი, აბსურდის თემატიკით, გროტესკითა და შავი იუმორით სავსე ნაწარმოები აქტუალობას დღესაც არ კარგავს.
მეტი

ბიონსე და კელი როულენდი Death Becomes Her-ის ბროდვეის პრემიერას  Destiny’s Child-ის მესამე წევრის, მიშელ უილიამსის მხარდასაჭერად დაესწრნენ

„My Belle“, - წერს ბიონსე პოსტის აღწერაში, რომლებიც ასახავს Death Becomes Her-ში უილიამსის თამაშის ხილვით მიღებულ შთაბეჭდილებებს.
მეტი

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი