Nini Iris-ის საავტორო მუსიკა და გზა საერთაშორისო სცენამდე – ინტერვიუ ნინი ბრეგვაძესთან 

„მუსიკა იმდენად მიყვარს, რომ მის გარეშე მაინც ვერ ვიცხოვრებ. მირჩევნია იმ არტისტად დავრჩე, რომელიც საკუთარი მიზნებისთვის იბრძვის.“
Nini Iris
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე, გადაღებულია Leno Records-ში

25 სექტემბერს ამერიკულ ტელეკომპანია NBC-ზე მუსიკალური კონკურსის The Voice-ის 24-ე სეზონი დაიწყო. შოუს პრემიერიდან რამდენიმე დღეში, ე.წ. ბრმა მოსმენების ფრაგმენტი გავრცელდა, სადაც აუდიტორიას ერთ-ერთი რჩეული მონაწილე გააცნო. ეს მონაწილე ქართველი მუსიკოსი Nini Iris – ნინი ბრეგვაძეა, რომელიც Voice-ში გამოჩენის შემდეგ შოუს გულშემატკივრებისა და ინტერნეტ სივრცის ყურადღების ცენტრშია. ე.წ. ბრმა მოსმენაზე ნინიმ Everybody Loves An Outlaw-ის სიმღერა, სახელწოდებით I See Red შეასრულა. 

მისი სიმღერისას მენტორების გუნდის ოთხივე წევრი სცენისაკენ შებრუნდა. Nini Iris-ის  შესრულება იმ თავდაჯერებით და ენერგეტიკით გამოირჩეოდა, რაც კონკურსანტების, მათ შორის, გამოკვეთილად მოწინავე კონკურსანტების მუსიკალური ნომრებისათვისაც კი უჩვეულოა. ეს ცხადია არც მენტორებისათვის დარჩა შეუმჩნეველი, რამაც ნინი შოუს ერთ-ერთ ლიდერად აქცია. 

ამერიკულ Voice-ში ხმაურიანი გამოჩენის შემდეგ, Nini Iris დროებით საქართველოში დაბრუნდა და „Billboard საქართველომ“ არტისტთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

მიუხედავად იმისა, რომ ნინის შემოქმედება ამჯერად საერთაშორისო სცენის ჭრილში განიხილება, ის ქართველი მსმენელისათვის უკვე მრავალი წელია ცნობილია. ნინი მრავალრიცხოვანმა აუდიტორიამ პირველად 11 წლის წინ ქართულ Voice-ში იხილა. მას შემდეგ, მუსიკოსი ქართულ X Factory-შიც გამოჩნდა და თავისი მრავალმხრივი მუსიკალური შესაძლებლობებით, გამოკვეთილი ხმის ტემბრით და ინდივიდუალური შესრულებით კვლავაც გამოირჩეოდა. დროსთან ერთად Nini Iris შემსრულებელთან ერთად, სიმღერების ავტორად ჩამოყალიბდა. წლების წინ, ნინი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. მისი გადაწყვეტილების მოტივატორი მუსიკალური კარიერის განვითარება და საერთაშორისო სცენაზე წარმატების მიღწევა იყო. 

Nini Iris:

„მუსიკა ყოველთვის მიყვარდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ადრეული ასაკიდან გეგმაში მქონდა, მუსიკოსი გავმხდარიყავი და ჩემი ცხოვრება ამისათვის მიმეძღვნა. როდესაც 16 წლის გავხდი, მუსიკალურ პროექტში პირველად გავედი. იქ მუსიკოსები გავიცანი, ამ სფეროს მეტად დავუახლოვდი და მივხვდი, რომ ეს იყო ის, რისი კეთებაც მინდოდა. 18 წლის ვიყავი, როცა გადავწყვიტე საავტორო სიმღერები დამეწერა და ალბომზე დავიწყე მუშაობა. ალბომი 2016 წლის დასაწყისში გამოვეცი და მასში ჩემს ემოციებს მოვუყარე თავი. ამ პროცესს თან გამოწვევები და შიშები ახლდა. არ ვიცოდი, გარშემომყოფები როგორ მიიღებდნენ ჩემს ნამუშევარს. კრიტიკაზე ბევრს ვფიქრობდი და მძაფრადაც აღვიქვამდი. ამ შიშმა მომავალშიც არაერთხელ გამაჩერა, მაგრამ როცა გავიზარდე და ჩემი შესაძლებლობები მეტად გავაცნობიერე, გადავწყვიტე საკუთარი თავისთვის მომესმინა და ისეთი მუსიკა შემექმნა, რომელიც მე მომწონდა და მასზე მუშობა სიამოვნებას მანიჭებდა.“

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

როგორც ნინი ამბობს, ქართულ მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობის  შემდეგ მიხვდა, რომ ის სივრცე სჭირდებოდა, სადაც მეტი კონკურენცია და შესაბამისად, განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობებია. როდესაც თანამედროვე პოპ კულტურაზე, მუსიკასა და ხელოვნებით ხელშესახები წარმატების მიღწევაზე ფიქრობდა, პირველი მუდამ ამერიკა ახსენდებოდა, ამიტომ ორიენტირი შეერთებული შტატებისაკენ ბუნებრივად განისაზღვრა.

„ამერიკაში წასვლის ჩემი ერთადერთი მიზეზიც და მიზანიც მხოლოდ და მხოლოდ მუსიკალური კარიერის შექმნა იყო. ნიუ იორკში ცხოვრება საკმაოდ რთულია. მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული. ეს ჩემთვის ორმაგად სტრესული იყო, რადგან საქართველოში მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი და არ ვიცოდი, რა იყო სრულიად მარტო საკუთარ ყოველდღიურობაზე ზრუნვა. ამერიკაში გიწევს ცხოვრების ტემპს ფეხი აუწყო, იმუშაო, გადასახადები გადაიხადო და რაღაც მომენტში ეს ყველაფერი ძალიან რუტინული ხდება. ამ ვითარებაში ხელოვნებაზე კონცენტრირება რთულია და ის მომენტიც დგება, როცა დანებებაზე ფიქრს იწყებ. თუმცა, რეალურად, ეს ეტაპი გადალახვადია. მივხვდი, მუსიკა იმდენად მიყვარს, რომ მის გარეშე მაინც ვერ ვიცხოვრებ. მირჩევნია იმ არტისტად დავრჩე, რომელიც საკუთარი მიზნებისთვის იბრძვის.“

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე, გადაღებულია Leno Records-ში

კონკურენტულ გარემოში მუსიკალური კარიერის სრულსაყოფად წარმართვა ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. როგორც Nini Iris ჩვენთან საუბრისას ამბობს, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა სწორი პროდიუსერის პოვნა აღმოჩნდა.  

ამერიკაში  ყოფნის დროს, საავტორო სიმღერებზე მუშაობასთან ერთად, Nini Iris-ი კონცერტებზეც გამოდიოდა, თუმცა შემდეგ პანდემია დაიწყო და მისი ბენდი დაიშალა. ნინის ამჟამინდელი წარმატების ერთ-ერთ წინაპირობად შეგვიძლია ის ჩავთვალოთ, რომ მიუხედავად არაერთი წინააღმდეგობისა,  მუსიკალური კარიერის შექმნის მცდელობა არასოდეს შეუწყვეტია. არტისტი ამბობს, რომ ამერიკაში შრომისმოყვარეობა უმეტეს შემთხვევაში მაინც ფასდება.

ნინის ჟანრობრივი მიმართულება Dark Pop-ით განისაზღვრება. მისი ტექსტი და მუსიკა ავთენტურობით და გულწრფელობით გამოირჩევა. სცენის მიღმა Nini Iris-ის გაცნობის შემდეგ ნათელია, თუ რამდენად ორგანულია მისი შემოქმედების ყველა დეტალი, მათ შორის სასცენო ვიზუალიც კი, რომელიც არტისტის რეალურ პერსონას კარგად გამოხატავს. სწორედ ეს გულწრფელობა აძლევს მას იმ თავისუფლებას, რომელმაც Voice-ის სცენიდან ამერიკული სცენის წამყვან ვარსკვლავებსა და მასშტაბურ შოუებს შეჩვეულ მაყურებელში მყისიერი კეთილგანწყობა გამოიწვია. 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

„ამერიკაში არასდროს უნდა გაჩერდე, მუდამ რაღაც უნდა სცადო. სწორედ ამ ლოგიკას მივყევი და Voice-ში მონაწილეობის მიღებას ყოველ წელს ვცდილობდი. უარი არაერთხელ მივიღე. გულწრფელად რომ ვთქვა, რაღაც მომენტში შესაძლოა ამან თვითშეფასებაზეც კი იმოქმედოს, თუმცა მთავარია, ეს კიდევ ერთ შესაძლებლობად მიიღო და მცდელობა გააგრძელო. საბოლოოდ Voice-ში ჩემი განაცხადი მიიღეს და უკვე ე.წ. ბრმა მოსმენაზეც მოვხვდი.“

არტისტისათვის ყველა კონკურსი თავისებურ  ღელვასა და სტრესთან არის დაკავშირებული. როგორც Nini Iris იხსენებს, მის შემთხვევაშიც ასე იყო, თუმცა, საბოლოოდ გადაწყვიტა, Voice-ის სცენაზე დგომით მაქსიმალური სიამოვნება მიეღო და საკუთარი თავი ამ გზით გამოეხატა. 

„სიმართლე რომ ვთქვა, ჩემს თავს იმ მონაწილედ განვიხილავდი, რომელიც ბრმა მოსმენის ტურს გადალახავდა, მაგრამ ოთხივე მენტორი რომ შემობრუნდებოდა, ალბათ, ასე დარწმუნებით არ ველოდი. თავდაჯერება მნიშვნელოვანია, თუმცა შენს თავს იმდენად დიდი იმედები არ უნდა მისცე, რომ მოვლენების სხვაგვარად განვითარების შემთხვევაში, რეალობის მიღება გაგიჭირდეს. მენტორების წინაშე გასვლის წინ გადავწყვიტე, რომ სიმღერით უბრალოდ სიამოვნება მიმეღო და ასეც მოხდა. შემიძლია ვთქვა, რომ სცენაზე სრულიად ავთენტური ნინი იდგა.“

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

„Billboard საქართველოს“ კითხვაზე, თუ რა მიაჩნია Nini Iris-ს სხვა კონკურსანტებს შორის თავის უპირატესობად, არტისტი გულწრფელად პასუხობს, რომ ეს ქარიზმაა. მისი თქმით, როგორც არტისტს, შეუძლია ნებისმიერი ავტორის სიმღერა ბოლომდე შეიგრძნოს, გაითავისოს და ამავდროულად შესრულებისას საკუთარი თავიც არ დაკარგოს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Nini Iris-ის საავტორო მუსიკა Dark Pop-ის ჟანრს მიეკუთვნება. საკუთარი შემოქმედებიდან საყვარელ ტრეკზე საუბრისას არტისტი  Fade Away-ს ასახელებს. აღსანიშნავია, რომ სიმღერის მასტერინგსა და მიქსინგზე გიორგი გვარჯალაძემ (Leno Records) იმუშავა. Nini Iris-მა სიმღერაზე მუსიკალური ვიდეოც გადაიღო, რომელიც მსმენელს 2022 წელს გაუზიარა. 

„Fade Away-ს ჩემს შემოქმედებაში გამოკვეთილი ადგილი უკავია. ეს სიმღერა მაშინ დავწერე, როცა დაბნეული ვიყავი და ბოლომდე არ ვიცოდი, ჩემს თავს რა ხდებოდა. ეს ნამუშევარი იმ მდგომარეობიდან გამოსვლაში ძალიან დამეხმარა. ფილმის რეჟისორი ნიჭიერი სტუდენტი, სახელად მინ სუ პარკია (Min Soo Park). ის ინსტაგრამის მეშვეობით გავიცანი და საბოლოოდ ვითანამშრომლეთ. გადაღების პროცესი ძალიან ინდი გარემოში მიმდინარეობდა, რამაც ეს ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო გამოცდილებად აქცია.“

Nini Iris სამომავლო გეგმებზე საუბრისას ამბობს, რომ პროექტის დასრულების შემდეგ EP-ის გამოცემას აპირებს.

„იდეალური იქნება, თუ შევძლებ და ხმისჩამწერ ლეიბლთან ვითანამშრომლებ. თუმცა, თუ ასე არ მოხდა, ცხადია დამოუკიდებელ მუსიკოსად მოღვაწეობას გავაგრძელებ და ამ სფეროს სხვადასხვა პროფესიონალის დახმარებით ჩანაწერებს გამოვცემ, კლიპებს ჩავწერ და ასე შემდეგ. შევეცდები, რომ ამერიკაში პატარა ტურნეშიც წავიდე, ცხადია მენეჯერის დახმარებით.“

Nini Iris-ს უახლოეს მომავალში NBC-ის ეთერში Voice-ის ე.წ. რინგის ტურში ვიხილავთ. სწორედ ამ ტურში გაირკვევა გააგრძელებს თუ არა არტისტი სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტში მონაწილეობას. ნინი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პერიოდი მისთვის ფასეული გამოცდილება და ახალი პერსპექტივებისაკენ შესაძლო გაღებული კარია.

ნახეთ „Billboard საქართველოს“ ვიდეო, რომელშიც Nini Iris შემოქმედებით პროცესსა და თავის რჩეულ არტისტებზე საუბრობს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრიტნი სპირსი ამბობს, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკი ისევ უყვარს

შემდეგი სტატია

ქართველი პიანისტის მუსიკალური პროექტი Grammy-ის ნომინაციების გრძელ სიაშია წარდგენილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარი Coachella-ს ფესტივალზე, 2017 წლის 16 აპრილი. ფოტო კევინ უინტერი

ბილბორდის „უდიდესი პოპ ვარსკვლავები“: 2017 წელს ედ შირანმა და კენდრიკ ლამარმა აჩვენეს, თუ როგორ  შეიცვალა დროთა განმავლობაში მონოკულტურა

ბილბორდის სტატიათა სერიის „წლის უდიდესი პოპ ვარსკვლავების" ფარგლებში, 2017 წელს ედ შირანისა და კენდრიკ ლამარის პოპულარობამ პიკს მიაღწია, რამაც ნათლად წარმოაჩინა პოპ-კულტურის მრავალფეროვნება
მეტი

მანანა მენაბდემ და გორის ქალთა გუნდმა მსმენელს დები იშხნელების მუსიკალური საღამო წარუდგინეს

კონცერტი დები იშხნელების შემოქმედების 100 წლის იუბილეს სიმბოლურად გამოეხმაურა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 3 – რიანა

მას შემდეგ, რაც თინეიჯერობის ასაკში ბარბადოსიდან აშშ-ში ჩავიდა, რიანამ სწრაფად შეძლო თავის დამკვიდრება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ჰიტმეიკერი, მომხიბლაობის სიმბოლო და ნოვატორი ფიგურა თანამედროვე პოპისტორიაში.
მეტი

SZA მსმენელებს წლის ბოლოს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს ჰპირდება

ამ განცხადებამდე დღეებით ადრე British Vogue-ისათვის მიცემულ ინტერვიუში არტისტმა გაამხილა, რომ ორი პროექტი აქვს მზად გამოსაშვებად.
მეტი