კანიე უესტმა ახლახან განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ებრაელ ხალხს ანტისემიტური კომენტარების გამო ბოდიში მოუხადა. ეს განცხადება წინ უძღვის უესტის დაანონსებული ალბომის, სახელწოდებით Vultures გამოცემას.
„ებრაელ ხალხს გულწრფელად ვუხდი ბოდიშს, თუ ჩემი ქმედებებით, ან ნათქვამით უნებლიედ ბრაზი გამოვიწვიე. წყენა, ან შეურაცხყოფა ჩემი განზრახვა არ ყოფილა. მე მზად ვარ, საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა და ამ გამოცდილებიდან გაკვეთილი მივიღო, რათა მომავალში მეტი მგრძნობელობა და გაგება გამოვიჩინო. თქვენგან პატიება ჩემთვის მნიშვნელოვანია და მზად ვარ, რომ ამ თანადგომით მომავალში ყველაფერი გამოვასწორო” – წერს რეპერი ინსტაგრამზე.
ჯერ კიდევ 2022 წელს Ye-მ საზოგადოების დიდი კრიტიკა დაიმსახურა, როცა არტისტმა ანტისემიტური განცხადებების გავრცელება დაიწყო. მან ინტერვიუებში ებრაელი ხალხის მიმართ სიძულვილის ენა არაერთხელ გამოიყენა.
2023 წლის დეკემბრის დასაწყისში მაიამიში დახურული მუსიკალური ღონისძიება გაიმართა, რომელიც დაანონსებულ ალბომს, Vultures-ს მიეძღვნა. Vultures კოლაბორაციული ალბომია, რომელიც უესტმა Ty Dolla $ign-თან ერთად ჩაწერა. ლაივზე კანიე Ku Klux Klan-ის ნიღბის მსგავსი კოსტიუმით გამოჩნდა. მან შეასრულა ტრეკი, რომლის ტექსტი წარსულში გაკეთებული ანტისემიტურ განცხადებებსა და ებრაელ ხალხთან დამოკიდებულებას ეხებოდა.
რაც შეეხება ალბომს, მისი გამოცემის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. უკანასკნელი მონაცემებით, Vultures 2024 წლის 12 იანვარს გამოვა.