საქართველოში მუსიკოსთა პირველი პროფესიული კავშირი დაარსდა

პროფკავშირში გაწევრიანება მუსიკალურ სფეროში დასაქმებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის ლოგო
ავტორი: შოთა საგანელიძე

საქართველოში მუსიკოსთა პირველი პროფესიული კავშირი დაარსდა. როგორც ყველა პროფკავშირის, მისი მთავარი მისიაც მუსიკოსთა შრომითი უფლებების დაცვა იქნება. თუმცა იმის გამო, რომ აქამდე ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიას მსგავსი გამოცდილება არ ჰქონია, ახლადდაარსებულ ორგანიზაციას სხვა ბევრი ფუნქციის შეთავსებაც უწევს. მუსიკოსთა პროფესიული კავშირის შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ Billboard საქართველოს მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, მუსიკოსი ოთო ბერძენიშვილი ესაუბრა:

„მუსიკალური პროფკავშირის დაარსების იდეა ჯერ კიდევ პანდემიის დროს გაჩნდა. იმ პერიოდში, როცა ყველაფერი გაჩერდა და ქალაქი ჩაიკეტა, დასაქმებულ მოქალაქეებს სახელმწიფო ერთჯერად ფინანსურ დახმარებას უწევდა. უცებ გაირკვა, რომ რეალურად არც ერთი მუსიკოსი არსად ოფიციალურად დასაქმებული არ ვართ. შესაბამისად, ეს თანხა ვერც ერთმა ვერ მივიღეთ. 15 წელია ვუკრავ, მე პირადად, და აღმოჩნდა, რომ ოფიციალურად არც ერთი დღე არ მიმუშავია, სხვა შრომას თუ არ ჩავთვლით. ადამიანები ათწლეულებია, ერთსა და იმავე ბარში უკრავენ და ალბათ სულ ერთეული შემთხვევა ვიცი, როცა ეს მუსიკოსი ბარმა ოფიციალურად გააფორმა ან შტატში აიყვანა. მერე უკვე დავიწყეთ ჩაძიება და გაირკვა, რომ, აი, ხომ არსებობს, მაგალითად, კინოცენტრი, მწერალთა სახლი და ა.შ. მუსიკოსები კი არსად ასე ოფიციალურად არ ირიცხებიან. აქედან გაჩნდა პროფკავშირის დაარსების იდეაც და აუცილებლობაც. შემდეგ უკვე კანონებშიც ჩავიხედე და იქაც უამრავი ხარვეზია. მაგალითად, წერია, რომ ზაფხულში, სიცხეში როცა გარეთ უკრავ, სცენა უნდა გაგრილდეს, მაგრამ არაფერი წერია იმაზე, რომ ზამთარში უნდა გათბეს. მე დამიკრავს ახალ წელს ქუჩაში და ისე ციოდა, არც ვიცი, როგორ დავუკარი. ასე რომ, აუცილებელია პროფკავშირის არსებობა, ვინც ამ სფეროს დარეგულირებაზე იზრუნებს, რადგან დღეს ეს ინდუსტრია აბსოლუტურად უყურადღებოდაა.”  

მუსიკოსთა პროფკავშირში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მუსიკალურ სფეროში ნებისმიერი მიმართულებითაა დასაქმებული. უკვე არსებობს გაწევრიანების ფორმაც და ამ ეტაპზე 28 დამფუძნებლის გარდა, კავშირს 60-მდე წევრი ჰყავს. პროფკავშირში გასაწევრიანებელი ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

„ზოგადად პროფკავშირი არის შრომითი, პირველ რიგში, და სხვა უფლებების დაცვა. აი, მაგალითად, პროფკავშირის წევრი მუსიკოსი რომ იწყებს მუშაობას ბარში, ჩვენ გვაქვს კონტრაქტის რამდენიმე ფორმა, რომელიც შეუძლია კონკრეტულ პირობებს მოარგოს დამსაქმებელთან ერთად და შემდეგ უკვე ჩვენ ვიცავთ მის უფლებებს, რომ ეს კონტრაქტი არ დაირღვეს დამსაქმებლის მხრიდან. პროფკავშირის ძირითადი ქვაკუთხედი ეს არის. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ქვეყანაში მუსიკას, ზოგადად, სათანადო ყურადღება არ ექცევა, ბევრ სხვა შემოქმედებით პროექტსაც ვგეგმავთ, რაც სცდება რეალურად პროფკავშირის საქმიანობას. ეს რაც შეეხება სამომავლო გეგმებს. მაგრამ ჩვენი უახლოესი და პირველი მიზანი, რაზეც ახლა მთელი გუნდი ვმუშაობთ, არის მუსიკოსის შრომის ლეგალიზება ანუ ზუსტად ის, რის გამოც პროფკავშირის იდეა გაჩნდა.  არსად არ წერია, რომ ეს ხალხი სადღაც მუშაობს. Მე თვითონ 15 წელი ვუკრავდი ბარებში და დღეს არსად არანაირი ფორმით არ ფიქსირდება, რომ მე ის პერიოდი ვმუშაობდი, რადგან მუსიკოსი ძირითადად თანხას იღებს ხელზე და ეს არის ე.წ. შავი თანხა. საქართველოში გვაქვს ჩვენ შრომის კანონი და რეალურად ის, რომ მუსიკოსი არ არის გაფორმებული და ისე იღებს ანაზღაურებას, ეს ობიექტურად კანონდარღვევაა. თუმცა ჩვენი, როგორც პროფკავშირის, მიზანი და სურვილი, რა თქმა უნდა, ის არ არის, რომ ბარებს რაიმე ზიანი მივაყენოთ ან მათი გასავალი გავზარდოთ. სწორედ ბარები არიან ჩვენი ძირითადი დამსაქმებელი, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი იყოს ოფიციალური, ელემენტარულად პირობები რომ გამოჩნდეს და ვნახოთ, რამდენად მუშაობენ მუსიკოსები. გარდა ამისა, როცა მუსიკოსი ოფიციალურად არ არის გაფორმებული, ეს ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის მას, ელემენტარულად ვერ იღებს იმ სერვისებს, კერძო იქნება ეს თუ სახელმწიფო, რითაც ოფიციალურად დასაქმებული ადამიანი სარგებლობს. ამიტომ ეს არის ის, რაზეც, პირველ რიგში, ვიზრუნებთ. 

სხვათა შორის, ეს ყველაფერი რომ დავიწყეთ, ვფიქრობდით, რომ ძირითადად მთავრობასა და მოქალაქეებთან დაგვჭირდებოდა მუშაობა. მაგრამ პროცესში მივხვდით, რომ ჯერ თვითონ მუსიკოსებით უნდა დავიწყოთ და მათ მივაწოდოთ ინფორმაცია. მუსიკოსი რომ ხარ, არ გაინტერესებს ეს დეტალები, მეც ეგრე ვიყავი ბევრი წელი. უბრალოდ მუსიკის კეთება გინდა და დანარჩენზე აღარ ფიქრობ. ამიტომ, პირველ რიგში, ახლა ვამზადებთ საინფორმაციო ვიდეოებს მუსიკოსებისთვის და ჩვენი იურისტი აუხსნის მათ, თუ როგორ მოიქცნენ, რა უფლებები და ბერკეტი აქვთ, რადგან უმეტეს მათგანს უბრალოდ ინფორმაციაც არ აქვს ამის შესახებ. ასევე, ვამზადებთ ონლაინ გადაცემას, რომელიც უკვე გაზაფხული-ზაფხულიდან გაეშვება და წარმოგვიდგენს ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტებს. მოკლედ, უამრავი გეგმა გვაქვს, ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია და ნელ-ნელა ყველაფერს მივყვებით.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯეიმს ბრაუნის შესახებ გადაღებული სერიალის პრემიერა ტელეარხ ET-ზე შედგა

შემდეგი სტატია

ლიემ გალაგერი და ნოელ გალაგერი ლონდონში. ფოტო: დეივ ჰოგანი

ლიემ გალაგერის თქმით მისმა ძმამ საიუბილეო ტურნეზე და საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხაზე უარი თქვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი