ფესტივალი, სადაც მუსიკა დიპლომატიას ხვდება

„ბილბორდის” ამერიკული გამოცემა წინანდლის ფესტივალს სტატიას უძღვნის.
დავით საყვარელიძე, ავი შოშანი და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი წინანდლის ფესტივალზე

ავტორი: ფრედრიკ დანენი

ერიკ მირზოიანი, 21 წლის სომეხი კლარნეტისტი, პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის წევრია – 80 მუსიკოსისგან შემდგარი კოლექტივის, რომელიც წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ცენტრალური ელემენტია. მირზოიანი მოსკოვში დაიბადა. ფესტივალის წლევანდელ სეზონზე მას მოცარტის კლარნეტის კვინტეტის შესრულება სურდა, რისთვისაც პანკავკასიური ორკესტრიდან ოთხი ახალგაზრდა მუსიკოსი შემოიერთა. ვიოლას პარტიისთვის ერიკმა ჰუმაი ჰასიზადე აარჩია –  ახალგაზრდა გოგონა, რომელიც აზერბაიჯანში დაიბადა – ქვეყანაში, რომელიც 30 წელზე მეტია სომხეთთან სისხლიან კონფლიქტში იმყოფება. 

მიუხედავად მათი ერების მტრობისა, ორ მუსიკოსს შორის გულითადი მეგობრობა სუფევს, როგორც მუსიკის ერთობლივად შექმნის შედეგი.

3 სექტემბრის საღამოს თავისუფალ კონცერტზე ფესტივალის აუდიტორიისთვის მოცარტის კვინტეტი შესრულდა. მეორე დილას კი რუსულმა საჰაერო თავდასხმამ ლვოვში შვიდი ადამიანი იმსხვერპლა. ისე მოხდა, რომ ერთ-ერთი იმ ორი მევიოლინიდან, რომლებიც მირზოიანმა კვინტეტის დასაკრავად მოიწვია, სწორედ ლვოვში დაბადებული ოლეჰ იუზკივი იყო. იუზკივმა იცის მირზოიანის რუსული მემკვიდრეობის შესახებ, მაგრამ მათი მეგობრობა, რომელიც ასევე მუსიკამ ჩამოაყალიბა, ხელუხლებელი დარჩა. 

„ეს საოცარი იყო,” – ამბობს მირზოიანი კვინტეტის შესრულების შემდეგ. „ჩვენ ეს ქვეყნები გავაერთიანეთ და კავშირი მაშინვე შედგა. აქ არ არსებობდა ნაციონალობის განცდა და არც არასდროს უნდა იარსებოს მუსიკაში. ჩვენ უნდა დავუკრათ იმისთვის, რომ ადამიანები განვკურნოთ და მათი სულების ყველაზე ფაქიზ სიმებს შევეხოთ.”

კულტურული დიპლომატია სწორედ ის მიზანია, რომლისთვისაც 2019 წელს პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი შეიქმნა ფესტივალზე, რომელიც წინანდლის ისტორიულ მამულში, თბილისიდან დაახლოებით 100 კილომეტრში იმართება. ფესტივალის დამფუძნებლები ორკესტრის სამშვიდობო მისიაზე საუბრობენ, რაშიც ნამდვილად არ აჭარბებენ. წელს ორკესტრი 18-დან 28 წლამდე მუსიკოსებისგან შედგებოდა, რომლებიც კონფლიქტური რეგიონის 8 ქვეყნიდან არიან. ესენია სამი კავკასიური ქვეყანა: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და ხუთი მეზობელი სახელმწიფო: უკრაინა, თურქეთ, ყაზახეთ, თურქმენეთი და მოლდოვა. მომავალ წელს სიას შესაძლოა უზბეკეთიც დაემატოს. 

შესაძლოა, პანკავკასიური ორკესტრის ჰუმანიტარული მიზანიც კი საკმარისი იყოს იმისთვის, რომ ფესტივალს მაყურებელი უხვად ჰყავდეს, თუმცა ამასთან ერთად თანაბრად აღსანიშნავია ორკესტრის პროფესიონალური მხარეც. ეს კი დიდწილად დირიჟორ კლაუდიო ვანდელის დამსახურებაა, რომელიც ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობს, ადგილობრივ მოსმენებს ესწრება და ახალგაზრდა ტალანტებს არჩევს. ორკესტრის მოსამზადებელი გუნდი კი ფესტივალს მთავარი საერთაშორისო ორკესტრების წამყვანი მუსიკოსებისგან ჰყავს დაკომპლექტებული, როგორებიც არიან, მაგალითად, ნენსი ვუ – მეტროპოლიტენ ოპერის ორკესტრის ასოცირებული კონცერტმაისტერი.   

წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორი საერთაშორისოდ აღიარებული დირიჟორი ჯანანდრეა ნოზედაა, რომელიც 2015 წელს Musical America-მ წლის დირიჟორად დაასახელა. პანკავკასიური ორკესტრის წევრები მასზე დიდი მოწიწებით საუბრობენ. ორკესტრის დირიჟორობით გამოწვეული თავად მისი სიხარული კი აშკარაა. ეს აღტაცება ცხადი იყო წლევანდელი სეზონის საფინალო კონცერტზე, როცა მისი დირიჟორობით ორკესტრმა მალერის მეოთხე სიმფონია შეასრულა, რაც ნებისმიერი ორკესტრისთვის დიდი გამოწვევაა. წელს ნოზედამ ნიუ-იორკის ფილარმონიულ ორკესტრთან იმუშავა და მისი თქმით, პანკავკასიური ორკესტრის შესრულების ხარისხი „არცთუ ისე შორს იყო ფილარმონიული ორკესტრის დონისგან.” ფესტივალის გენერალური დირექტორის, დავით საყვარელიძის თქმით, საქართველოში ეს მალერის მეოთხე სიმფონიის პირველი შესრულება იყო. 

პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი

სულ რაღაც ექვს წელიწადში წინანდლის ფესტივალმა მოახერხა და თავი დაიმკვიდრა, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი კლასიკური მუსიკის ფესტივალი. მას ხშირად ვერბიეს ფესტივალს ადარებენ და სიმბოლურია, რომ შვედი მარტინ ენგსტრომი და ისრაელელი ავი შოშანი, რომლებმაც 1994 წელს სწორედ ვერბიეს ფესტივალი დააარსეს, წინანდლის ფესტივალის დამფუძნებლები და სამხატვრო ხელმძღვანელებიც არიან. 

„ჩვენ ვიცით, როგორ გავაკეთოთ ფესტივალი,” – ამბობს შოშანი. „მაგრამ პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, ეს მარტინის ბრწყინვალე იდეა იყო.” ახალგაზრდული ორკესტრი ვერბიეს ფესტივალსაც ჰყავს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ის ღიაა აპლიკანტებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. „მარტინმა თქვა: თუ ჩვენ აქ მოვიყვანთ ადამიანებს, რომლებიც, როგორც წესი, ერთად არ სხდებიან, მაგალითად, სომხები თურქებთან, მაშინ ის შეიძენს მნიშვნელობას.”

ორკესტრთან ერთად წინანდალში A-კლასის სოლო შემსრულებლებიც ჩამოდიან და მშვიდობის პროექტს მხარს უჭერენ. „ადამიანებს სწამთ იმ იდეის, რასაც ამ  კონფლიქტურ რეგიონში ვახორციელებთ,” – ამბობს ენგსტრომი. წელს მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მევიოლინეები: ჯოშუა ბელი და კრისტოფ ბარატი; პიანისტები: მიხაილ პლეტნევი, ალექსანდრ კანტოროვი, ბორის გილტსბურგი, ბრუს ლიუ და ჯერემი დენკი; ჩელისტები: სტივენ ისერლისი და ედგარ მორო; ჰობოისტი ფრანსუა ლელო და სხვა დიდი სახელები. ბელი, კანტოროვი, ლელო და მორო სცენაზე სწორედ პანკავკასიურ ორკესტრთან ერთად წარდგნენ. 

ფესტივალის იდეალური ლოკაცია – 4 ჰექტარზე გაშენებული პარკი ასევე იწვევს ინტერესს შემსრულებლებსა და მაყურებელში. მე-19 საუკუნეში წინანდლის მამული პრინც ალექსანდრე ჭავჭავაძეს ეკუთვნოდა, ქართველ არისტოკრატსა და პოეტს. მისი იტალიური სასახლის სტუმრებს შორის ალექსანდრე დიუმაც კი იყო, რომელმაც წინანდალს სამოთხე უწოდა. მამული საბჭოთა პერიოდში დაზიანდა, 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ნანგრევებად იქცა. მისი აღდგენა მხოლოდ 2007 წელს „სილკ როუდ ჯგუფის” თავმჯდომარის, გიორგი რამიშვილის თაოსნობით დაიწყო და როცა 2019 წელს წინანდლის ფესტივალმა სტარტი აიღო, მამულს უკვე ძველი დიდება ჰქონდა დაბრუნებული.

შოშანი სწორედ რამიშვილის დამსახურებად მიიჩნევს იმას, რომ ეს ფესტივალი რეალობად იქცა. „მარტინზე და ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ხედვამ. ყველაფერზე, რასაც კი ვითხოვდით, ამბობდა: „დიახ, მე ამას გავაკეთებ” და აკეთებდა კიდეც.” ესენია 1200 მაყურებელზე გათვლილ ამფითეატრი, 600-კაციანი მუსიკალური დარბაზი, ძვირადღირებული სასტუმრო და შედარებით პატარა სასტუმრო თავისი სარეპეტიციოებით ახალგაზრდული ორკესტრისთვის. ფესტივალის დირექტორი დავით საყვარელიძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი, კიდევ ერთი გამწევი ძალა იყო ენგსტრომისა და შოშანის მიერ დასახული მიზნების მიღწევაში. 

სწორედ ამფითეატრის დამსახურება იყო ის, რომ 2020 და 2021 წლებში, როცა მასობრივად დაიხურა საკონცერტო დარბაზები, წინანდლის ფესტივალი არ გაჩერებულა. „ჩვენ ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა, რომ ფესტივალი არ გაჩერებულიყო,” – ამბობს აღმასრულებელი მენეჯერი მაია ლომაძე. „იმ დროს ფესტივალი ძალიან ახალგაზრდა იყო იმისთვის, რომ ეს დარტყმა გადაეტანა.” მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის განმავლობაში პანკავკასიური ორკესტრის გამოსვლები შეჩერდა, თავად ფესტივალი 2020 და 2021 წლებში მაინც გაიმართა. 

ამასობაში კი საქართველო ტურიზმის მიმართულებით შთამბეჭდავ პროგრესს განიცდიდა. 2019 წელს, პანდემიამდე, ქვეყანას რეკორდული 9.3 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია, რაც ქვეყნის მოსახლეობაზე დაახლოებით სამჯერ მეტია. მოგზაურთა ნაწილი საქართველოში უძველესი მონასტრებისა და კათედრალების სანახავად ჩამოდის, ზოგი კი ეროვნული პარკებისა და ნაკრძალების დასათვალიერებლად. კახეთის რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც წინანდალი მდებარეობს, განთქმულია თავისი ვენახებით. ტურისტების ბროშურებში კახეთი მოხსენიებულია, როგორც ღვინის მოყვარულთა ოცნება. წინანდლის ფესტივალის საკონცერტო სივრცეებიც სწორედ ისტორიული ღვინის მარნის თავზეა განთავსებული. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან საქართველოს უსაფრთხოების მაღალი ნიშნული აქვს მინიჭებული. უსაფრთხოება პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის კი არცთუ ისე პატარა საქმეა. 

სიტყვა „უსაფრთხოება” ხშირად ისმის წინანდლის ფესტივალზეც. პანკავკასიური ორკესტრის ქართველი ფლეიტისტი ნინო ოჩიგავა ამბობს, რომ წინანდალი „ყველაზე უსაფრთხო ადგილია მუსიკის შექმნისთვის. აქ ჩვენ ყველანი მეგობრები ვართ.” თუმცა რეგიონის არასტაბილურობა მაინც რჩება საყოველთაო მღელვარების მიზეზად. ყველაზე უკეთ ეს თავად ნინო ოჩიგავას ესმის – ის ოჯახში ერთადერთი მუსიკოსია. მისი ორივე მშობელი კი ჯარში მსახურობს. 

2008 წელს 5-დღიანი ომის შედეგად რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა. მაშინ, როცა ანტირუსული განწყობა საქართველოში მაღალია, არსებობს შიში, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება” სცდება ქვეყნის დასავლურ გზას და რუსეთისკენ იხრება. 26 სექტემბერს მათ მიერ ქალაქში ორ ნაწილად გაყოფილი ბანერები განთავსდა, სადაც მარცხენა მხარეს ნაჩვენებია დაბომბილი უკრაინა, ხოლო მარჯვნივ – მშვიდობიანი თბილისი – დასკვნების მარტივად გამოსატანად.  სარეკლამო კამპანია მკაცრად გააკრიტიკეს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგობას რუსული ოკუპაციის საპასუხოდ. ოპოზიცია „ქართული ოცნების” დამარცხებას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ეცდება. ქართული პოლიტიკური მღელვარება იყო სასაუბრო თემა წლევანდელ წინანდლის ფესტივალზეც, თუმცა ცხრავე მუსიკალური დღე მთლიანად ოპტიმისტური განწყობით იყო მოცული. ეს კი სავსებით ბუნებრივია იმ თავშეყრისთვის, რომელიც კულტურული დიპლომატიის იმედისმომცემ ექსპერიმენტზეა დაფუძნებული. „მე არ ვიცი, მუსიკას შეუძლია თუ არა მსოფლიოს შეცვლა,” – ამბობს ჯანანდრეა ნოზედა მალერის მეოთხე სიმფონიის შესრულების შემდეგ. „მაგრამ მას ნამდვილად აქვს ძალა, შეცვალოს ადამიანების გონება და გულები.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თუფაქ შაკურის ოჯახმა რეპერის მკვლელობასთან Diddy-ს კავშირის დასადგენად დეტექტივების გუნდი დაიქირავა

შეიძლება დაგაინტერესოთ

თუფაქ შაკურის ოჯახმა რეპერის მკვლელობასთან Diddy-ს კავშირის დასადგენად დეტექტივების გუნდი დაიქირავა

შაკური 25 წლის იყო, როდესაც ლას-ვეგასში მანქანით გადაადგილებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
მეტი

რატომ შეიძლება იყოს კენდრიკ ლამარის Not Like Us გრემის დაჯილდოების ერთ-ერთი აქტუალური ნომინანტი

ტრეკმა სტრიმინგ სერვისების რეკორდები მოხსნა და იქცა კენდრიკ ლამარის მეოთხე ჰიტად, რომელმაც Billboard Hot 100-ის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.
მეტი

ზვიად ბოლქვაძის და რანინას ბავშვების კონცერტი ფილარმონიაში

5 ოქტომბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში SPARKS-ის ორგანიზებით ზვიად ბოლქვაძისა და რანინას ბავშვების კონცერტი გაიმართა.
მეტი

50 Cent-ის თქმით, თანამედროვე რეპის შესაქმნელად მან თავისი „სულელური მხარე” უნდა გამოიყენოს

„ახლანდელ მუსიკას თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ სისულელე უნდა გავაკეთო,” - პასუხობს რეპერი კითხვაზე, თუ რატომ აღარ ქმნის მუსიკას ისეთი სიხშირით, როგორც ადრე.
მეტი
ანდრეა ბოჩელი Andrea Bocelli Foundation

ანდრეა ბოჩელის ინკლუზიური ჩართულობისთვის ჯილდო გადაეცემა

ჯილდოს Ruderman-ის ფონდი აწესებს, რომელიც წარსულში სელენა გომესს, ევა ლონგორიას, ტარაჯი პ. ჰენსონს და ძმებ ფარელებს აქვთ მიღებული
მეტი