მომღერალი სელინ დიონი საჯაროდ გამოხატავს პროტესტს ხელოვნური ინტელექტით გენერირებული მუსიკის წინააღმდეგ, რომელიც მისი სახელისა და ხმის გამოყენებით ვრცელდება.
დიონმა 7 მარტს ინსტაგრამზე განცხადება გაავრცელა: „ჩვენი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ინტერნეტსა და სხვადასხვა ციფრულ პლატფორმაზე არაკანონიერად შექმნილი, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ჩანაწერები ვრცელდება, რომლებიც თითქოს სელინ დიონის ვოკალურ შესრულებებს, სახელსა და სხვა მსგავსებებს შეიცავს.”
განცხადებაში სელინ დიონი და მისი წარმომადგენლები ასევე მიმართავენ მსმენელებს: „გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს ჩანაწერები ყალბია, არ არის ავტორიზებული და დიონის ოფიციალური დისკოგრაფიის ნაწილს არ წარმოადგენს.”
სელინ დიონს კონკრეტულად არ დაუსახელებია, რომელ AI ჩანაწერებზე საუბრობს.
მომღერალი გასულ წელს სცენას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ივლისში, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე მან ეიფელის კოშკზე ედიტ პიაფის 1950 წლის კლასიკა – Hymne à L’Amour შეასრულა.
ეს გამოსვლა მას შემდეგ შედგა, რაც დიონმა მსოფლიო ტურნეს დარჩენილი კონცერტები გააუქმა და გაამხილა, რომ იშვიათი ნევროლოგიური დაავადება, ე.წ. გაშეშებული ადამიანის სინდრომი ( SPS – Stiff Person Syndrome) აქვს, რომელიც მძიმე კუნთოვან სპაზმებს იწვევს.
მომღერალმა Vogue France-სთან ინტერვიუში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა: „დაავადება არ დამიმარცხებია, ის ისევ ჩემშია და მთელი ცხოვრება დარჩება. იმედია, მეცნიერება ოდესმე მიაგნებს განკურნების გზას, მაგრამ ახლა უნდა ვისწავლო ცხოვრება მასთან ერთად.”
სელინ დიონმა ინტერვიუ ამ სიტყვებით დაასრულა: „ერთი რამ არასოდეს დასრულდება – ეს სურვილია. ეს ვნებაა. ეს ოცნებაა. ეს არის მიზანდასახულობა.”