20 მარტს Tbilisi Open Air-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმად, წლევანდელი ფესტივალი განსხვავებულ ფორმატში ჩატარდება. მუსიკალური ფორმატის გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული თეატრი, ნაციონალური ბალეტი, ქართული მუსიკალური ლეიბლები, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი და თბილისის წიგნის ბაზრობა.
ეს იქნება სივრცე, სადაც ერთმანეთს თანამედროვე მუსიკა, სასცენო ხელოვნება, ლიტერატურა და ქართული ღვინის კულტურა შეხვდება, რაც სრულიად ახალი, ინოვაციური და შთამბეჭდავი ფესტივალის გამოცდილებას შექმნის.
ფესტივალი 24-25 მაისს კვლავ Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ Tbilisi Open Air ყოველთვის იყო თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სიმბოლო. წლევანდელ ღონისძიებას კი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მისია დაემატება – გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი თანამედროვე ხელოვნების და კულტურის ფონდსა და საქართველოს მუსიკოსთა პროფესიულ კავშირში გადაირიცხება.
„ჩვენი ფესტივალი ყოველთვის იყო და არის ადგილი, სადაც ყველას ხმა ისმის და სადაც სოლიდარობა ყველაზე მნიშვნელოვანია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, წლევანდელი Tbilisi Open Air განსხვავებულ ფორმატში ჩავატაროთ. Tbilisi Open Air-ის ეს სპეციალური გამოშვება არ იქნება მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი.“ – აღნიშნულია განცხადებაში.
Tbilisi Open Air 2025-ის მუსიკალური პროგრამა ცნობილია. სპეციალურად მოწვეულ სტუმართა შორის არიან: პაატა ბურჭულაძე, ნანი ბრეგვაძე, მერაბ სეფაშვილი, გიული ჩოხელი და გიორგი უშიკიშვილი.
ფესტივალის მუსიკალური პროგრამა, მონაწილეთა სია და დეტალური ინფორმაცია ბილეთების შესახებ Tkt.ge-ს ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ.