Tbilisi Open Air 2025 გაიხსნა

წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი მუსიკალური კოლაბორაციებია.

24 მაისს Tbilisi Open Air 2025 გაიხსნა. ფესტივალი განსხვავებული ფორმატით დაბრუნდა და 24-25 მაისს ტრადიციულად Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე იმართება. წინა წლებისგან განსხვავებით, ლაინაფში უცხოელი შემსრულებლები არ გვხვდებიან. ორი დღის განმავლობაში მსმენელი ქართველი არტისტებისა და მუსიკალური კოლექტივების გამოსვლებს მოისმენს. წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი მუსიკალური კოლაბორაციებია.

Tbilisi Open Air 2025-ის პირველ დღეს სცენაზე წარდგნენ: BEDFORD FALLS, არა & ყველა და მერაბ სეფაშვილი, MOKUMOKU, MAX.95,  TAMADA & 4D MONSTER LOBSTERS და გიორგი უშიკიშვილი, SKAZZ & MAMAFLEX, რობი კუხიანიძე & OUTSIDER, ერეკლე გეწაძე SALIO-სთან და MEME-სთან ერთად, DENIVARLEVY, NEWCOMER 2025. 

ფესტივალის შესახებ Billboard Georgia-ს Tbilisi Open Air-ის მედია მენეჯერი სოფო ებრალიძე ესაუბრა:

„24 და 25 მაისს Lisi Wonderland-ში რამდენიმე ათასი ადამიანი ერთი იდეისა და გზავნილის გარშემო გაერთიანდა. ეს გზავნილი სოლიდარობაა – სოლიდარობა ქართველ არტისტებს, მედიას, რეჟიმის პატიმრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც სისტემის მხრიდან ჩაგვრას განიცდის. გადაწყვეტილება, რომ წლევანდელ ლაინაფში მხოლოდ ქართველი არტისტები ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი, უკავშირდება იმ გარემოებას, რომ ახლა მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა. წელს წარმოდგენილია გამორჩეული კოლაბორაციები სხვადასხვა ჟანრისა და თაობის მუსიკოსებს შორის. ასევე, ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილია ქართული თეატრიც, ხოლო დასკვნით დღეს ფესტივალს დახურავს ქართული ნაციონალური ბალეტი – მთავარ სცენაზე „სუხიშვილები” წარდგებიან.“

Tbilisi Open Air 2025-ის ფარგლებში წელს წარმოდგენილია ორი სცენა – UNITY STAGE და ALTER STAGE. მუსიკალური სივრცეების გარდა, საფესტივალო ტერიტორია მოიცავს სხვადასხვა თემატურ და ინფორმაციულ ზონას. მათ შორისაა უკვე ტრადიციად ქცეული Freedom Village, სადაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან თემებზე საუბრობს. წელს ასევე შეიქმნა ახალი სივრცე – Open Frequencies, რომელიც აერთიანებს ქართულ ლეიბლებს, მუსიკალურ მაღაზიებს, პოდკასტებს და ქართული მუსიკალური სივრცის სხვადასხვა კომუნას. როგორც სოფო ებრალიძე ამბობს, საფესტივალო ტერიტორიაზე ყველა ასაკის მსმენელს შეუძლია მისთვის საინტერესო სივრცისა და აქტივობის აღმოჩენა.

მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ ფესტივალს არ ჰყავს უცხოელი ჰედლაინერები, აუდიტორიის რაოდენობა საკმაოდ დიდია. სოფო ებრალიძის თქმით, ასეთი დასწრება კარგად აჩვენებს საზოგადოების სოლიდარობას. აუდიტორიის ასეთი აქტივობა ასევე შედეგია იმ ხარისხისა, რასაც ქართველი არტისტები სთავაზობენ მსმენელს. 

აღსანიშნავია, რომ Tbilisi Open Air-ის ბილეთებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილს ორგანიზატორები სხვადასხვა პროფკავშირს გადასცემენ.

„Tbilisi Open Air ყოველთვის ადეკვატურად ეხმიანება იმ გარემოებებსა და მოვლენებს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ამ წლების განმავლობაში ფესტივალმა შეიძინა ერთგული აუდიტორია, რომლისგანაც მუდმივად ვიღებთ აქტიურ გამოხმაურებას და უკუკავშირს. დღევანდელმა დღემ სწორედ მსმენელის ეს ერთგულება დაგვიდასტურა,” – ამბობს სოფო ებრალიძე.

ფესტივალის პროგრამის დეტალები იხილეთ ბმულზე.

დაათვალიერეთ ფოტორეპორტაჟი Tbilisi Open Air-ის პირველი საფესტივალო დღიდან: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

წარმოგიდგენთ 25 სიმღერას 2025 წლის გამოსაშვები საღამოსთვის

შემდეგი სტატია

ბრიტნი სპირსი შუა ფრენის დროს თვითმფრინავში სიგარეტის მოკიდების ინციდენტზე საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი