ოლივია დინი ბილეთების კომპანიებს მაღალი გადასაყიდი ფასების გამო აკრიტიკებს

„ფასები, რომლითაც გადაყიდვის საშუალებას იძლევით, ამორალურია და სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენს ნებას.”
ოლივია დინი
STEPHANIE AUGELLO

ოლივია დინმა ბილეთების გამყიდველი მსხვილი კომპანიები გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც ფანებმა მისი Art of Loving ტურნეს ბილეთების გადასაყიდი ფასები გაამხილეს.  

ბრიტანელმა მომღერალმა ამის შესახებ ინსტაგრამზე დაწერა. პოსტში ის ფანებს ამცნობს, რომ მისი გუნდი ამჟამად მოულოდნელი გადაყიდვის პრაქტიკას იძიებს და გამომწერებს მოუწოდებს, ფრთხილად იყვნენ კომენტარების ველში გამოჩენილ გადამყიდველებთან, რომელთაც მუსიკოსი თაღლითებს უწოდებს.

„ვწუხვარ, რომ ბილეთების ფასები და გადაყიდვა პრობლემაა,” – წერს დინი. „ჩემი გუნდი ახლა ამ საკითხს იძიებს. ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან ვინმეს მოტყუება ან ჩემი კონცერტის ბილეთის ზედმეტ ფასად მიყიდვა უკანასკნელი რამაა, რაც მინდა. გთხოვთ, ფრთხილად იყავით ბილეთების კომენტარების ავტორებისგან ყიდვისას, რადგან უმეტესად ეს თაღლითური სქემაა.”

შემდეგ მომღერალმა ბილეთების მსხვილ კომპანიებს მიმართა, როგორებიც არიან Ticketmaster, Live Nation და Aeg Presents. „თქვენ საზიზღარი მომსახურება გაქვთ. ფასები, რომლითაც გადაყიდვის საშუალებას იძლევით, ამორალურია და სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენს ნებას.  ცოცხალი მუსიკა ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახალი გზა, რომ ეს შესაძლებელი გავხადოთ. იყავით უკეთესები.”

მანამდე მომხმარებლები სოციალურ მედიაში საუბრობდნენ ბილეთების პლატფორმების გრძელ ვირტუალურ რიგებზე და იმაზე, რომ ოფიციალური ბილეთები გაყიდვისთანავე მეორად ბაზარზე გამოჩნდა, თუმცა მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასებით. ღირებულება განსხვავდებოდა ქალაქების მიხედვით. ზოგიერთ ადგილას გადაყიდვის ფასი რამდენიმე ასეული დოლარითაც კი აღემატებოდა ბილეთის თავდაპირველ საფასურს. 

როგორც ჩანს, დინის წუხილი გაიაზრა Ticketmaster-მა. კომპანიამ მომღერლის პოსტი გააზიარა და დაწერა, რომ ამიერიდან პლატფორმა გადაყიდვის ფასის ზღვარს დააწესებდა თავდაპირველ ღირებულებასთან მიმართებით. „ჩვენ მხარს ვუჭერთ არტისტების უფლებას, განსაზღვრონ პირობები, თუ როგორ გაიყიდება და გადაიყიდება მათი ბილეთები. ჩვენ დავაწესებთ გადასაყიდი ბილეთების ღირებულების ზღვარს და იმედი გვაქვს, სხვა კოპანიებიც გამოგვყვებიან.”

ბრიტანელ ავტორ-შემსრულებელს ამჟამად Billboard Hot 100-ის ოთხი სიმღერა აქვს, მათ შორისაა Man I Need, რომელიც 8 ნოემბრით დათარიღებული ჩარტის ტოპ ხუთეულში შევიდა. დინის მეორე ალბომი The Art of Loving კი Billboard 200-ის მერვე ადგილზე გავიდა, რაც ამ დრომდე მუსიკოსის საუკეთესო შედეგია. 

ოლივია დინმა 2026 წლის ტურნე გასულ კვირას დააანონსა. ტურნეს ჩრდილოამერიკული ნაწილი ივლისში სან-ფრანცისკოში დაიწყება და ტეხასში დასრულდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფორმულა ერთის ლას-ვეგასის გრან-პრიზე მოულოდნელად ბიონსე და ჯეი-ზი გამოჩნდნენ

შემდეგი სტატია

Cynthia Erivo 'Simply More.' AMAZON

სინთია ერივო ცხოვრებისეულ გამოცდილებას ახალ წიგნში – Simply More-ში აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი