2026 წლის 26 ივლისს ჰიპ-ჰოპ არტისტმა 10G$-მა და პროდიუსერმა noki-მ ერთობლივი ალბომი – CASH TENDERONY გამოუშვეს. ნამუშევარი სემპლებზე დაფუძნებულ ინსტრუმენტალებსა და ყოველდღიური თემებით დატვირთულ ტექსტებს აერთიანებს.
10G$ (თენგიზ მჟავია) ლეიბლ Didube Records-ის თანადამფუძნებელი და კოლექტივ MoonG-ის წევრია. მას გამოცემული აქვს სოლო ალბომი Swoosh და ორი კოლექტიური ნამუშევარი MoonG-სთან ერთად. 10G$-ის მუსიკა პირადი და ავთენტურია – ის ზუსტად ასახავს იმ ქალაქსა და გარემოს, სადაც არტისტი გაიზარდა. მისი თხრობის სტილი პოეზიის, რეპისა და R&B-ის ტრადიციების სინთეზია, რომელიც თბილისის ხასიათს აცოცხლებს.
noki თბილისში დაფუძნებული ჰიპ-ჰოპ პროდიუსერი, ბითმეიკერი და დიჯეია. მისი შემოქმედებითი ხელწერა სემპლებით დატვირთული ბითებია, რომელშიც განსაკუთრებით დომინირებს ჯაზი და სოული. noki-მ მუსიკის შექმნა პანდემიის პერიოდში დამოუკიდებლად დაიწყო. მოგვიანებით არტისტ Ko-x-ის დახმარებით გაიცნო Didube Records-ის დამფუძნებელი ნიკა ფასური, რის შემდეგაც მისი შემოქმედებითი განვითარებისთვის ახალი გზები გაიხსნა. ამის შემდეგ გამოვიდა 10G$-ისა და YKW-ის ერთობლივი ალბომი SWOOSH. რელიზის პრეზენტაციის შემდეგ noki-მ 10G$-ს საკუთარი ნამუშევრები გააცნო, რასაც მათ შორის სისტემატური თანამშრომლობის დაწყება მოჰყვა.
როგორც არტისტები ამბობენ, CASH TENDERONY არის ალბომი ყოველდღიურ ბრძოლაზე – ფულთან, ფინანსურ ვალდებულებებთან, საკუთარ თავთან და იმ გარემოსთან, სადაც ადამიანებს ხშირად უწევთ არჩევანის გაკეთება გადარჩენასა და პრინციპებს შორის. Cash Tenderony ერთგვარი მთავარი პერსონაჟია – ის განასახიერებს ადამიანს, რომელიც მუდმივად ცდილობს ფული იშოვოს, თუმცა ამ პროცესში საკუთარ თავსაც აკვირდება, დასცინის და აკრიტიკებს.
10G$: „მუსიკალურად ალბომი აგებულია სოულის ჟღერადობის სემპლებზე დაფუძნებულ ინსტრუმენტალებზე. ტექსტობრივად კი თითქმის ყველა ტრეკში იუმორი, ირონია და მძიმე თემები იკვეთება ერთმანეთთან. ზოგჯერ ყველაფერი ძალიან სერიოზულია, ზოგჯერ – აბსურდამდე მისული, რადგან მგონია, რომ სწორედ ასეთია რეალური ცხოვრებაც. ეს არ არის ალბომი წარმატებაზე – ეს არის იმ გზაზე, რომელსაც ადამიანი გადის, სანამ წარმატებამდე მივა, ან თუ არის საერთოდ ეს წარმატება.“
noki: „ჩემთვის ალბომის მთავარი ხიბლი სწორედ ის კონტრასტია, რაზეც 10G$-მა ისაუბრა – სოულის ჟღერადობის, სემპლებზე დაფუძნებული ინსტრუმენტალების შერწყმა მწარე ქართულ რეალობასთან.“
10G$-ისა და noki-ს კოლაბორაცია სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც არტისტები კარგად იცნობენ ერთმანეთს, იზიარებენ საერთო მუსიკალურ ინტერესებსა და გემოვნებას, თუმცა, ამავდროულად, თითოეულ ტრეკში საკუთარ ინდივიდუალურ ხელწერას ტოვებენ. სწორედ ამ თანხვედრამ აქცია ალბომზე მუშაობა ორგანულ პროცესად, სადაც ყველაფერი ბუნებრივად და თავისთავად შეიკრა.
noki: „წინასწარ განსაზღვრული კონცეფცია არ გვქონია. ძირითადად იქმნებოდა ინსტრუმენტალი და შემდეგ მასზე იწერებოდა ტექსტი. სამუშაოს 50% ონლაინ მიმდინარეობდა, რის შემდეგაც სტუდიაში ვხვდებოდით ერთმანეთს და ტრეკებს ვასრულებდით. მთელი ალბომი 50/50-ზე პრინციპით შეიქმნა: 10G$ ინსტრუმენტალების ნაწილში ერეოდა, მე – ტექსტებში.“
როგორც არტისტები ამბობენ, CASH TENDERONY არის ალბომი, რომელიც მაქსიმალურად ინახავს პირველად ემოციებს და ის მუშაობის პროცესში არ დაკარგულა. „ემოციურობა ორივესთვის ფუნდამენტურია – ემოციის გარეშე მუსიკა უბრალოდ მუსიკა არ არის,“ – ამბობს 10G$.
ალბომის ყველა მიმართულება თავად ავტორების გაკეთებულია. მიქსინგსა და მასტერინგზე noki-მ იმუშავა. გამონაკლისია მხოლოდ ტრეკი „454“, რომლის მასტერინგიც ლუკა თელიას ეკუთვნის. noki-ს თქმით, სამუშაო პროცესის სხვადასხვა ეტაპზე მასალას მეგობრებს ასმენინებდნენ და მათ კრიტიკასაც ყოველთვის ღიად იღებდნენ. ალბომი Didube Records-ის სტუდიაში ჩაიწერა და ამ შემოქმედებით პროცესში მთელი ლეიბლი აქტიურად იყო ჩართული.

Peri3feria
ალბომის გამოცემასთან ერთად, არტისტებმა ტრეკზე WONDERWONDER გადაღებული მუსიკალური ვიდეო გაავრცელეს. როგორც ამბობენ, ეს ტრეკი ალბომის განსაკუთრებული ნამუშევარი – ერთგვარი ბირთვია.
noki: „ყველა ტრეკი რომ გააერთიანო, ალბათ ეს სიმღერა გამოვა. ამიტომაც ვიფიქრეთ, რომ ალბომის ხასიათის ყველაზე კარგად სწორედ ეს ნამუშევარი აღწერდა. რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, ვიდეო გადაღებულია ჩვენი მეგობრების – ლუკა ჩხაბერიძისა და კემოს იდეების მიხედვით. ჩვენ ჯერ კიდევ ალბომის დასრულებაზე ვმუშაობდით. ამ დროს დადებული გვქონდა „454“ — ტრეკი ალბომიდან, რომელიც მოეწონათ და მოუნდათ ჩვენთან ერთად მუშაობა. მოვიდნენ იდეით, რომ გადაღება მოგვეწყო ტრაილერში, თითქოს ეს მუსიკა ქალაქის სხვადასხვა ადგილებში გაგვაქვს.“
10G$: „იმდენად ბუნებრივი იყო ეს ყველაფერი, რომ სწრაფად გადავიღეთ. როდესაც რაღაც ძალიან ავთენტურია, პროცესიც უფრო მარტივი და სასიამოვნოა.“
ამ ეტაპზე არტისტების მთავარი ყურადღება CASH TENDERONY-ს ვიზუალურ კონცეფციასა და მის გარშემო არსებულ მასალაზეა მიმართული. noki-სა და 10G$-ის თქმით, ალბომის ხასიათის უკეთ წარმოსაჩენად იგეგმება ფოტოპროექტების, მოკლე ვიდეოფორმატებისა და მერჩის გამოშვება.
რაც შეეხება სამომავლო მუსიკალურ პროექტებს, არტისტებს უკვე მზად აქვთ კიდევ ერთი სრული ალბომი, რომელიც CASH TENDERONY-მდე ჩაიწერა. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში სინგლების სახით გამოქვეყნდება ის ნამუშევრებიც, რომლებიც კონცეფციიდან გამომდინარე, ამ რელიზში ვერ შევიდა.
არტისტები ჰიპ-ჰოპის სხვადასხვა ქვეჟანრში – მათ შორის Boom Bap-სა და G-Funk-ში EP-ების გამოშვებასაც გეგმავენ. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ლაივის ფორმატზეც.
მუსიკალური ვიდეოს შემოქმედებითი გუნდი:
რეჟისორი: @theycallmechkhabera. თანარეჟისორი: Kemo_._ არტ დირექტორი: @theycallmechkhabera პროდიუსერი: @lea_jinjikhashvili თანაპროდიუსერი: @tata.jangveladze დამდგმელი ოპერატორი: @nikita_adamia ოპერატორის პირველი ასისტენტი: @giorgi_jafaridze დამდგმელი მხატვარი: @theycallmechkhabera მხატვრობის გუნდი: @kemo_._ , @tata.jangveladze გაფერი (განათების რეჟისორი): @shatberashvili.niko მონტაჟის რეჟისორი: @theycallmechkhabera ქოლორისტი: @tsotne_chkheidze გრაფიკული დიზაინერი: @ani0niani კადრს მიღმა (BTS): @superhero_edna , @nakashavar