ათწლიანი პაუზის შემდეგ ნინო ქათამაძე თავის პირველ ალბომს გამოსცემს. ნამუშევარი, სახელწოდებით „ლილატ”, 1-ელ ოქტომბერს გამოვა.
ალბომში გაერთიანებულია 11 სიმღერა, რომლებშიც მომღერალი იმ მუსიკალურ ენას უბრუნდება, რომელმაც ის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ იმპროვიზაციულ ხმად აქცია და ამ ენას კიდევ უფრო ავითარებს. ნამუშევარში ქართული პოეზია და მეხსიერება არტ-ჯაზსა და ავანგარდულ როკს ხვდება.
ალბომი ბერლინში, TRIXX Studios-ში, ცოცხალი შესრულებით ჩაიწერა. მუსიკოსებმა შეგნებულად თქვეს უარი თანამედროვე, მრავავალტრეკიანი ჩაწერით მიღწეულ და ნაწილ-ნაწილ აწყობილ სრულყოფილ ჟღერადობაზე. ნაცვლად ამისა, ის ცხრასაათიანი ინტენსიური სესიის განმავლობაში უწყვეტი შესრულებით ჩაწერეს. შესაბამისად, ალბომი სრულად ეყრდნობა აკუსტიკურ, ცოცხალ ენერგიას და ქმნის რეალურ დროში აღბეჭდილ მუსიკას.
ალბომი წლების განმავლობაში ყალიბდებოდა. მისი საფუძველი ჯგუფმა „ინსაითმა” – გოჩა კაჭკაჭიშვილი, ალექსანდრე ჯაფარიძე და უჩა გუგუნავა – შექმნა. მოგვიანებით, გუნდს პაპუნა შარიქაძე და ხონძიც შეუერთდნენ, რამაც ნამუშევარს კიდევ ახალი ჟღერადობა შესძინა.

ნინო ქათამაძის შემოქმედება, ტრადიციულად, სიყვარულის გარშემო ვითარდება და ამ მხრივ არც ახალი ალბომია გამონაკლისი. „ჩემი მუსიკის მთავარი სათქმელი ჩემივე სიმღერის ფრაზაა: ‘ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს’, რადგან ყველაფრის საწყისი სიყვარულია მხოლოდ და ფინალიც არის სიყვარული,” – ამბობდა მომღერალი „ბილბორდთან” ინტერვიუში 2024 წელს. დღეს კი, 10 წლის განმავლობაში დაგროვილ სათქმელს კლავ ამ ემოციაში ატევს: „ლილატ” სვანურად სწორედ სიყვარულს ნიშნავს.
ნინო ქათამაძე:
„ამჯერად ეს სახელწოდება სრულიად შემთხვევით გაჩნდა. როცა სახლში ვსაქმიანობ, ყოველთვის რაღაცას ვრთავ მოსასმენად, თუმცა ეს ყოველთვის მუსიკა არ არის. ერთხელ შემთხვევით სვანური ენის გაკვეთილებს გადავაწყდი და მაშინვე დამატყვევა. პირველი ბგერიდან და პირველი სიტყვიდან შემიყვარდა. შემდეგ ამ ჩანაწერებს ისევ და ისევ ვუბრუნდებოდი. მისმა ფონეტიკამ მომაჯადოვა. მასში იყო რაღაც ძველი, არქაული ენერგია და ამავდროულად, საოცარი სიმშვიდე და მიწიერება. შემდეგ კი ამ უძველესი ენის რიტმში სიტყვა „ლილატ” გავიგონე – სიყვარული. მანამდე ალბომისთვის სულ სხვა სახელის დარქმევას ვგეგმავდი. დიდი ხნის განმავლობაში მქონდა სურვილი, მთელი ხმით მეყვირა: „მიეცით ბავშვებს წამალი!“, რადგან ეს ალბომი და მისი რეპეტიციები სწორედ იმ პერიოდში მიმდინარეობდა, როდესაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოში მთავრობის შენობის წინ იკრიბებოდნენ. და ყოველ ჯერზე, როცა ამ მუსიკას ვუსმენ, ამ ბავშვებზე ვფიქრობ. თუმცა საბოლოოდ მივხვდი, რომ ნამდვილი გამძლეობა გულიდან იწყება და რომ სწორედ სიყვარულით შეგვიძლია შევთავაზოთ ადამიანებს ნამდვილი თავშესაფარი, ნუგეში და იმედი. სიყვარული გაიმარჯვებს. სწორედ ამიტომ ჰქვია ალბომს „ლილატ“, რადგან ის შეიქმნა იმისთვის, რომ სიყვარულმა ადამიანის სულში გაიდგას ფესვები.“
რაც შეეხება ალბომის შინაარსობრივ ნაწილს, როგორც მომღერალი ამბობს, მასში თავი მოიყარა ცხოვრების, ცვლილებების, ტკივლის, სიყვარულის, მუსიკის, დუმილის, ადამიანების, ადგილებისა და შემთხვევითობების ათმა წელმა. „ლილატ“ ჩაფიქრებულია როგორც მოგზაურობა იმ ზღვრამდე, სადაც პირადი გამოცდილება, უძველესი კულტურული მეხსიერება და სამყაროს ამოუცნობი სირთულე და სიდიადე ერთმანეთთან შეხვედრას იწყებს.
უკვე გამოსულია ალბომის მესამე ტრეკი „ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს”. სრული ალბომის მოსმენა კი მსმენელს პირველი ოქტომბერიდან შეეძლება.
„ლილატის” გამოსვლას მოჰყვება მისი საკონცრეტო პროგრამაც და მოიცავს უკრაინის ტურნეს, რომელიც უსაფრთხოების ზომების გამო 2027 წლის მაისისთვის გადაიდო, ასევე კონცერტებს ალმათიში, ვილნიუსში, რიგაში, ტალინში, თელ-ავივში, ჰაიფასა და ბაქოში.