პროექტ STRAUSWERK-ის სადებიუტო ღონისძიება 7 ნოემბერს ბერლინში გაიმართება. ფესტივალი ქართული დამოუკიდებელი ხელოვნებისა და სუბკულტურის მრავალფეროვან წარმომადგენლობას გააერთიანებს და გერმანიის დედაქალაქის აუდიტორიას თანამედროვე ქართული შემოქმედებითი სცენის გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.
Straus Entertainment-ის ორგანიზებით დაგეგმილი ღონისძიების მიზანია დღევანდელი საქართველოს ცოცხალი, ექსპერიმენტული და განსხვავებული შემოქმედებითი ხმა წარმოაჩინოს. პროექტი ტრადიციული კულტურული წარმოდგენების მიღმა გასვლას და ქართული დამოუკიდებელი სცენის იმ მიმართულებების წარმოჩენას ისახავს მიზნად, რომლებიც მუსიკაში, კლუბურ კულტურაში, იუმორსა და ვიზუალურ ხელოვნებაში ვითარდება.
„ეს არის სიცოცხლით სავსე დამოუკიდებელი თემი, რომელიც ხელოვნებას საკუთარი წესებით ქმნის.“ – Straus Entertainment.
ფესტივალის მუსიკალური პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. HALL 2-ის სივრცეში ლაივ კონცერტებზე მსმენელის წინაშე Bedford Falls, Kordz, ARA (არა) და 4D Monster Lobsters წარდგებიან. ელექტრონული მუსიკისა და კლუბური კულტურის სივრცეში – SONNENRAUM-ში კი Tamada (Live), Seqta, Vinvar და Ly Sas დაუკრავენ.
ფესტივალის პროგრამის ნაწილია ასევე STAND-UP TBILISI სტენდაპ კომედია – ნინიკო ლეკიშვილის, თიკო ნადირაშვილისა და ირაკლი ჯაბუას მონაწილეობით. ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით წარმოდგენილი იქნება გიორგი ნებიერიძის და სალი გვილიას ფოტოგრაფიული ნამუშევრები, დავით აფაქიძის ქანდაკება და Progenol-ის ინსტალაცია.
მრავალფეროვან კულტურულ პროგრამასთან ერთად ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო და ღვინო.
STRAUSWERK-ის სადებიუტო ღონისძიება ბერლინში ქართული დამოუკიდებელი კულტურის სხვადასხვა მიმართულებას ერთ სივრცეში მოუყრის თავს და ადგილობრივ აუდიტორიას თანამედროვე ქართული შემოქმედებითი სცენის განსხვავებულ მხარეებს გააცნობს.
ბილეთების შეძენა tkt.ge-ს ბმულზეა შესაძლებელი.