სრული სტატიის ავტორი: ჯესიკა როიზი
Billboard Español-მა თავისი უახლესი ციფრული ნომერი გამოაქვეყნა, რომლის მთავარი გმირია ჯგუფი Rawayana. ვენესუელური კოლექტივის შემადგენლობაში არიან ალბერტო „ბეტო“ მონტენეგრო (ვოკალი, გიტარა), ანტონიო „ტონი“ კასასი (ბასი), ანდრეს „ფოფო“ სტორი (დასარტყამი ინსტრუმენტები, პერკუსია) და ალეხანდრო „აბეხა“ აბეიხონი (გიტარა).
ჯგუფმა აპრილში თავისი პირველი მსოფლიო ტურნე დაიწყო, რის ფარგლებშიც ევროპასა და ლათინურ ამერიკაში მათ შოუებზე დასასწრები ბილეთები სრულად გაიყიდა. 23-კონცერტიანი ჩრდილოეთ ამერიკული ტურნე, რომლის პრომოუტერებიც Live Nation და Rimas Nation არიან, 15 ოქტომბერს სან-ფრანცისკოში დაიწყო და დეკემბერში, მაიამიში დაგეგმილი სამი კონცერტით დასრულდება. ტურნე ჯგუფის 2026 წლის ალბომის – ¿Dónde Es El After?-ის მხარდასაჭერად იმართება, რომელიც 2026 წლის Latin Grammy-ზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი. ვენესუელური ჯგუფი ასევე ფინალისტია მომავალ კვირას დაგეგმილ Billboard Latin Music Awards-ზე.
ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, Rawayana-სთვის, რომელიც კარაკასში 2010 წელს შეიქმნა, ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იყო. ცოცხალი წვეულების ენერგიასა და იმ მუსიკალურ იდენტობაზე დაყრდნობით, რომელიც ვენესუელურ და ლათინურ-ამერიკულ ფესვებს უკავშირდება, Rawayana იმ იშვიათ ადგილობრივ ჯგუფებს შორისაა, რომლებმაც პოპსამყაროში საერთაშორისო წარმატებას ავთენტური ჟღერადობით მიაღწიეს. მათ შეძლეს ის, რაც ათწლეულების წინ Bacilos-მა, ხოლო შედარებით ახლახან კოლუმბიურმა Morat-მა გააკეთა. ამასთან, ჯგუფი ინარჩუნებს დამოუკიდებლობას და ჩანაწერებს საკუთარ ლეიბლზე, Brocoli Records-ზე უშვებს.

ფოტო: Assiah Alcázar
2026 წლის Billboard Latin Music Week-ში მონაწილეობის წინ, ჯგუფმა განმარტა, თუ როგორ შთააგონა „მარცხმა“ და „ქაოსმა“ და როგორ დაეხმარა ეს შთაგონება ლოკალური ბენდიდან მსოფლიო დონის ჯგუფად ქცეულიყვნენ.
„ალბათ, მუსიკის შექმნის წესი უნდა შეგვეცვალა. ალბათ, საკუთარ თავთან გულწრფელები უნდა ვიყოთ იმ მომენტში, როცა რაღაც გვტკივა და ასე ვგრძნობთ თავს. ალბათ, გონების საზღვრები უნდა გაგვეხსნა“, – აღნიშნა Rawayana-ს წევრმა, ალბერტო „ბეტო“ მონტენეგრომ.
ბენდის მენეჯერი კარლოს სალასი Rawayana-ს გაფართოებაზე საუბრისას Billboard-თან აღნიშნავს, რომ ბენდისთვის გარდამტეხ მომენტამდე მისვლას წლების განმავლობაში მძიმე შრომა და მუსიკალური განვითარება დასჭირდა. მისივე თქმით, დიდი როლი ითამაშა მექსიკაში გადასვლამაც.
„ახლა მათი საუკეთესო მარკეტინგული ინსტრუმენტი ცოცხალი შოუებია. Rawayana-ს აქვს უნიკალური თვისება: როდესაც ისინი უკრავენ, აუდიტორიის ჩართულობა მყისიერია, რადგან ისინი წარმოუდგენლად ნიჭიერები არიან და თავიანთ საქმეს ძალიან სერიოზულად ეკიდებიან“, – ამბობს ბენდის კიდევ ერთი მენეჯერი ჯეფ ფონტანესი.
„ჩვენ ვიყავით გაბედულები და ცოტა გიჟებიც, რადგან ვირწმუნეთ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო. წლების განმავლობაში, დიდი ძალისხმევისა და მსხვერპლის ფასად, ხვდები, რომ ეს ყველაფერი არც ისე შეუძლებელი იდეა ყოფილა“, – ამბობს Rawayana-ს წევრი ანდრეს სტორი ბენდის წევრების დიდ ოცნებებზე საუბრისას.
Billboard Español-ის შესახებ:
130 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, Billboard-მა არაერთი ლათინოამერიკელი არტისტი აღმოაჩინა, მხარი დაუჭირა და რეგულარულად აშუქებდა მათ შემოქმედებას. როგორც მუსიკალური ინდუსტრიის ნოვატორმა, Billboard-მა დაინახა მოთხოვნა უნიკალურ მასალაზე, რომელსაც გამოცემა ესპანურენოვანი გულშემატკივრებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქმნის.
Billboard Español 2022 წელს გაეშვა. ის წარმოადგენს ლათინური მუსიკის წამყვან გლობალურ ესპანურენოვან პლატფორმას. Billboard Español მკითხველს სთავაზობს უნიკალურ და საინტერესო მასალას ლათინური მუსიკალური ინდუსტრიისა და ბაზრის სიღრმისეული ანალიზით. გამოცემა ასევე აერთიანებს არტისტების ექსკლუზიურ ვიდეომასალას, რომელთაგან ბევრი მონაწილეობას მიიღებს Billboard Latin Music Week-ში.
მკითხველს ასევე შეუძლია იხილოს Billboard-ის ყველა ჩარტი, მათ შორის Hot Latin Songs, Top Latin Albums და Global 200.