უკრაინელი ქალებისა და ბავშვების დასახმარებლად გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, რომლის მიზანიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის ფონზე, უკრაინელი ქალებისა და ბავშვების დასახმარებლად თანხის შეგროვებაა. ღონისძიება მანჩესტერში, Co-op Live-ის არენაზე ჩატარდება.
პირველი ეტაპისთვის დაანონსებული მონაწილეების სიის მიხედვით, კონცერტ Songs of Freedom-ში ბობ გელდოფი, The Doobie Brothers, ჯგუფ Pretenders-ის ვოკალისტი კრისი ჰაინდი, ასევე The Lathums, ნიკ ლოუ, Inspiral Carpets, Lottery Winners, ბრუკ კომბი, კრის დიფორდი, მიდჯ ური, Alabama 3, გრემ პარკერი და Johnny & the Hardiwckes მიიღებენ მონაწილეობას.
მიუხედავად იმისა, რომ კონცერტის მთავარი შემსრულებელი ჯერ არ დასახელებულა, ასევე დაგეგმილია ვიდეოჩართვები პოლ მაკარტნის, ბარბრა სტრეიზანდის, შონ პენის, უკრაინული როკჯგუფის Okean Elzy-ის, Huey Lewis & the News, რონ სექსსმიტისა და Flyte-ის მონაწილეობით.
„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს, ჩემი წვლილი შევიტანო უკრაინელი ბავშვებისა და თემების დასახმარებლად. ეს ომი მეტისმეტად დიდხანს გაგრძელდა და შედეგად სულ უფრო მეტი ბავშვი ზარალდება. მანჩესტერში, Co-op Live-ის არენაზე გამართული კონცერტი მათ მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილებს ყურადღებას. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ომის შეჩერების აუცილებლობაზე მხარდაჭერა გაძლიერდეს“, – განაცხადა Live Aid-ის პროდიუსერმა ჰარვი გოლდსმიტმა.
ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სხვადასხვა ორგანიზაციის მხარდაჭერას მოხმარდება, მათ შორისაა UNITED24, Voices of Children, People of the Future და Masha Foundation. მათი საქმიანობა უკრაინელი ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერას, ჰუმანიტარულ მისიებსა და ომის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას ემსახურება.
კონცერტში მონაწილეობას ასევე მიიღებენ: The Molotovs, Yee Loi, The Blockheads, Joe King Carrasco, Springbok Nude Girls, Within Temptation, დავინა მიშელი, Boombox, Schmalgauzen, გუნდი – Songs for Ukraine Choir და ლონდონის მეტროპოლიტენ ორკესტრი.
ღონისძიების ბილეთების შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი.