ამერიკელი ჯაზ-პიანისტი, მუსიკალური პროდიუსერი და კომპოზიტორი რობერტ გლასპერი Billboard News-ის სტუმარი იყო. ინტერვიუში მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აერთიანებს ჯაზს, ჰიპ-ჰოპს, R&B-სა და სოულს. მან წამყვანს ასევე გაუზიარა საკუთარი შეხედულება იმაზე, თუ რა განასხვავებს კარგ მუსიკოსებს იმ არტისტებისგან, რომლებსაც კულტურაზე ფენომენალური გავლენა აქვთ. გლასპერმა გაიხსენა კენდრიკ ლამართან მუშაობის პროცესი ალბომზე To Pimp a Butterfly. არტისტმა ისიც განმარტა, თუ რატომ ჟღერს დღევანდელი R&B-ის დიდი ნაწილი ერთნაირად და რატომ აყენებს მუსიკალური ინდუსტრია ხშირად მარტივად გასაყიდ პროდუქტს ნამდვილ შემოქმედებაზე მაღლა.
„ხელოვნური ინტელექტი ამ ყველაფერს ვერ გაიმეორებს. მე რობერტ გლასპერი ვარ, ის ამას ვერ გაიმეორებს. ხელოვნური ინტელექტი ჩემთან ვერც კი მოვა!” – თქვა მან.
წამყვანის კითხვაზე, თუ რა შეიცვალა თანამედროვე ინდუსტრიის წესებსა და ჟღერადობაში,რობერტ გლასპერმა უპასუხა: „ის კარი უკვე გაიღო, სადაც ადამიანები უფრო ღიად იკვლევენ სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრს და არტისტებს აღარ აქვთ განცდა, რომ ერთ ჩარჩოში უნდა იყვნენ ან ერთი იმიჯით წარდგნენ“.
Billboard News-ის წამყვანმა კრის კლექსტონმა, გლასპერს სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციის შესახებაც ჰკითხა:
კრის კლექსტონი: პირველ რიგში, კენდრიკ ლამარი და ერიკა ბადუ მახსენდება. შენი აზრით, რა განასხვავებს უბრალოდ მაგარ მუსიკოსს იმ ადამიანისგან, ვინც მუსიკის მიმართულებას რეალურად ცვლის?
რობერტ გლასპერი: კარგი მუსიკოსები იმაში არიან ძლიერები, რომ უკვე არსებულ სისტემას კარგად ერგებიან. ისინი მექანიზმს თავიდან არ იგონებენ, უბრალოდ ზრუნავენ, რომ მექანიზმმა გამართულად იმუშაოს. მერე კი ჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სრულიად ცვლიან შენს წარმოდგენას იმაზე, რასაც აკეთებ. ერიკა და კენდრიკი სწორედ ასეთი ადამიანები არიან.
ნახეთ სრული ვიდეო.