ოცდახუთი წლის წინ ალბომი Reveal დიდი შვება აღმოჩნდა R.E.M.-ისთვის.
სამი წლით ადრე ჯგუფმა მე-11 სტუდიური ალბომი Up გამოსცა – პირველი ჩანაწერი ტრიოს ფორმატში მას შემდეგ, რაც 1997 წელს დრამერმა ბილ ბერიმ ჯგუფი მეგობრულად დატოვა. სხვა დრამერებისა და დრამმოწყობილობებით ჩაწერილი ალბომი ექსპერიმენტული ნამუშევარი იყო, რომელიც იმდროინდელ სკეპტიკურად განწყობილ როკსამყაროში გამოვიდა, სადაც R.E.M.-ს უკვე ვეტერანი ავტორიტეტის სტატუსი ჰქონდა მოპოვებული. ზეწოლა მოდიოდა როგორც გარედან, ისე შიგნიდან. და მიუხედავად იმისა, რომ ალბომი ჯგუფის ზედიზედ მეხუთე ჩანაწერი გახდა, რომელიც Billboard 200-ის ტოპ სამეულში მოხვდა, მისი გაყიდვები მაინც ჩამოუვარდებოდა მის პლატინისა და უფრო მაღალი სტატუსი მქონე წინამორბედების შედეგებს.
Reveal-ს R.E.M.-ის კომერციული წარმატება სრულად არ დაუბრუნებია – ალბომმა Billboard 200-ში მეექვსე ადგილი დაიკავა და ოქროს სერტიფიკატი მოიპოვა – თუმცა მან ჯგუფს შინაგანი წონასწორობის განცდა დაუბრუნა, რაც პიტერ ბაკის, მაიკ მილსისა და მაიკლ სტაიპის ტრიოს კიდევ 10-წლიან კარიერასა და სამი ალბომის გამოშვებაში დაეხმარა.
„დღეს მას ბედნიერ ალბომად ვიხსენებ,” – ეუბნება მაიკ მილსი „ბილბორდს”. „რადგან ჩვენ მანამდე ძალიან რთული ორი-სამი წელი გამოვიარეთ და ყველამ ხელახლა დავუდასტურეთ ერთმანეთს ერთგულება – როგორც მეგობრებმა და როგორც ჯგუფის წევრებმა. ერთი რამ, რაც ალბომში ძალიან მომწონს, ისაა, რაც Murmur-სა და Automatic for the People-ში მომწონდა: მასში ერთიანობაა. მთელ ალბომს ერთი განწყობა გასდევს. ეს არ არის აუცილებელი პირობა კარგი ალბომისთვის. მაგალითად, 1991 წლის Out of Time ცოტა გაფანტულია, მაგრამ მაინც შესანიშნავი ალბომია. Reveal-ში კი თავიდან ბოლომდე უწყვეტობის სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა მას თავიდან ბოლომდე უსმენ. ის თავის მოგზაურობას გადის.”
Reveal-ის 25 წლის იუბილეს R.E.M. ალბომის დელუქს ვერსიით აღნიშნავს, რომელიც 20 ნოემბერს გამოვიდა. ახალი გამოცემა თავდაპირველ, 12-სიმღერიან სეტთან ერთად მოიცავს 2001 წლის 7 მაისს Radio France-ის გადაცემა The Black Sessions-ისთვის შესრულებულ კონცერტსაც. ეს გამოსვლა ალბომის გამოცემამდე ერთი კვირით ადრე შედგა და იმ რამდენიმე ცოცხალ შესრულებას შორის იყო, რომელიც ჯგუფმა Reveal-ის მხარდასაჭერად გამართა. ახალ გამოცემაში არ არის დემო ჩანაწერები, ალტერნატიული ვერსიები, გამოუქვეყნებელი სიმღერები ან სხვა საარქივო მასალა, რისი მიზეზიც, მილსის განმარტებით, მხოლოდ ისაა, რომ ბევრი ასეთი მასალა არც არსებობდა. „იყო რამდენიმე, მაგრამ არცერთი იყო იმდენად საინტერესო და საკმარისი, რომ კრებულში შეგვეტანა.”
თუმცა ის დარწმუნებულია, რომ The Black Sessions Revealed-ის დისკი მსმენელს იმდროინდელი R.E.M.-ის შესახებ დამატებით წარმოდგენას შეუქმნის.
„იმის გამო, რომ იმ პერიოდში ბევრ კონცერტს არ ვმართავდით, ახალი სიმღერების ცოცხლად მოსმენა ძალიან საინტერესოა. Up-ის სიმღერები პირველად სწორედ მაშინ შევასრულეთ ცოცხლად. Reveal ძალიან სტუდიური ალბომი იყო, რადგან ჩაწერამდე მისი სიმღერები კონცერტებზე არ შეგვისრულებია. R.E.M.-ის კარიერის პირველი ათი წლის განმავლობაში დავდიოდით ტურნეებში და სიმღერებს ექვსი თვე ან ერთი წელი ვუკრავდით. Reveal-ის დროს კი ყველაფერი ისე იყო, როგორც The Beatles-ის შემთხვევაში – ტურნესთვის ათი სიმღერისგან შემდგარი ჩანაწერის მომზადების ნაცვლად, ქმნი სტუდიურ ალბომს, რომელიც დამოუკიდებლად უნდა არსებობდეს. ვფიქრობ, ეს გარკვეულ თავისუფლებას გაძლევს, რომელიც შესაძლოა სხვაგვარად არ გქონდეს.”
ვანკუვერში, ათენში, მაიამისა და დუბლინში მიმდინარე ჩაწერების დროს R.E.M.-ის იდენტობაც გაძლიერდა იმ ტრავმის შემდეგ, რომელიც ჯგუფიდან ბერის წასვლას მოჰყვა. ეს ოცწლიანი კარიერის განმავლობაში ბენდის პირველი ცვლილება იყო.
„თანდათან კომფორტული ხდებოდა ის, თუ სად ვიყავით,” – ამბობს მილსი. „ყველა ის სირთულე, რომელიც ახალ რეალობასთან შეგუებას უკავშირდებოდა, უკან მოვიტოვეთ. გადავწყვიტეთ, რომ გაგრძელება გვინდოდა. კმაყოფილები ვიყავით, რომ დრამერად ჯოი უორონკერი გვყავდა, ხოლო პულტთან – პეტ მაკკარტი. თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე იყო. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოგონება ალბომის ჩაწერის ბოლო მესამედს უკავშირდება, რომელიც ირლანდიაში გავატარეთ.
ჩაწერა სახლში მიმდინარეობდა იმისთვის, რომ ეს არ ყოფილიყო რომელიმე ბიზნესუბანში მდებარე სტერილური სტუდია. ჩვენ ირლანდიის ულამაზეს ბუნებაში ვიყავით, ქალაქგარეთ, სახლში, რომელსაც უზარმაზარი პანორამული ფანჯარა ჰქონდა და მის მიღმა მწვანე მინდვრები იშლებოდა. ეს ჩაწერის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იყო, რაც კი შეიძლება გქონდეს.”
„მომავლისკენ სვლის შემართება ძალიან სასიამოვნო გრძნობა იყო. ტექსტების თვალსაზრისით, ეს არ არის აუცილებლად ბედნიერი ალბომი – სიმღერებში გარკვეული ეჭვებიც იგრძნობა – მაგრამ ემოცია, რომელსაც ის მიტოვებს, არის ზაფხულის სიხარულის განცდა. სევდაცაა, რადგან ზაფხული ყოველთვის მთავრდება და სკოლაში დაბრუნება გიწევს, ფოთლები ცვივა და ა.შ. თუმცა ბოლო სიმღერა Beachball კიდევ უფრო მეტ ზაფხულს გვპირდება. საერთო ჯამში ეს პატარა, სახალისო მოგზაურობაა და სწორედ ამიტომ მიყვარს ის.”
მილსის აზრით, სიმღერების წერის თვალსაზრისით Reveal „უფრო პიტერის ალბომია“, თუმცა არც ბასსა და კლავიშზე დაკვრის საკუთარ წვლილს აკნინებს. „ალბომში ორი სიმღერაა, რომლის ჩაწერის დროსაც სტუდიაში შევედი ისე, რომ მანამდე საერთოდ არ მქონდა მოსმენილი. ისინი უკვე უკრავდნენ და მეც უბრალოდ შევუერთდი“, – იხსენებს ის. „თუ The Lifting-ის მისამღერს მოუსმენთ, შეამჩნევთ, რომ ხშირად ძლიერ თვლაზე არ ვიწყებ დაკვრას, რადგან არ ვიცი, რა იქნება შემდეგი აკორდი. უნდა დაველოდო, რომ ჯერ აკორდი გაჟღერდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია დაკვრის დაწყება. ამან ბასის პარტია საბოლოოდ უკეთესიც კი გახადა. სწორედ ეს იყო ის სიხარული და თავდაჯერებულობა, რომელიც მაშინ გვქონდა – შემეძლო სტუდიაში შევსულიყავი, სიმღერა პირველად მომესმინა და მასში კარგი პარტია შემესრულებინა“.
R.E.M.-მა Up-ის მხარდასაჭერად ტურნე გამართა, თუმცა 2001 წელს გაცილებით შეზღუდული საკონცერტო გრაფიკი ჰქონდა, რაც მოიცავდა ასევე რადიო და სატელევიზიო გამოსვლებს ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, იაპონიასა და ავსტრალიაში.
„არასდროს გინდა, რომ ტურნეზე წასვლა ვალდებულებად იგრძნო“, – განმარტავს მილსი. „გინდა, რომ ეს სიმღერები შეასრულო და მსმენელს წარუდგინო, მაგრამ თუ მთელი გულით არ ხარ ჩართული, ეს ცუდი გადაწყვეტილებაა. ტურნე მსოფლიოში ყველაზე სახალისო რამ არის, მაგრამ ამავე დროს წარმოუდგენლად დამღლელი და რთულია და ვფიქრობ, იმ პერიოდში ჩვენ ყველანი კმაყოფილი ვიყავით ტურნეს გარეშე. უბრალოდ გადავწყვიტეთ, რომ უფრო შერჩევით მივუდგებოდით იმას, თუ სად და როდის შევასრულებდით ამ სიმღერებს და დავზოგავდით ენერგიას მომდევნო დიდი ტურნესთვის, რომელიც გარდაუვალი იყო.”
R.E.M. იმ იშვიათ ჯგუფებს მიეკუთვნება, რომლებმაც 2011 წელს დაშლის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვალეს და ხელახლა გაერთიანებას არ დათანხმდნენ. ჯგუფი 2024 წელს კვლავ შეიკრიბა, რათა კომპოზიტორთა დიდების დარბაზში შესვლის ცერემონიაზე Losing My Religion შეესრულებინა. 2025 წელს კი ოთხივე წევრი სცენაზე ერთად გამოვიდა მაიკლ შენონისა და ჯეისონ ნარდუჩის R.E.M.-ისადმი მიძღვნილ ჯგუფთან ერთად. მილსი კი დაჟინებით ამბობს, რომ უფრო სერიოზული რამის გაკეთების ცდუნებაც კი არ არსებობს.
„ჩვენ შეთანხმებული ვიყავით, რომ არასდროს გავერთიანდებოდით და რომ R.E.M.-ის ისტორია დასრულებული იყო“, – ამბობს ის. Songwriters Hall of Fame-ის ჯილდო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ჯილდოთაგანი იყო, რომლის მიღებაც ყველას ძალიან გვიხაროდა. ეს ჯილდო ჩვენთვის ყველაზე მეტს ნიშნავდა. იქ ერთი სიმღერა შევასრულეთ და ამან დაგვანახა: ‘კარგია, ყველაფერი დასრულებულია. ამის ხელახლა გაკეთება აღარ გვჭირდება’“. თუმცა მილსი აცნობიერებს, რომ მიუხედავად ჯგუფის არარსებობისა, R.E.M დღემდე ცოცხლობს მუსიკალურ სამყაროში იმ მემკვიდრეობის წყალობით, რომელსაც წლები ვერაფერს აკლებს.
„ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებოდით იმას, რომ მოდის გავლენის ქვეშ არ მოვქცეულიყავით“, – ამბობს მილსი. ყოველთვის გვინდოდა ისეთი ალბომები შეგვექმნა, რომ მათი მოსმენისას გეფიქრა: ‘ეს შეიძლება გუშინ იყოს ჩაწერილი, შეიძლება – ოცი წლის წინ ან საერთოდ ნებისმიერ დროს.’ ამ თვალსაზრისით, ჩვენი მუსიკა დღესაც შეიძლება ჟღერდეს სიახლედ და თანამედროვედ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი აღარ არის. სწორედ ამის მიღწევას ვცდილობდით და ვფიქრობ, გამოგვივიდა. ჩვენ ძალიან კარგი ჯგუფი ვიყავით და რაღაც განსაკუთრებული გვქონდა. არაერთი მართლაც შესანიშნავი სიმღერა დავწერეთ. ყველანი ნიჭიერი მუსიკოსები ვართ და კარგად ვიცით ჩვენი საქმე, მაგრამ განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ ამ მასშტაბის შესანიშნავი მუსიკალური კატალოგის შექმნა შევძელით“.
ჯგუფის წევრები ამჟამად დამოუკიდებლად აგრძელებენ მუსიკალურ საქმიანობას. მაიკლ სტაიპი პირველ სოლო ალბომზე მუშაობს, რომლის გამოსვლაც მომავალი წლის გაზაფხულზე იგეგმება, პირველი სინგლი კი ახალი წლის ღამეს გამოვა. პიტერ ბაკმა ახლახან ალბომი გამოსცა ვარსკვლავური შემადგენლობის Drink the Sea-სთან ერთად და ასევე უკრავს მაიკ მილსთან ერთად ჯგუფში Baseball Project. თავად მილსი კი Big Star Quintet-ის წევრია და კვლავ აგრძელებს საკუთარი ნაწარმოების – კონცერტი ვიოლინოს, როკბენდისა და სიმებიანი ორკესტრისთვის – სხვადასხვა ვერსიის შესრულებას.
გასულ კვირას მილსის კიდევ ერთმა ჯგუფმა Howl Owl Howl-მა, რომლის შემადგენლობაში არიან დარიუს რაკერი და ჯგუფ The Black Crowes-ის ყოფილი დრამერი სტივ გორმანი, ახალი სინგლი Everybody Wants Her გამოსცა და თებერვლის საკონცერტო ტურნეს თარიღებიც დააანონსა. ტრიოს სრულფასოვანი ალბომის გამოცემა ახალ წელს იგეგმება.
როგორც ჩანს, R.E.M.-ის საარქივო მასალის ახალი გამოცემებიც მოსალოდნელია, თუმცა მილსი ამ საკითხზე საუბრისას ფრთხილობს. „მე და პიტერი ადრე ხშირად ვსაუბრობდით იმაზე, რომ იქნებ არქივებში შეგვეხედა და გამოუქვეყნებელი ჩანაწერები გამოგვეტანა“, – ამბობს ის. „მაგრამ ეს საკმაოდ რთულ და შრომატევად საქმედ გვეჩვენებოდა. თანაც, ამ მასალის დიდი ნაწილი ისედაც გამოვიდა ხელახალი გამოცემების ფარგლებში. ჩვენ არ გვაქვს გადაუდებელი აუცილებლობის განცდა, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად გამოვუშვათ. ბევრი ჩანაწერი არც კი ყოფილა განკუთვნილი გამოსაქვეყნებლად. თუ მომდევნო რამდენიმე წელიწადში მოგვბეზრდება ყველაფერი და საარქივო მასალის ამოქექვა მოგვინდება, შესაძლოა ასეც მოვიქცეთ, მაგრამ ჯერჯერობით ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ“.