გიორგი მიქაძემ ახალი ალბომი გამოსცა. 11 ქართული კომპოზიციისგან შემდგარი Still Within ცნობილ ფრანგულ ლეიბლზე Studio Sextan – Label PeeWee გამოქვეყნდა. ჩანაწერი The Georgian Songbook-ის მეორე ნაწილს წარმოადგენს და მასში ქართველ მუსიკოსთან ერთად თანამედროვე ჯაზის ორი ლეგენდა მონაწილეობს: ლარი გრენადიერი (კონტრაბასი) და ჯეფ ბალარდი (დრამი).
Still Within-ის მუსიკალური კონცეფცია ქართული კინოსა და თეატრის მუსიკის, ხალხური მოტივებისა და თანამედროვე ჯაზის სინთეზს ეფუძნება. ალბომში გაერთიანებულია მე-20 საუკუნის ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები, ხალხური მუსიკალური თემები და თავად გიორგი მიქაძის სამი საავტორო კომპოზიცია.
ალბომის სახელწოდება Still Within (კვლავ ჩემში) იმ მუსიკალურ მეხსიერებასა და კულტურულ ფესვებს უკავშირდება, რომელიც მუსიკოსს ბავშვობიდან მოჰყვება.
„ეს პროექტი იმიტომ დავიწყე, რომ მსურდა, გამეზიარებინა იმ მელოდიების ნაწილი, რომლებზეც საქართველოში გავიზარდე. ისინი ზეპირად ვიცი, თუმცა როდესაც ფორტეპიანოსთან ლარისა და ჯეფის გვერდით დავჯექი, სრულიად ახლებურად მოვისმინე. სწორედ ეს არის ამ ალბომის შექმნის ერთ-ერთი უდიდესი სიხარული. თუ გაინტერესებთ, რომელი კომპოზიციით დაიწყოთ მოსმენა, გირჩევთ Tushuri-ს. მიხარია, რომ საბოლოოდ შემიძლია მთელი ალბომი გაგიზიაროთ!” – წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში.
ალბომის კონცეფციას ეხმაურება მისი გარეკანიც, რომელზეც ქართველი მხატვრის, ვერა ფაღავას 1965 წლის ფერწერული ნამუშევარი Concordance არის წარმოდგენილი, რითაც პროექტი ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის წარმოჩენას სახვითი ხელოვნების მიმართულებითაც აგრძელებს. ფრანგულმა ჯაზგამოცემა La Gazette Bleue d’Action Jazz-მა ალბომს უკვე მიანიჭა უმაღლესი შეფასება – ხუთი ვარსკვლავი.
„The Georgian Songbook – ქართულ სიმღერათა კრებული“ გიორგი მიქაძის მნიშვნელოვანი საავტორო პროექტია, რომლის მიზანიც ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობა და მისი ახლებურად, თანამედროვე ჯაზის ენით წარმოჩენაა. პროექტის პირველი ალბომის საერთაშორისო წარმატებამ მუსიკოსს შესაძლებლობა მისცა, მის მეორე ნაწილზე მსოფლიო ჯაზის გამორჩეულ წარმომადგენლებთან ერთად ემუშავა.
ლარი გრენადიერი და ჯეფ ბალარდი თანამედროვე ჯაზის საერთაშორისო სცენის პირველი რანგის მუსიკოსები არიან, რომლებიც ორი ათწლეულის განმავლობაში პიანისტ ბრედ მელდაუს ცნობილ ტრიოსთან თანამშრომლობდნენ და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ე.წ. კლასიკური ჯაზ-ტრიოს ფორმატის განვითარებაში. ამჯერად კი მათი შესრულებით საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეში უკვე ქართული კომპოზიციები დაიმკვიდრებს ადგილს.
მოუსმინეთ ალბომს: